ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინტერვიუ უკრაინის საკითხების ექსპერტ ტარას კუციოსთან



17 იანვარს, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი რაუნდი გაიმართა, რომელშიც რეგიონების პარტიის ხელმძღვანელი ვიქტორ იანუკოვიჩი და ქვეყნის ამჟამინდელი პრემიერ მინისტრი იულია ტიმოშენკო ლიდერობენ. არჩევნების შედეგების მნიშვნელობასა და იმის შესახებ თუ ვინ გაიმარჯვებს 7 თებერვალს დანიშნული არჩევნების მეორე რაუნდში თავის მოსაზრებებს გვიზიარებს უკრაინის საკითხების ექსპერტი, კანადის ტორონტოს უნივერსიტეტთან არსებული უკრაინულ კვლევათა ცენტრის უფროსი მკვლევარი და ინტერნეტ გამოცემა „იუკრაინ ანალისტის“ მთავარი რედაქტორი

ტარას კუციო. ტარას კუციომ ამგვარად შეაფასა უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი რაუნდი:

„ეს საკმაოდ უცნაური არჩევნებია რადგან გლობალური ეკონომიკური კრიზისის ფონზე ხელისუფლებაში მყოფი პრემიერ მინისტრი პრეზიდენტობის მოპოვებას ცდილობს. აღსანიშნავია, რომ 1994 წელს, ისევე როგორც 2004 წელს, ოპოზიციაში მყოფმა ყოფილმა პრემიერ მინისტრებმა პრეზიდენტობა მოიპოვეს. ამის მაგალითია რასაკვირველია ვიქტორ იუშჩენკო, რომელიც ხელისუფლებაში ხუთი წლის წინ მოვიდა. ამდენად ტიმოშენკოს, როგორც ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრს, საკუთარი საარჩევნო კამპანიის წარმათვა ამ ეკონომიკური კრიზისის განმავლობაში ძალზედ გაუჭირდა. მისი შედეგი გაკვირვებას არ იწვევს ვინაიდან ყველას კარგად ესმოდა, რომ ის პირველ რაუნდში მეორე ადგილზე გავიდოდა ვინაიდან ვიქტორ იანუკოვიჩს ოპოზიციაში ყოფნის უპირატესობა ჰქონდა. იმ შემთხვევაში, თუ მოპოვებული ხმების რაოდენობის მიხედვით სხვაობა ტიმოშენკოსა და იანუკოვიჩს შორის თხუთმეტ პროცენტს შეადგენდა, მაშინ ტიმოშენკო მეორე რაუნდში ვერ გავიდოდა. მაგრამ სხვაობამ სულ ცხრა ან ათ პროცენტს მიაღწია, რაც ტიმოშენკოს წარმატების კარგ შესაძლებლობას აძლევს და მეორე რაუნდში გამარჯვების ორმოცდაათ პროცენტს ნიშნავს. აქვე ხაზი უნდა გაუსვა საქართველოსა და უკრაინას შორის სხვაობის მნიშვნელობას. უკრაინა ისტორიული და ლინგვისტური მიზეზების გამო რეგიონებად არის დაყოფილი და ამის გამო პრეზიდენტის არჩევა დიდი უმრავლესობით, ისე როგორც ეს 2004 წელს მოხდა, როცა ქართველებმა მიხეილ სააკაშვილი აირჩიეს, თითქმის შეუძლებელია. ამდენად უკრაინის ყველა პრეზიდენტი არჩეულია ამომრჩეველთა ხმების ორმოცდათორმეტი ან ორმოცდათექსვმეტი პროცენტით.“

კუციო აღნიშნავს, რომ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების განხილვისას, აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში პოლიტიკური ფიგურების მოქმედება საბჭოთა სტილით ხასიათდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შორის ნაკლებად მოსალოდნელია განხეთქილება ან სხვადასხვა მოქიშპე ჯგუფების შექმნა. ეს კი, რასაკვირველია, ვიქტორ იანუკოვიჩს გარკვეულ უპირატესობას აძლევს. მაშინ როცა ნარინჯის ფერი ანუ პროდემოკრატიული ძალები უკრაინაში, ისევე როგორც საქართველოში და სხვა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, როგორც წესი, დაყოფილია. კუციოს თქმით, სწორედ ეს მოხდა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი რაუნდის დროს, როცა ყოფილი ნარინჯის ფერი რევოლუციის ბანაკიდან ექვსი კანდიდატი იყრიდა კენჭს.

