უკრაინის ამჟამინდელი პრემიერ მინისტრის იულია ტიმოშენკოს მიერ კიევის სასამართლოში არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებული სარჩელის შეტანის მიუხედავად, გამარჯვებული იანუკოვიჩის ინაუგურაცია 25 თებერვალსაა დანიშნული. უკრაინაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ დაკვირვებებსა და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეფასებას ამერიკის ხმის ქართულ რედაქციასთან აკეთებს უკრაინის საკითხების ექსპერტი, კანადის ტორონტოს უნივერსიტეტთან არსებული უკრაინულ კვლევათა ცენტრის უფროსი მკვლევარი და ინტერნეტ გამოცემა „იუკრაინ ანალისტის“ მთავარი რედაქტორი ტარას კუციო.
უკრაინაში ახლახან ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეფასებისას ბატონმა კუციომ აღნიშნა, რომ საქართველოსგან განსხვავებით უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ხმების უმნიშვნელო რაოდენობით არის შესაძლებელი და ამ მხრივ ბოლო არჩევნები გამონაკლისს არ წარმოადგენდა რადგან იანუკოვიჩმა ამომრჩეველთა ხმების მხოლოდ სამი პროცენტით გაუსწრო იულია ტიმოშენკოს. იანუკოვიჩი უკრაინის თანამედროვე ისტორიაში აგრეთვე პირველი პრეზიდენტი იქნება, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების ნახევარზე მეტი არ მიიღო. ამასთან დაკავშირებით კუციომ აგრეთვე აღნიშნა:
„მას უკრაინელ ამომრჩეველთა ხმების მხოლოდ ერთმა მესამედმა დაუჭირა მხარი. მას აგრეთვე არ გაუმარჯვია უკრაინის რეგიონების უმეტესობაში. ამდენად მას საკმაოდ მცირე ლეგიტიმურობა გააჩნია.“
კუციოს მიაჩნია, რომ წაგების მიუხედავად ტიმოშენკომ არჩევნების მეორე რაუნდში საკმაოდ შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწია, რაც იმით აიხსნება, რომ მან იანუკოვიჩის წინააღმდეგ მიმართული ნეგატიური ხმების უმეტესობა მოიპოვა. მას აგრეთვე მხარი დაუჭირეს არჩევნების პირველ რაუნდში დამარცხებული კანდიდატების - არსენი იაცენუკისა და სერჰეი ტიჰიპკოს - მომხრეებმა. უნდა აღინიშნოს, რომ არჩევნების პირველ რაუნდში იაცენიუკმა და ტიჰიპკომ შესაბამისად მესამე და მეოთხე ადგილები მოიპოვეს. ამგვარად ტიმოშნეკომ, რომელმაც არჩევნების პირველ რაუნდში ხმების 25 პროცენტი მიიღო, არჩევნების მეორე რაუნდში შთამბეჭდავი 45 პროცენტი მოიპოვა, რაც თავისთავად საკმაოდ მნიშვნელოვან მიღწევას ნიშნავს. კუციოს თქმით:
„მე ვფიქრობ, რომ ვინაიდან ტიმოშენკო მხოლოდ სამი პროცენტით დამარცხდა, ეს იმას ნიშნავს, რომ იანუკოვიჩს ძალზედ ფრთხილი პოლიტიკის გატარება მოუწევს და მას ყოფილ იუშჩენკოს ბანაკში ეროვნულ-დემოკრატების გარკვეულ ჯგუფთან კომპრომისზეც წასვლა მოუხდება.“
კუციო დარწმუნებულია, რომ ტიმოშენკოს არჩევნებში გამარჯვება შეეძლო, მაგრამ მის წარუმატებლობაში მთავარი როლი ვიქტორ იუშჩენკოს მიუძღვის. ამას გარდა ტიმოშენკოს დამარცხება სხვა ფაქტორებითაც იყო განპირობებული. მაგალითად თუნდაც ის რომ ტიმოშენკო პრემიერ მინისტრის თანამდებობას გლობალური ეკონომიკური კრიზისის ფონზე იკავებდა.
„მაგრამ ტიმოშენკოს მთავარი პრობლემა ის იყო, რომ მეორე რაუნდის დროს იუშჩენკომ თავის მომხრეებს მოუწოდა და განსაკუთრებით კი დასავლეთ უკრაინელ ნაციონალისტურად განწყობილ ამომრჩევლებს ორივე კანდიდატის წინააღმდეგ მიეცათ ხმა. იგი დაუსაბუთებლად ამტკიცებდა, რომ ორივე კანდიდატი ეგრედწოდებულ ‘მოსკოვის პროექტებს’ წარმოადგენდნენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამომრჩეველთა სამი, ოთხი ან ხუთი პროცენტი ან სახლებში დარჩა ანდა საარჩევნო უბნებში მისვლისას ორივე კანდიდატს უნდობლობა გამოუცხადა. შედეგად ამას შესაძლოა ტიმოშენკოს დამარცხება მოჰყვა. ყოველ შემთხვევაში სწორედ ასეთი წარმოდგენა აქვს მომხდარზე თვით ტიმოშენკოს და მე მიმაჩნია რომ ეს გამართლებული შეხედულებაა რადგან თუ მეორე რაუნდის დროს ვიქტორ იუშჩენკოს არაფერს იტყოდა ანდა ტიმოშენკოს მხარდაჭერას გამოუცხადებდა, მაშინ ტიმოშენკო დღეს პრეზიდენტი იქნებოდა.“
კითხვაზე შეცვლის თუ არა იანუკოვიჩი დამოკიდებულებას სევასტოპოლის საზღვაო ბაზაზე რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დარჩენასთან დაკავშირებით კუციომ აღნიშნა, რომ თუ იანუკოვიჩს უკრაინის პარლამენტში ეროვნულ-დემოკრატების მხარდაჭერა სურს, რომლებიც „ჩვენი უკრაინის“ ფრაქციაში შედიან, მაშინ იგი ამგვარი საკამათო საკითხების შესახებ კომენტარებისგან თავს შეიკავებს. ამ ფრაქციის მხარდაჭერა მისთვის გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს, რადგან ეს მას მმართველი კოალიციის შექმნას გაუადვილებს, რაც თავის მხრივ მას ახალი მთავრობის შექმნის შესაძლებლობას მისცემს. ამდენად რეგიონების პარტიისთვის საპარლამენტო კოალიციისა და ახალი მთავრობის შექმნის ერთადერთი გზა არსებობს - ეს არის ის, რომ რეგიონების პარტიასა და „ჩვენი უკრაინის“ ფრაქციას შორის კოალიცია უნდა შეიქმნას.
გასათვალისწინებელია ისიც რომ იანუკოვიჩის აშკარად პრო-რუსული საარჩევნო კამპანიის დაპირებების შესრულება დამოკიდებულია იმაზე თუ რა სახის კოალიცია შეიქმნება პარლამენტში და თუ როგორი შემადგენლობის იქნება ახალი მთავრობა. რეალობა ის არის, რომ რეგიონების პარტია პარლამენტში ძალაუფლებაზე მონოპოლიის დაწესებას ვერასოდეს ვერ შესძლებს. უკრაინა საპარლამენტო რესპუბლიკაა და ისეთ მწვავე საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღება, როგორიც არის რუსული ენისთვის მეორე სახელმწიფო ენის სტატუსის მინიჭება ანდა სევასტოპოლის ბაზის რუსეთის შავი ზღვის ფლოტისთვის იჯარით გამოყენების გაგრძელება, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას მოითხოვს, რაც შეუძლებელი იქნება რადგან იანუკოვიჩი პარლამენტში სამასი ხმის მოპოვებას უბრალოდ ვერ შესძლებს.
რაც შეეხება იანუკოვიჩის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის შესაძლო აღიარების საკითხს ბატონამ კუციომ დასძინა:
„2008 წლის სექტემბერში რეგიონების პარტიამ და კომუნისტებმა ყირიმისა და უკრაინის პარლამენტებში ერთობლივად საქართველოს სეპარატისტული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღირებას მხარი დაუჭირეს. რეზოლუცია აღიარების თაობაზე მიღებულ იქნა მხოლოდ ყირიმის პარლამენტში. ყირიმის პარლამენტში ამ რეზოლუციის მიღება კი განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ იანუკოვიჩის მომხრეთა ბლოკში რეგიონების პარტიის გარდა შედის ორი ექსტრემისტული რუსული ნაციონალისტური ჯგუფი. საქართველოსა და მოლდოვაში სეპარატიზმის მხარდაჭერა ყირიმის პარლამენტში აიხსნება იმით, რომ რეგიონების პარტია ამ ორ რუსულ ნაციონალისტურ ჯგუფს ემხრობა.
იმავდროულად აღსანიშნავია, რომ თავისი პოლიტიკური კამპანიის მსვლელობისას იანუკოვიჩს საქართველოში სეპარატიზმის საკითხი ერთხელაც არ უხსენებია. მე ვფიქრობ რომ ამ საკითხს დიდი მნიშვნელობა ექნება ბრიუსელის მხრიდან იანუკოვიჩის მიმართ დამოკიდებულების მხრივ რადგან დასავლეთის არცერთი ქვეყანა არ მოიწონებს იანუკოვიჩის მიერ საქართველოს ტერიტორიის ამ ორი ნაწილის დამოუკიდებლკობის აღიარებას. მართალია იანუკოვიჩი ჯერ-ჯერობით არაფერს ამბომს ამასთან დაკავშირებით, მას უთუოდ პრობლემები გაუჩნდება რადგან ყირიმის პარლამენტში მის რეგიონების პარტიას ექსტემისტ რუს ნაციონალისტებთან ძალზედ მჭიდრო კავშირი აქვს. მას ყირიმში დიდი პრობლემები შეექმნება რადგან მან იქ სეპარატიზმისთვის პანდორას ყუთი გახსნა - თუ იანუკოვიჩის მიხედვით სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელია, მაშინ რატომ არ არის დამოუკიდებელი ყირიმიც?“