ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპის ბირთვული შემაკავებელი სისტემა


გერმანიის ახალი კოალიციური მთავრობა ევროპიდან შეერთებული შტატების ბირთვული რაკეტების დემონტაჟის ინიციატივით გამოვიდა. ლონდონში მდებარე კვლევითი ორგანიზაციის განცხადებით გერმანიის მთავრობის ინიციატივა უცილობლად გლობალურ დებატებს გამოიწვევს გლობალური უსაფრთხოების კონტექსტში ბირთვული შეიარაღების როლის შესახებ.

2009 წლის აპრილში პრაღაში გამოსვლისას შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბირთვული შეიარაღებისგან თავისუფალი მსოფლიოს მშენებლობის ინიციატივით გამოვიდა. ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ბარაკ ობმამა განაცხადა:

„შეერთებული შტატები ბირთვული შეიარაღებისგან თავისუფალი მსოფლიოსკენ გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამს. ცივი ომის დროინდელი აზროვნების აღმოფხვრის მიზნით ჩვენ შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების სტრატეგიაში ბირთვული შეიარაღების როლს შევამცირებთ და ჩვენ სხვა სახელმწიფოებსაც იგივეს მოუწოდებთ. იმადვროულად უნდა აღვნიშნო, რომ სანამ ამგვარი შეიარაღება არსებობს, შეერთებული შტატები ბირთვული შეიარაღების უსაფრთხო და ეფექტურ არსენალს შეინარჩუნებს რათა ნებისმიერი მტრის შეკავება შესაძლებელი და ჩვენი მოკავშირეების უსაფრთხოება გარანტირებული იყოს, ჩეხეთის ჩათვლით."

როგორც მოსალოდნელია, ობამას ადმინისტრაცია ბირთვული პოლიტიკის ამსახველ დოკუმენტს შეერთებული შტატების კონგრესს თებერვალში მიაწვდის. ამასობაში გერმანიის მთავრობა გერმანიიდან და საერთოდ ევროპიდან შეერთებული შტატების ტაქტიკური ბირთვული შეიარაღების გაყვანის ინიციატივით გამოვიდა.

ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი ჯორჯ რობერტსონი გერმანიის მთავრობის ინიციატივას არ ეთანხმება.

„მე ვფიქრობ, რომ მათ არ აქვთ სათანადადოდ გააზრებული ის თუ რამდენად დიდი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს ამერიკულ ბირთვულ ქოლგას და თუ რამდენად სახიფათო და სარისკოც იქნება ყველა შესაძლო შედეგის გათვალისწინების გარეშე ამერიკის ბირთვული გარანტიის ერთი კომპონენტის ჩამოშორება," აღნიშნავს რობერტსონი.

რობერტსონი აღნიშნავს, რომ ერთი შედეგი ბირთვული ესკალაცია იქნება რადგან სახელწმიფოები თავს დაცულად ვერ იგრძნობენ. რობერტსონის თქმით:

„ეს ევროპას ვერ დაიცავს. ევროპა ბირთვულ შეიარაღებაზე ნაკლებად დამოკიდებულიც ვერ გახდება. პირიქით, შედეგად ევროპის კონტინენტზე შეიძლება კიდე უფორ მეტი ბირთვული შეიარაღება გაჩნდეს. ეს კი ბირთვული შეიარაღების შემცირების მრავალმხრივ ინიციატივას ძირს გამოუთხრის."

ევროპის უმთავრესი უსაფრთხოების სტრუქტურა ნატოს ალიანსია, რომელშიც 28 ქვეყანა შედის, ევროპის, შეერთებული შტატებისა და თურქეთის ჩათვლით. ალიანსის წესდების მეხუთე მუხლი კოლექტიური თავდაცვის გარანტიას იძლევა. პენტაგონის ყოფილი ოფიციალური პირი ფრენკლინ მილერი აღნიშნავს, რომ სწორედ ეს მუხლი არის იმის მიზეზი რომ ალიანსში გაწევრიანება ბევრ სახელმწიფოს სურს. მისი თქმით:

„მე ვფიქრობ, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ალიანსში შევიდნენ ძირითადად იმის გამო, რომ მათ ნატოსგან ტერიტორიული ხელშეუხებლობის გარანტია მიიღეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ევროპაში ომი აღარ მოხდება. ანუ ევროპაში არა მხოლოდ ბირთვულ ომს, არამედ ჩვეულებრივ ომს და შეიარაღებულ აგრესიას ადგილი არ ექნება. კაცობრიობის ისტორიაში ნატო ყველაზე წარმატებული თავდაცვითი ალიანსია. ხოლო ამის მთავარი მიზეზი კი ის არის რომ მეხუთე მუხლის გარანტია ბირთვულ ელემენტს ეყრდნობა."

გერმანიის მთავრობის ევროპიდან ბირთვული შეიარაღების გაყვანის ინიციატივასთან დაკავშირებით მილერმა და რობერტსონმა და ჰუვერის ინსტიტუტის უშიშროების საკითხების ექსპერტმა კორი შოკეიმ ანალიტიკური მოხსენება სათურით „გერმანიამ პანდორას ყუთი გახსნა" გამოაქვეყნეს. შოკეის თქმით:

„რუსეთს 5,400 ტაქტიკური ბირთვული რაკეტა გააჩნია. მე მგონი, რომ ნატოს ინტერესებში და, ჩემის აზრით, რუსეთის ინტერესებშიც შედის ის, რომ შეიარაღების ამ კატეგორიაზე დაწესდეს კონტროლი,რაც ისეთი ხელშეკრულების გაფორმებას მოითხოვს, რომელიც ევროპის უშიშროებას გააძლიერებს."

ხსენებული ანალიტიკური მოხსენების ავტორი რობერტსონი აღნიშნავს, რომ ამ საკითხის განხილვა დადებითი მოვლენაა.

„ეს ჩვენ აევროპაში მოკლე რადიუსის ბირთვული შეიარაღების შემცირების ახალ შესაძლებლობას გვაძლევს. ამ მიზნით რუსეთთან მოლაპარაკების წარმართვაა საჭირო, რათა შეიარაღების შემცირება პარალელურად, ორივე მხარემ განახორციელოს. ეს კი დიდ გარიგებას ნიშნავს, რაც რუსეთს დაარწმუნებს, ევროპაში ბირთვულ შეიარაღებას შეამცირებს და ალიანსში სოლიდარობას შეინარჩუნებს," აღნიშნავს რობერტსონი.

ანალიტიკოსები აღნიშანვენ, რომ ადრე თუ გვიან ევროპაში ბირთვული შეიარაღების შესახებ დებატები ირანთან საერთაშორისო თანამეგობრობის ურთიერთობაზე მოახდენს გავლენას, რადგან თურქეთი, რომელიც ნატოს წევრი სახელმწიფოა, ირანსა და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებს ესაზღვრება. შოკეის მიაჩნია, რომ ეს საკითხი თურქეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ თემას წარმოადგენს. შოეკი დასძენს:

„ყველა დანარჩენ ნატოს წევრ სახელმწიფოსთან შედარებით თურქეთს ყველაზე რთული პრობლემები გააჩნია. ირანის მიერ ბირთვული შეიარაღების შეძენის შესაძლებლობა თურქებს თავიანთ უსაფრთხოებაზე დააფიქრებს. შედეგად არსებული წესრიგის შესაბამისობის თაობაზე მათ ეჭვები გაუჩნდებათ. ჩვენ როგორც ნატოს მოკავშირეები უნდა დავეხმაროთ თურქებს რათა მათ უფრო უსაფრთხოდ იგრძნონ თავი და შედეგად ისეთი გადაწყვეტილებები მიიღონ, რომლებიც ჩვენთვის სასარგებლო იქნება."

გერმანიის დამოკიდებულებამ მწვავე დებატები გამოიწვია, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია ობამას ადმინისტრაციის შეხედულებაზე ბირთვული შეიარაღებისა და მისი როგორც პოტენციური შემაკავებელი ფაქტორის გამოყენების მიმართ.

XS
SM
MD
LG