ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის ბრძოლა ბიოტერორიზმის წინააღმდეგ


შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა კონგრესისთვის ყოველწლიურ მიმართვას ბიოტერორიზმის წინააღმდეგ ახალი სამოქმედო გეგმის წარსადგენად გამოიყენებს. როგორც მოსალოდნელია, დღეს საღამოს დაგეგმილ მიმართვაში პრეზიდენტი ახსენებს ბიოტერორიზმს და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში სხვა საფრთხეებს. აღსანიშნავია, რომ დღესვე გამოქვეყნდა ანგარიში, რომელშიც გაკრიტიკებულია შეერთებული შტატების მთავრობის მზადყოფნა ბიოტერორიზმის საშიშროების თავიდან აცილების საკითხში.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა ნიკ შაპირომ ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ბატონი ობამა თავის მიმართვაში ახალი ინიციატივის შესახებ ისაუბრებს, როემლიც ბიოტერორიზმისგან და მსგავსი საფრთხეებისგან ამერიკელების დაცვას ეხება.

თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით პრეზიდენტი ობამა შეერთებული შტატების მთავრობას ქვეყნის სამედიცინო წარმოების გარდაქმნას დაავალებს რათა ბიოტერორიზმის საფრთხის წინააღმდეგ სწრაფი და სანდო ზომების მიღება შესაძლებელი გახდეს.

ადმინისტრაციის განცხადება სამშაბათს გამოქვეყნებული ანგარიშის ფონზე მოხდა, რომელშიც ნათქვამია, რომ შეერთებული შტატების მთავრობა ამერიკელ ხალხს ტერორიზმის საფრთხეებისგან სათანადოდ ვერ იცავს, განსაკუთრებით კი რაც შეეხება ბიოტერორისტული თავდასხმის შესაძლებლობას.

ანგარიშში, რომელიც გაავრცელა მასობრივი განადგურების შეიარაღების გავრცელებისა და ტერორიზმის თავიდან აცილების კომისიამ, ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები „სამწუხაროდ ჩამორჩება“ ისეთ მნიშვნელოვან სფეროში როგორიც არის ვაქცინებისა და მედიკამენტების სრწაფი წარმოება ბიოტერორისტული თავდასხმის თავიდან ასაცილებლად.

ანგარიშის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით კომისიის თავჯდომარემ, შეერთებული შტატების ყოფილმა სენატორმა ბობ გრეჰემმა ამგვარი პროგნოზი გააკეთა:

„ამჟამინდელ პირობებში, როცა მთავრობის მხრიდან არ ჩანს გადამწყვეტი და სასწრაფო მოქმედების ნიშნები, რომ დღეიდან 2013 წლამდე სადმე მსოფლიოში რომელიმე ტერორისტული ორგანიზაცია მასობრივი განადგურების იარაღს გამოიყენებს.“

-ციტატის დასასრული-

გრეჰემის თქმით, ალ ყაიდას ტერორისტულ ორგანიზაციას ბიოლოგიური შეიარაღების შეძენა და გამოყენება ძალუძს. მისი თქმით მასობრივი განადგურების ამ სახეობის შეძენა ბევრად უფრო ადვილია სხვებზე.

მას მიაჩნია, რომ ქვეყანა ამგვარი თავდასხმისთვის მომზადებული უნდა იყოს. ამასთან დაკავშირებით გრეჰემმა აღნიშნა:

„მე ეჭვი არ მეპარება, რომ ალ ყაიდა თავისი მიზნების მიღწევის შესაძლებლობას ეძებს, რომელიც ქაოსის, მასობრივი პანიკისა და დიდი რაოდენობის ხალხის განადგურებას ითვალისწინებს. იგი ამ შეიარაღებას სწორედ იმ სამიზნეების წინააღმდეგ გამოიყენებს, რომელიც მისი აზრით ყველაზე ნაკლებად არის დაცული.“

-ციტატის დასასრული-

თეთრი სახლის წარმომადგენელმა ნიკ შაპირომ აღნიშნა, რომ გასული წლის მიწურულს პრეზიდენტმა ობამამ ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის თანახმადაც მთავრობას ბიოლოგიური თავდასხმის თავიდან ასაცილებლად ზომების შემუშავება დაევალა.

სამოქმედო გეგმის მიხედვით აუცილებლობის შემთხვევაში შეერთებული შტატების საფოსტო სამსახური ამერიკელებს ანტიბიოტიკებსა და სხვა მედიკამენტებს გაუნაწილებს.

XS
SM
MD
LG