ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰილარი კლინტონი საქართველოზე საუბრობს


ამერიკის ხმის კორესპონდენტი დივიდ გოლასტი ამერიკის სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს პარიზში 29 იანვარს ესაუბრა. ქალბატონმა კლინტონმა ინტერვიუში რამდენიმე სხვა სახელმწიფოსთან ერთად საქართველოზე, რუსეთსა და უკრაინაზე ისაუბრა. გთავაზობთ ინტერვიუს იმ ნაწილის ქართულ თარგმანს, რომელიც ამ სამ ქვეყანას ეხებოდა:

გოლასტი: ახლა, ნება მომეცით ევროპის უშიშროებასთან დაკავშირებით პარიზში თქვენს მიერ წარმოთქმულ სიტყვას დავუბრუნდე. თქვენ ბრძანეთ, რომ ნატოს გაფართოება რუსეთის უსაფრთხოებასაც შეუწყობს ხელს მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ამ პროცესის წინააღმდეგია. მაგრამ იმაზე რას იტყვით, რომ რუსეთი სწორედ ნატოს გაფართოების გამო უფრო მეტად იღებს თავდაცვით პოზიციას და უფრო არადემოკრატიული ხდება?

კლინტონი: არ მგონია, რომ ეგ ფაქტებით იყოს დასაბუთებული. ვფიქრობ, რომ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის საკუთარი უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობის მიცემა - თუ ეს მათი სურვილია - ქვეყნების კომპაქტურ ჯგუფს ქმნის, რომლებიც ერთიანი ძალისხმევით ცდილობენ უსაფრთხოების გაძლიერებას. ნატოს არანაირი ინტერესი არ აქვს მშვიდობიანი მეზობლების წინააღმდეგ შეიარაღებული მოქმედება განახორციელოს. უფრო მეტიც, ნატო უაღრესად დაინტერესებულია რუსეთთან ახლო ურთიერთობის დამყარებით. ჩვენ გვჯერა, რომ 21-ე საუკუნეში სირთულეები ქვეყნებს შორის იმდენად არ იქნება, რამდენადაც მშვიდობის მოსურნე ქვეყნებსა და სახელმწიფო-გარეშე ჯგუფებს ან ურჩ სახელმწიფოებს შორის. რუსეთს კი უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მრავალი საკითხი აქვს გადასაჭრელი საკუთარ ტერიტორიაზე. ვფიქრობ, რომ რუსეთს ის ეხმარება, რომ დასავლეთით მდებარე სახელმწიფოებზე ფიქრი აღარ უწევს. რუსეთს ჯერ კიდევ გადასაწყვეტი აქვს ის, თუ როგორ მიუდგეს ნატოს გაფართოებას. მაგრამ მე ვისურვებდი, რომ რუსეთსა და ნატოს შორის ახლო ურთიერთობა დამყარდეს, რაც, ჩემი აზრით, ყველა მონაწილე მხარეს სარგებლობას მოუტანს.

გოლასტი: მიმართვაში უკრაინის არჩევნებზეც ისაუბრეთ და თქვით, რომ არჩევნები უკრაინას ევროპულ თანამეგობრობასთან კიდევ უფრო დააახლოებს. მეორეს მხრივ კი, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს თუ შეხედავთ, არჩევნებში შეიძლება სწორედ იმ კანდიდატმა მოიგოს, რომელსაც ნატოში გაწევრიანება არ სურს. ასე თუ მოხდა, შეიძლება ეს დარტყმად ჩაითვალოს?

კლინტონი: არა. იმიტომ, რომ ეს ქვეყნის გადაწყვეტილებაა. ნატოში გაწევრიანებაზე ძალას არავის ვატანთ. გაწევრიანება მხოლოდ მაშინ ხდება, როცა ქვეყანას სურს წევრობა. თუ უკრაინაში პოლიტიკური ხელმძღვანელობა შეიცვალა და უკრაინელმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ ამ ეტაპზე არ სურთ ნატოში გაწევრიანების პროცესის დაწყება, ეს მათი ნებაა.

გოლასტი: მიმართვაში ასევე ახსენეთ შეერთებული შტატების შეშფოთება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით. ის ფაქტი, რომ რუსეთი პრაქტიკულად თუ ფიზიკურად ამ ტერიტორიების ოკუპაციას ახდენს, ნიშნავს თუ არა იმას, რომ საქართველო ნატოს წევრი ვერ გახდება?

კლინტონი: არა. საქართველო გადის პროცესს, რომელიც დაგვანახებს აკმაყოფილებს თუ არა ქვეყანა ნატოს წევრობის სტანდარტებს. როგორც ევროპაში, ასევე ამერიკის მხრიდან და ნატოს წევრებს შორის სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ლეგიტიმურობას, რა თქმა, უნდა არავინ აღიარებს. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა გაუმჯობესდება, დაძაბულობა შემცირდება და მხარეები პროვოკაციებისგან თავს შეიკავებენ. ეს ერთ-ერთი საკითხია, რომელზეც ჩვენ ახლა ვმუშაობთ.

XS
SM
MD
LG