ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის შემდეგი პრეზიდენტი: აღმოსავლეთი თუ დასავლეთი?


კვირას უკრაინაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების პირველ რაუნდში პრეზიდენტობის ორი მთავარი კანდიდატი ხშირად სტერეოტიპულად არის წარდგენილი როგორც პრორუსული ვიქტორ იანუკოვიჩი და პროდასავლური იულია ტიმოშენკო. ორივე კანდიდატი 7 თებერვალს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გავიდა. უკრაინის შემდეგი პრეზიდენტის ორიენტაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მეზობელი ქვეყნებისთვის, რუსეთისთვის და პოლონეთისთვის. ამერიკის ხმის კორესპონდენტი პიტერ ფედინსკი კიევიდან იუწყება, რომ მან უკრაინის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული კითხვები დაუსვა ორივე ხსენებული ქვეყნის კანონმდებლებს, რომლებიც უკრაინაში არჩევნებზე დაკვირვების მისიით ჩავიდნენ.

იულია ტიმოშენკოს პროდასავლური პოზიცია კარგად არის ცნობილი.

მაგრამ კვირას არჩევნებში გამარჯვების შემდეგ უკრაინის ტელევიზიით გაკეთებულ განცხადებაში ვიქტორ იანუკოვიჩმა აღნიშნა, რომ მან შესაძლოა გააგრძელოს უკრაინის ევროპასთან ინტეგრაციის პოლიტიკა.

ბატონი იანუკოვიჩის თქმით, რუსეთთან სრულფასოვანი პარტნიორობის აღდგენა მისი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება, ისევე როგორც ორმხრივად მომგებიანი პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ოცეულის მნიშვნელოვან წევრებთან.

პოლონეთის პარლამენტის წევრმა მარიუშ კამინსკიმ ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ, მისი აზრით, უკრაინა გააგრძელებს პროდასავლური პოლიტიკის გატარებას იმისდამიუხედავად თუ ვინ გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე რაუნდში.

კამისნკის თქმით, იანუკოვიჩის „რეგიონების პარტიის“ წევრებთან საუბრებზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ მათ ევროპული ინტეგრაციის კონტექსტის სრული წარმოდგენა აქვთ. ამდენად კამინსკის მიაჩნია, რომ ეს საკითხი იანუკოვიჩის პარტიაში სადავო საკითხს აღარ წარმოადგენს.

ის კონტექსტი, რომელსაც კამინსკი გულისხმობს, არის ფართო გაგებით იმის აღიარება, რომ ევროკავშირი უკრაინას წინ წაწევს ისეთ სფეროებში როგორიც არის შემცირებული ბიუროკრატია, გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა და ის სტანდარტები, რომლებითაც ქვეყნის მოქალაქეებს ეპყრობიან.

რუსეთის კანონმდებლის სერგეი მარკოვის თქმით კი, პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს უდავო დამარცხება იმის მანიშნებელია, რომ ამომრჩევლები უპირატესობას უფრო ეფექტური ეკონომიკური პოლიტიკის გატარებას ანიჭებენ, რითაც აიხსნება ის ფაქტი, რომ მოპოვებული ხმების მიხედვით მესამე და მეოთხე ადგილებზე აღმოჩნდნენ სერჰი ტიჰიპკო და არსენი იაცენიუკი მაშინ როცა იუშჩენკომ მხოლოდ მეხუთე ადგილი მოიპოვა.

მარკოვი იგივე კრიტიკას იყენებს იულია ტიმოშენკოს მიმართ რითაც იგი პრეზიდენტ იუშჩენკოს აკრიტიკებდა ადრე. საჩივრების სიაში შედის საქართველოსთან მჭიდრო კავშირები, რუსული ენის შემცირება და მეორე მსოფლიო ომის დროს მოქმედი ანტი-საბჭოთა მეამბოხეების მიმართ მხარდაჭერის გამოცხადება. ამ უკანასკნელებს მოსკოვი გერმანელ ნაცისტებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს.

მიუხედავად ამისა, მარკოვის თქმით, ქალბატონ ტიმოშენკოსაც ბატონების ტიჰიპკოსა და იაცენიუკის ეკონომიკური პრაგმატულობის აღიარება მოუხდება.

მარკოვი აღნიშნავს, რომ უკრაინამ და რუსეთმა ერთობლივად უნდა განავითარონ საავიაციო და კოსმოსური ინდუსტრია, ატომური ენერგიის მრეწველობა, გემთმშენებლობა, მეტალურგია, განათლების სფერო და ყველა ის ასპექტი, რომელიც თანამედროვე ეკონომიკურ განვითარებას შეადგენს. ამას გარდა, ყაზახეთთან ერთად კარტელის შექმნის შემთხვევაში სამი ქვეყანა გლობალურ ბაზარზე მარცვლეულის მიწოდების ერთ მესამედს გააკონტროლებს.

რაც შეეხება უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხს, მარკოვი არ ეთანხმება კამინსკის. რუს კანონმდებელს მიაჩნია, რომ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ თვით ეს საკითხი სამუდამოდ გადაიდო.

მარკოვი აღნიშნავს, რომ აშკარაა, რომ დასავლეთს რუსეთთან კონფრონტაცია არ სურს. ამას გარდა იგი აფრთხილებს დასავლეთს, რომ ნატოს აღმოსავლეთისკენ გაფართოება უსათუოდ გამოიწვევს რუსეთთან კონფლიქტს, რაც ჩდილო ატლანტიკური ალიანსის ინტერესებში არ შედის.

მართალია იულია ტიმოშენკომ ნატოში გაწევრიანების საკითხის მიმართ მხარდაჭერა საგრძნობლად შეამსუბუქა, ვიქტორ იანუკოვიჩი საკუთარ უარყოფით დამოკიდებულებას დასავლეთში ასაბუთებს იმით, რომ ბევრი უკრაინელი ნატოში გაწევრიანებისთვის უბრალოდ მზად არ არის.

მარიუშ კამინსკი კი აღნიშანვს, რომ რუსეთი ნატოში უკრაინის გაწევრიანებას ისევე აღარ შეეწინააღმდეგება როგორც ეს ადრე პოლონეთის გაწევრიანების შემდეგ მოხდა. როგორც პოლონეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის წევრი იგი ევროპელ კოლეგებთან უკრაინის ნატოში გაწევრიანების ლობირებას აგრძელებს.

კამინსკი თვლის, რომ რაც შეეხება ნატოში გაწევრიანების საკითხს საჭიროა უკრაინელებთან გაწევრიანების დადებითი ასპექტების შესახებ გრძელვადიანი და ყოვლისმომცველი დისკუსიის დაწყება. მისი აზრით ამგვარ დისკუსიაში დასავლეთისა და რუსეთის წარმომადგენლებმა უნდა მიიღონ მონაწილოება.

მარკოვი მიესალმება მისი თქმით ობამას ადმინისტრაციის უფრო ნეიტრალურ დამოკიდებულებას უკრაინის მიმართ.

რუსმა კანონმდებელმა აგრეთვე აღნიშნა, რომ უკრაინა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის კონფლიქტის არა ასპარეზი არამედ პირიქით, რუსეთსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ასპარეზი უნდა გახდეს. მისი თქმით, აუცილებელია ისეთი ევროპის აშენება, რომელიც ახალი უსაფრთხოების სივრცეს დაეფუძნება სადაც ნატო, რუსეთი, უკრაინა და ამიერკავკასიის სახელმწიფოებიც შევა.

მარკოვის აზრით, ამ ახლებური მიდგომის კიდევ ერთი კომპონენტი თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნა იქნება.

მარკოვის თქმით, ევროპა უკრაინა-რუსეთის კეთილმეზობლურ ურთიერთობაშია დაინტერესებული. კამინსკი აღნიშნავს, რომ უკრაინას დიდი მნიშვნელობა აქვს ევროპისთვის სხვადასხვა მიზეზების გამო, რომელთა შორის ერთ-ერთი უმთავრესი ის არის, რომ ამ ქვეყნის ტერიტორიის გავლით ევროკავშირში ბუნებრივი აირი მიედინება. მარკოვი გასული რამოდენიმე წლის მანძილზე ევროკავშირისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შეფერხებებს ვიქტორ იუშჩენკოს აბრალებს და მისი თქმით ეს პრობლემა იუშჩენკოს წასვლის შემდეგ მოიხსნება.

XS
SM
MD
LG