ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლინტონი ნატოსა და რუსეთს ურთიერთთანამშრომლობისკენ მოუწოდებს


აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განცხადება გააკეთა ვაშინგტონში გამართულ სემინარზე, რომელზეც საუბარი იყო ნატოს სამომავლო სტრატეგიულ მიზნებზე. კლინტონმა ნატოს მოუწოდა ახალ მიდგომას მიმართოს, რათა უფრო ეფექტურად გაუმკლავდეს ისეთ პრობლემებს როგორიცაა ტერორიზმი და მსოფლიოში ბირთვული იარაღის გავრცელება. როგორც ჰილარი კლინტონმა თქვა საჭიროა ისეთ ურთიერთთანამშრომლობას ჩაეყაროს საფუძველი ნატოსა და რუსეთს შორის, რომელიც კონკრეტულ რეზულტატებზე იქნებოდა აგებული. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი რუსეთს კიდევ ერთხელ აკრიტიკებს და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას სთხოვს. "უნდა ვაიძულოთ რუსეთი, საქართველოსთან მიმართებაში ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს. არც ერთ ქვეყანას არა აქვს უფლება, ვეტო დაადოს ნატო-ს გაფართოებას და დამოუკიდებელ სახელმწიფოს ალიანსის წევრობა აუკრძალოს. საქართველო სუვერენული ქვეყანაა და მის გადაწყვეტილებებს ყველამ პატივი უნდა სცეს!" - განაცხადა ჰილარი კლიტონმა და დასძინა, რომ "საერთაშორისო საზოგადოებამ რუსულ მხარეზე ზემოქმედების ბერკეტები უნდა გააძლიეროს!". პოლიტოლოგი ნიკა ჩიტიძე მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონმა მოსკოვს შესთავაზა განტვირთვის პოლიტიკა და ასევე აღდგა ურთიერთობა ნატოსა და რუსეთს შორის, ამერიკა ნათლად აცნობიერებს იმას, რომ რუსეთს საქართველოსთან მიმართებაში გარკვეული ვალდებულებები აქვს აღებული, რომელიც მან არ შეასრულა. სწორედ ამის გამო კლინტონი ნატოსა და რუსეთს შორის ურთიერთთანამშრომლობის მოწოდების პარალელურად საერთაშორისო საზოგადოებრიობას ასევე მოუწოდებს რუსულ მხარეზე ზემოქმედების ბერკეტები გააძლიეროს, იმისათვს რომ რუსეთმა საქართველოს მიმართ ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს.

XS
SM
MD
LG