რაც შეეხება ტიმოშენკოსა და იანუკოვიჩს შორის სხვაობას, კუციომ აღნიშნა:

„მე ვფიქრობ რომ მათ შორის ბევრი სხვაობა არსებობს. რაც შეეხება შიდა პოლიტიკას იანუკოვიჩს ოლიგარქები აკონტროლებენ. ამის უტყარი მანიშნებელია ის, რომ რეგიონების პარტიის ბევრი წევრი ოლიგარქია. რასაკვირველია დიდი ბიზნესის წარმომადგენლები უკრაინის პარლამენტის ყველა ფრაქციაში არიან, მაგრამ ტიმოშენკოს ბლოკში ისინი მას არ აკონტროლებენ. მეორე მნიშვნელოვანი სხვაობა ის არის, რომ 1998 წლიდან ტიმოშენკო ჯერ კუჩმას ეწინააღმდეგებოდა, ხოლო შემდგომში კი რეგიონების პარტიას დაუპირისპირდა. 2000 წლიდან ტიმოშენკო ენერგეტიკის სფეროში კორუფციის აღმოფხვრას ცდილობს. იანუკოვიჩს კი დონეცკის ოლქის გუბერნატორის თანამდებობა 1997-დან 2002 წლამდე ეკავა, ანუ მაშინ, როცა ოლიგარქების უმეტესობამ არნახულ ფინანსურ წარმატებას მიაღწია და ასპარეზზე გამოვიდა. რენატ ახმეტოვი რეგიონების პარტიის ყველაზე მდიდარი ოლიგარქია. იგი ევრაზიასა და ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი პირია. იგი რუსეთის დერიპასკაზეც უფრო მდიდარია, რაც გაკვირვებას იწვევს ვინაიდან უკრაინას ნავთობი, ბუნებრივი აირი, ოქრო თუ ალმასები არ გააჩნია. საგარეო პოლიტიკის სფეროში სხვაობა კიდევ უფრო აშკარაა. რეგიონების პარტია მხოლოდ რუსეთის „ედინაია როსიასთან“ თანამშრომლობს, მაშინ როცა ტიმოშენკოს პარტია აქტიურად არის ჩართული ევროპის პარლამეტის მუშაობაში. ამას გარდა, დასავლეთთან ინტეგრაციის საკითხს რაც შეეხება, 2008 წლის იანვარში ტიმოშენკომ პარლამეტის სპიკერ არსენი იაცენიუკსა და პრეზიდენტ იუშჩენკოსთან ერთად ხელი მოაწერა მიმართვას, რომელშიც იგი ნატოს უკრაინისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებას მოუწოდებდა. მართალია სხვადასხვა მიზეზების გამო ნატოში გაწევრიანების საკითხი ამჟამად გაყინულია, ტიმოშენკოს ბლოკში ბევრი ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს. რეგიონების პარტიაში კი ნატოში გაწევრიანების მომხრე არავინ არის. ამდენად თუ იანუკოვიჩი მოიგებს არჩევნებს, ნატოში უკრაინის გაწევრიანების საკითხი სამუდამოდ დაიხურება.“

კუციოს მიაჩნია, რომ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტთან ლეონიდ კუჩმასთან შედარებით, იანუკოვიჩი ბევრად უფრო პრო-რუსული პოლიტიკური ფიგურაა. ამასთან დაკავშირებით მან აღნიშნა:

