ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეირანი ურანს ლაზერით გაამდიდრებს


ირანის მთავრობამ საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს ურანის უფრო მაღალ დონეზე გამდიდრების შესახებ მოახსენა

კვირას, 7 თებერვალს, ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ურანს უფრო მაღალ დონეზე გაამდიდრებს. ეს პროცესი დღეს უნდა დაიწყოს. მსოფლიოს უძლიერესი ქვეყნები თეირანზე ზეწოლას ახდენენ რათა ირანი ურანის საზღვრებს გარეთ გამდიდრებაზე დაითანხმონ. მაგრამ ჯერ-ჯერობით ირანი ხსენებულ შეთანხმებას უარყოფს. შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის რობერტ გეიტსის თქმით საერთაშორისო თანამეგობრობას ჯერ კიდევ აქვს დრო სანქციებისთვის ვიდრე ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების აუცილებლობა გარდაუვალი გახდება.

ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა საერთაშორისო თანამეგობრობა დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა, როცა მან ირანის ატომური ენერგიის სააგენტოს ურანის უფრო მაღალ დონეზე გამდიდრება ურბძანა.

მისი თქმით, თეირანს ურანის გამდიდრება ლაზერის ტექნოლოგიის გამოყენებით შეუძლია. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ურანის გამდიდრება 20 პროცენტამდე გაიზრდება. ხოლო ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ დონეზე გამდიდრებული ურანი თეირანის კვლევითი რეაქტორისთვის საწვავად გამოდგება.

მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები შიშობენ, რომ ირანი გამდიდრებულ ურანს ბირთვული შეიარაღების წარმოებისთვის გამოიყენებს.

შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი რობერტ გეიტსი, რომელიც ევროპაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, აღნიშნავს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას ჯერ კიდევ აქვს დრო სანქციების შემოღებისთვის ვიდრე ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენება გარდაუვალი გახდება. მისი თქმით:

„ზეწოლის წერტილი უნდა იყოს ის, რომ ირანელები მოლაპარაკების მაგიდას უნდა დაუბრუნდნენ რათა ეს საკითხი გადაიჭრას ისეთნაირად, რომ ირანმა ბირთვული შეიარაღება არ მიიღოს. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ერთმანეთს ვეთანხმებით, რომ, როგორც ჩანს, შემდეგი ნაბიჯი საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან გარკვული ზომების მიღება იქნება.“

პრეზიდენტმა აჰმადინეჟადმა კი დასავლეთი ირანში სამეცნიერო პროგრესის შეფერხებაში დაადანაშაულა.

„მე მათ ვეტყვი, რომ ისინი შეცდომას უშვებენ. ისინი ირანული ერის განვითარების შეჩერებას ვერ შესძლებენ.“

უნდა აღინიშნოს, რომ ირანმა მის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული გაეროს დაწესებული სანქციები სამჯერ უგულვებელყო.

თავდაცვის მინისტრი გეიტსი საერთაშორისო თანამეგობრობას ირანის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე რაუნდის შემოღებას მოუწოდებს. ამასთან დაკავშირებით გეიტსმა განაცხადა:

„მე ვფიქრობ, რომ ის ზეწოლა, რომელიც ირანის მთავრობაზეა გამახვილებული და არა ხალხზე, უფრო წარმატებული იქნება. ჩვენ კარგად ვხედავთ იმას რაც ირანში ხდება. მე ვფიქრობ, რომ თუ ეს აბსოლუტურად არ არის აუცილებელი საერთაშორისო თანამეგობრობას ირანელი ხალხის გაჭირვება ნამდვილად არ სურს.“

საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს ეგიდით გაფორმდა გარიგება რომელიც თეირანიდან ურანის საზღვარგარეთ გასამდიდრებლად გაგზავნას ითვალისწინებს. ამ გარიგების მიხედვით გამდიდრებული ურანი რეაქტორის საწვავის სახით ირანს დაუბრუნდება და თეირანი მის გამოყენებას ბირთვული შეიარაღების წარმოების მიზნით ვერ შესძლებს.

პრეზიდენტი აჰმადინეჟადი საერთაშორისო თანამეგობრობას მოლაპარაკებების ჩავარდნაში ადანაშაულებს. მისი თქმით ირანი მოლაპარაკებებისთვის მზად არის.

თეირანი ამტკიცებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მშვიდობიან მიზნებს ემსახურება და ელექტროენერგიის წარმოებას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG