ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთის მზარდი ეკონომიკა აშშ-თვის საფრთხეს არ წარმოადგენს


ამერიკელი ფუტურისი მწერალი ჯონ ნეისბიტი იხსენებს იმას თუ რა შთაბეჭდილება მოახდინა მასზე ჩინეთმა ორმოცი წლის წინ:

„გასული საუკუნის სამოციან და სამოცდაათიან წლებში ჩინეთი დაუჯერებლად პრიმიტიული ქვეყანა იყო. ახლა კი ჩინეთის ქალაქები მსოფლიოს ყველაზე მოდერნიზირებულ ქალაქებად იქცა. აქ ყველაზე ახალი სატრანსპორტო საშუალებები მოქმედებს". ამბობს იგი.

ამერიკასა და ჩინეთში სულ ახლახანს გამოცემული ახალი წიგნის საშუალებით მწერალი ცდილობს იმის ახსნას თუ როგორ მოახერხა ჩინეთმა ამგვარი ტრანსფორმირება:

ქვეყნის მთავრობა გეგმას სახავს, საგანგებო ეკონომიკურ ზონებს გამოყოფს და მოქმედების ჩარჩოებს ადგენს. ხალხს კი ამ ჩარჩოებში მოქმედება ძალუძს. თითქმის ყველაფერი ხალხისგან მომდინარეობს". აგრძელებს იგი.

მას შემდეგ, რაც გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში ჩინეთის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა დენ სიაოპინმა რეფორმების გატარება გადაწყვიტა. კაპიტალიზმმა ნელ-ნელა სოციალისტური წყობის შეცვლა დაიწყო:

„დენ სიაოპინს კარგად ესმოდა ის, რომ კომუნისტურ წყობას ჩინეთისთვის დიდი სიკეთე არ მოჰქონდა. ცენტრალურ დაგეგმარებას ქვეყნის სიღარიბიდან ამოყვანა არ ძალუძდა. მან გააცნობიერა ის, რომ ჩინეთი საბაზრო ეკონომიკის გზით უნდა განვითარებულიყო და ეს კი ხალხის შესაძლებლობების გამოყენებას და ჩინეთის ეკონომიკის ზრდას შეუწყობდა ხელს". გვეუბნება მწერლის მეუღლე დორისი, რომელიც ასევე მწერალია. ჯონ ნეისბიტის აზრით კი ჩინეთის წარმატების ერთ-ერთ მთავარ მიზეზს პრობლემისადმი ეხსპერიმენტული მიდგომა წარმოადგენს:

„ჩინელები უამრავი იდეით არიან დახუნძლულნი. ესენია საწყის ეტაპზე გადასახადებისგან გათავისუფლება, სპეციალური სავაჭრო პირობების შექმნა და ასე შემდეგ. შედეგი სახეზეა. ჩინელებმა ის იდეები დაივიწყეს, რომლებიც შედეგს არ იძლეოდა და მხოლოდ ისინი შეინარჩუნეს, რომლებმაც გაამართლა". ამბობს ჯონ ნეისბიტი.

თანამედროვე ჩინეთი უბრალო მიმბაძველისგან გამომგონებლად და ნოვატორად გარდაიქმნა. აქ ბიოტექნოლოგიები, ელექტრო-ავტოინდუსტრია და კომპიუტერული ტექნოლოგიები ვითარდება:

„ჩინური ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიის „ბი უაი დის" ხელმძღვანელის ბატონი ვანგის თქმით, ჩინეთს ჩვეულებრივ საწვავზე მომუშავე ავტომობილების წარმოებით დასავლულ კომპანიებთან კონკურენცია არ ძალუძს, მაგრამ ელექტრომობილების ინდუსტრია კი ყველგან ერთნაირადაა განვითაეებული და ეს კი ჩინეთს და განვითარებული ავტოინდუსტრიის მქონე ქვეყნებს თანაბარ მდგომარეობაში აყენებს". გვეუბნება ბატონი ნეისბიტი.

ტრანსფორმაციის პროცესში ჩინეთმა ახალი პოლიტიკური სისტემაც შექმნა:

„ასეთ სისტემას ჩვენ „ვერტიკალურ დემოკრატიას" ვუწოდებთ. დირექტივები ზევიდან მომდინარეობს, ხოლო ინიციატივები კი ქვემოდან. მოსალოდნელია, რომ გარკვეული დროის შემდეგ ჩინეთის კომუნისტურ პარტიას სახელის შეცვლაც მოუწევს, ვინაიდან ეს სახელი პარტიის რეალურ იდეოლოგიას უკვე აღარ შეესაბამება". თვლის დორის ნეისბიტი. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა თაობა უფრო ფართო თავისუფლებებით სარგებლობს, ვიდრე უფროსი სარგებლობდა, ჩინეთის მაკრიტიკებლები აღნიშნავენ, რომ ქვეყნის მთავრობა კერ კიდევ მკაცრად აკონტროლებს რელიგიას, იურისპუდენციას, მედიას, ინტერნეტს და ქვეყნის ცხოვრების სხვა ასპექტებს. თუმცა უკანასკნელი ოცდაათი წლის განმავლობაში ჩინეთის ერთიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლელი ყოველწლიურად ათი პროცენტით იზრდება. მალე კი ჩინეთი მსოფლიოს მეორე უმსხვილეს ეკონომიკად გარდაიქმნება:

„ჩინეთთან კონკურენცია და თანამშრომლობა თუ გსურთ უნდა ფერხულში ჩაებათ და ის შესაძლებლობები გამოიყენოთ, რომლებსაც ეს ქვეყანა მთელ მსოფლიოს სთავაზობს". ასრულებს ჩვენთან საუბარს ჯონ ნეისბიტი.

XS
SM
MD
LG