ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„პოლიტიკა რუსეთის ენერგეტიკის სფეროში“


ოთხშაბათს, 10 მარტს, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტთან არსებულ საერთაშორისო კვლევების ცენტრში გაიმართა შეხვედრა თემაზე „პოლიტიკა რუსეთის ენერგეტიკის სფეროში,“ რომელსაც გაუძღვა შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს რუსეთისა და ევრაზიის განყოფილების ყოფილი უფროსი ქალბატონი ტობი გატი.

გამოსვლის დასაწყისში გატიმ აღნიშნა, რომ გასული ათწლეულის მანძილზე რუსეთის ენერგეტიკის სფეროში მნიშვნელოვანი კონსოლიდაცია განხორციელდა, რის შედეგადაც რუსეთის მთავრობამ ეკონომიკის ამ გადამწყვეტი მნიშვნელობის სექტორზე სრული კონტროლი დააწესა. შედეგად ენერგომატარებლების ექსპორტის როლი რუსეთის საგარეო პოლიტიკაში მკვეთრად გაიზარდა და კრემლი მეზობელი სახელმწიფოების ენერგეტიკული პოლიტიკითაც დაინტერესდა. ამას გარდა, რუსეთის ენერგეტიკულ სფეროში სახელმწიფო საკუთრების წილმა საგრძნობლად იმატა. ამ ტენდენციის ერთი მაგალითია სამთავრობო მონოპოლია როსატომი, რომელიც რუსეთის მთელ ბირთვულ სექტორს აკონტროლებს ბირთვული ელექტროსადგურებიდან დაწყებული და ატომური ყინულმჭრელი ხომალდებით დამთავრებული.

ევროპის დამოკიდებულება რუსეთის ენერგომატარებლებზე სულ უფრო იზრდება და რუსული ენერგეტიკული კომპანიები კრემლის წაქეზებით დასავლეთის ენერგეტიკულ სფეროში აქტივების შეძენას ცდილობენ. აქ აღსანიშნავი ის არის, რომ 2008 წლის შუა რიცხვებამდე ენერგომატარებლების მსოფლიო ბაზარზე ფასების განუწყვეტელმა ზრდამ იმდენად შეაგულიანა რუსი ოფიციალური პირები, რომ გაზეთ „ფაინენშლ თაიმსთან“ მიცემულ ინტერვიუში პრემიერ მინისტრის მოადგილემ და კომპანია „როსნეფტის“ ხელმძღვანელმა იგორ სეჩინმა ისიც იწინასწარმეტყველა რომ 2009 წელს ნავთობზე ფასი 250 დოლარამდე გაიზრდებოდა. მაგრამ ნავთობსა და ბუნებრივ აირზე ფასების დაცემამ, რუსული ენერგომატარებლების ევროპელ მომხმარებლებს შორის განწყობის შეცვლამ და გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა კრემლს იმედები გაუცრუა. მოსკოვმა დაინახა, რომ რუსეთი გლობალურ ეკონომიკაზე დამოკიდებული ქვეყანაა, რაც ყველაზე ნათლად გამოიხატება იმაში, რომ რუსეთს სურსათის ნახევარი საზღვარგარეთიდან შემოაქვს.

გატიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ შუა აზიის ენერგორესურსების წარმატებული ათვისება და ექსპორტი ევროპაში პრემიერ მინისტრ ვლადიმირ პუტინის პირადი დიპლომატიის დამსახურებაა რადგან იგი ხშირად მოგზაურობს ამ რეგიონში და მას ძალზედ მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებს რეგიონის ავტორიტარულ ლიდერებთან. ამის საპრისპიროდ შეერთებული შტატები შუა აზიის რეგიონს ნაკლებ ყურადღებას უთმობს და იქ მხოლოდ მაღალჩინოსან დიპლომატებს აგზავნის. მაგალითად, თურქმენეთში, სადაც მოცულობის მიხედვით ბუნებრივი აირის საბადოები მსოფლიოში მეოთხე ადგილს იკავებს, შეერთებული შტატების ელჩი დღემდე არ არის დანიშნული.