„საქართველოს მხარდაჭერას რაც შეეხება, ლეონიდ კუჩმას საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა პრეზიდენტ შევარდნაძესთან სამხედრო და უშიშროების სფეროში. შევარდნაძის მმართველობის დროს უკრაინა საქართველოში შეიარაღებას აგზავნიდა. უკრაინამ და საქართველომ გუამის ჯგუფი შექმნეს. ვიქტორ იანუკოვიჩს არ აინტერესებს შეიარაღების გაგზავნა საქართველოში ანდა გუამის ორგანიზაცია. ლეონიდ კუჩმა არასოდეს არ აქეზებდა სეპარატიზმს ყირიმში, საქართველოსა თუ მსოფლიოს რომელიმე კუთხეში. პირიქით, მან ოთხმოცდაათნიან წლებში ყირიმის სეპარატიზმი დაამარცხა. რეგიონების პარტიის წარმომადგენლობა ყირიმში და იანუკოვიჩის ბლოკი ორ რუსულ ექსტრემისტულ პარტიასთან თანამშრომლობს. ამ თანამშრომლობის შედეგი გახდა ის, რომ 2008 წლის სექტემბერში მათ ყირიმის პარლამენტში გაავრცელეს ერთობლივი რეზოლუცია, რომელშიც ისინი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას მხარდაჭერას უცხადებენ.“


ტიმოშენკოსა და იანუკოვიჩს შორის სხვაობა გამოკვეთილია ევროკავშირთან ურთიერთობის განივთარების საკითხშიც. კუციოს თქმით:

„ამ არჩევნებში ტიმოშენკო აშკარად პროევროპული კანდიდატია. ევროპის სახალხო პარტიამ, ევროპის პარლამენტში ყველაზე მრავარიცხოვანმა პოლიტიკურმა დაჯგუფებამ, რომლის წევრია ტიმოშენკოს პარტია, მიმდინარე კვირის დასაწყისში განცხადება გაავრცელა ტიმოშენკოს კანდიდატურის მხარდასაჭერად. და მე ვფიქრობ, რომ ტიმოშენკოს გამარჯვების შემთხვევაში ურთიერთობა უკრაინასა და ევროკავშირს შორის უთუოდ გაუმჯობესდება. ხოლო თუ გაიმარჯვა იანუკოვიჩმა, ბრიუსელში უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას ნაკლებ ყურადღებას დაუთმობენ.“


კუციოს აზრით, იანუკოვიჩის პრორუსული ორიენტაცია ჩანს იქედანაც, რომ იგი მხარს უჭერს მედვედევის შემოთავაზებას ევროპაში ახალი უშიშროების არქიტეკტურის შეთანხმების თაობაზე, რომელსაც ნატო და ევროკავშირი საკმაოდ გულგრილად აღიქვამენ. ამას გარდა, ტიმოშენკო არასოდეს დათანხმდება სევასტოპოლის საზღვაო ბაზაზე რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დარჩენაზე. როგორც ცნობილია, შავი ზღვის ფლოტის იქ ყოფნა იჯარის ხელშეკრულების თანახმად 2017 წელს იწურება. იანუკოვიჩმა კი უკვე განაცხადა, რომ მას სურს, რომ სევასტოპოლი რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მუდმივი საზღვაო ბაზა გახდეს, რაც მისი პარტიის პოლიტიკურ პლატფორმას ეწინააღმდეგება, რადგან მასში გარკვევით აღნიშნულია, რომ უკრაინა ნეიტრალური სახელმწიფო უნდა გახდეს.

კუციომ ასე შეაფასა ტიმოშენკოს გამარჯვების შესაძლებლობა 7 თებერვალს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე რაუნდში:


„თუ ტიმოშენკო შესძლებს პირველ რაუნდში მოპოვებული დადებითი ხმების ხელახლა მოპოვებას, და, ამას გარდა, მათ შეურთდება მეორე რაუნდში იანუკოვიჩის წინააღმდეგ მიცემული უარყოფითი ხმები, მაშინ ერთად აღებული ამ ხმების რაოდენობა მას გამარჯვების საშუალებას მისცემს. ეს რასაკვირველია ადვილი როდი იქნება ბოლო სამი ან ოთხი წლის მანძილზე უკრაინული პოლიტიკის მიმართ ხალხში გავრცელებული იმედგაცრუების გამო, მაგრამ თუ დასავლეთ უკრაინელები სახლებში დარჩებიან და ხმებს არ მისცემენ, მაშინ ტიმოშენკო არჩევნებს წააგებს. მე ვფიქრობ, რომ იმ ამომრჩევლთა ხმების უმეტესობა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს გრიცენკოს, იაცენიუკის, კოსტენკოსა და იუშჩენკოს კანდიდატურებს, სავარაუდოდ ტიმოშენკოსკენ გადაიხრება არა იმიტომ რომ ის მათ მოსწონთ, არამედ იმის გამო რომ მათ იანუკოვიჩის პრეზიდენტობა არ სურთ.“

ინტერვიუს ბოლოს კუციო ასე გამოეხმაურა იმ სკანდალს, რომელიც უკრაინაში ქართველი დამკვირებლების ჩასვლას მოჰყვა:

„როცა სატელეფონო საუბრების ჩანაწერები ინტერნეტზე ქვეყნდება მე ყოველთვის ეჭვები მებადება რადგან წარსულში უკრაინაში მსგავს შემთხვევებში ეს, როგორც წესი, რუსეთის სადაზვერვო სამსახურების ნახელავს წარმოადგენდა. მათ ხომ არაერთხელ უკანონოდ უკრაინელი პოლიტიკოსების საუბრები ჩაწერილი აქვთ. მე არა მგონია, რომ ეს უკრაინის სადაზვერვო სამსახურის ნამუშევარი იყოს, რადგან უკრაინის სადაზვერვო სამსახურის თავჯდომარე, ბატონი ნალივაიჩენკო ვიქტორ იუშჩენკოს ახლო მოკავშირეა, ხოლო ვიქტორ იუშჩენკო კი პრეზიდენტ სააკაშვილი ახლო მოკავშირეა. ამდენად ჩემის აზრით აქ რუსეთის ხელია ჩარეული. ეს ინციდენტი საინტერესოა აგრეთვე იმის გამო, რომ ის რეგიონების პარტიისა და იანუკოვიჩის საქართველოსადმი დამოკიდებულებაზე ბევრს მეტყველებს. ისინი ხომ ვარდების რევოლუციას ისევე როგორც ნარინჯის ფერ რევოლუციას ძალზედ ნეგატიურად, რუსეთის გადმოსახედიდან აღიქვამენ. მათთვის ხომ წლევანდელი არჩევნები ვარდებისა და ნარინჯის ფერი რევოლუციების უკუცევის შესაძლებლობას წარმოადგენს. ჩემთვის რთულია იმის გარკვევა თუ რით იყო განპირობებული უკრაინაში ამ დამკვირებლების ჩამოსვლის აუცილებლობა. შეგვიძლია ვივარაუდოთ ისიც, რომ ეს ტიმოშენკოსა და პრეზიდენტ სააკაშვილს შორის შეთანხმების ნაწილი იყო. ჩემთვის სავსებით გასაგებია, რომ თბილისში ვიქტორ იანუკოვიჩის გამარჯვება საქართველოსთვის კატასტროფა იქნება რადგან შედეგად საქართველო ევროპისგან კიდევ უფრო იზოლირებული აღმოჩნდება და ევროპასთან ინტეგრაციის საკითხში მას მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი დააკლდება. ამას გარდა მე ვფიქრობ, რომ ქართველები იანუკოვიჩის მიმართ ძლიერ ანტიპატიას გრძნობენ რადგან ის საქართველოში სეპარატიზმს მხარს უჭერს. ალბათ სწორედ ამ ფაქტორებით აიხსნება პრეზიდენტ სააკაშვილის გადაწყვეტილება უკრაინაში ტიმოშენკოს დასახმარებლად მხარდამჭერების გაგზავნისა.“

მოისმინეთ ინტერვიუს მეორე ნაწილი:


XS
SM
MD
LG