გატიმ აგრეთვე აღნიშნა, რომ რუსეთის ენერგეტიკული სექტორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაკლოვანება ის არის, რომ რუსული ენერგოკომპანიები ტექნოლოგიურ ინვესტიციებზე შემოსავლების მხოლოდ 0.3 პროცენტს ხარჯავენ. ეს კი ენერგომატარებელთა წარმოების შემცირებაში აისახება და შედეგად ამჟამად ბუნებრივი აირის წარმოებაში შეერთებული შტატები რუსეთს უსწრებს. გატიმ მოსკოვში მდებარე პოსტ-ინდუსტრიალური საზოგადოებების კვლევების ცენტრის დირექტორის ვიაჩესლავ ინოზემცევის სიტყვები მოიშველია, რომ რუსეთი როგორც გლობალური ენერგომატარებლების ძალა თანდათანობით ქრება.

უკრაინასთან დაკაშირებით გატიმ აღნიშნა, რომ თუ ახლად არჩეული ხელმძღვანელობა ქვეყნის შიგნით ენერგომატარებლებზე ფასებს გაზრდის, ენერგეტიკულ სექტორში ეფექტურობას აამაღლებს და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს, მაშინ სულაც არ არის გამორიცხული, რომ უკრაინა ენერგომატარებლეის ექსპორტიორი ქვეყანა გახდეს. გატის მიაჩნია, რომ იანუკოვიჩის პრო-რუსული ორიენტაციის მიუხედავად, თუ მან უკრაინაში დემოკრატიული მიღწევები შეინარჩუნა და გააღრმავა, მაშინ უკრაინა რუსეთზე ძალზედ დადებით გავლენას მოახდენს.

შეხვედრის ბოლოს ამერიკის ხმის ქართული რედაქციის კითხვაზე, თუ როგორ დაახასიათებდა იგი სამხრეთის დინების, ჩრდილოეთის დინებისა და ნაბუქოს გაზსადენების პროექტების განხორციელების წარმატებას, გატიმ დასძინა:

„ამ მილსადენებს შორის შეჯიბრი უკვე დიდი ხნის მანძილზე მიმდინარეობს. და მე ვფიქრობ, რომ ამ შეჯიბრში ჩრდილოეთის დინებამ ფინიშის ხაზს გადააცილა და აშენდება. მილები მზად არის, სათანადო ნებართვები მოპოვებულია და, რაც მთავარია, ამ პროექტში ჩართული ქვეყნები გაზსადენის მშენებლობაში ნამდვილად დაინტერესებულები არიან. გერმანიას სატრანზიტო ქვეყნის როლის შესრულება სრულს. რუსეთს ბუნებრივი აირის ექსპორტის დივერსიფიკაცია სურს რათა გაზის მიწოდება არ მოხდეს ისეთი ქვეყნების გავლით ვისთანაც მოსკოვს პრობლემები აქვს. მე ვიმედოვნებ, რომ ამ პროექტის განხორციელებისას პოლონეთის მოთხოვნებსაც დააკმაყოფილებენ, მაგრამ ასეა თუ ისე ჩრდილოეთის დინება მალე რეალობად იქცევა. რაც შეეხება სამხრეთის დინებასა და ნაბუქოს, არ არის დასამალი რომ ამ ორ პროექტს შორის მიმდინარეობს მწვავე შეჯიბრი. აქ ჩვენ ყველაზე მნიშვნელოვან კითხვებს უნდა დავუბრუბდეთ - ვისი სახსრებით აშენდება ეს გაზსადენები და რომელი ბუნებრივი აირის საბადოდან შეივსება ისინი? როგორც წესი, ჯერ საჭიროა საბადოს პოვნა და მერე გაზსადენზე ფიქრი, აქ კი პირიქით ხდება. როგორც მოგეხსენებათ ნაბუქოს გაზსადენის მშენებლობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზი არის შუა აზიის ბუნებრივ გაზზე რუსეთის მონოპოლიის განეიტრალება. ხალხს ეს კარგად ესმის და მე იმედი მაქვს, რომ სათანადო სახსრები შეგროვდება, მაგრამ ჯერ-ჯერობით კვლავინდებურად გაურკვეველი რჩება ის, თუ რომელი ბუნებრივი აირის საბადოდან შეივსება ეს გაზსადენი. რაც შეეხება სამხრეთის დინებას, რამდენიმე ქვეყანა თანამშრომლობისთვის მზად არის, მაგრამ ეს შეჯიბრი გაგრძელდება მანამ ვიდრე რომელიმე მხარე მოიპოვებს საჭირო სახსრებს და ბუნებრივი აირის საბადოს.“


XS
SM
MD
LG