ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელსა და თურქეთს შორის ურთიერთობა იძაბება


თურქული ტელესერიალი, რომელშიც ისრაელის სადაზვერვო სამსახურის, მოსადის აგენტი თურქეთში ჯაშუშობს და თურქ ბავშვებს იტაცებს, ისრაელსა და თუქეთს შორის დიპლომატიური დავის ერთ-ერთ მიზეზად იქცა.

ერთ დროს საუკეთესო მოკავშირეები, დღეს ერთმანეთის მოწინააღმდეგეებად იქცნენ და დაძაბულობა მათ შორის ისრაელის მიერ ღაზას სექტორში 2008 წელს სამხედრო ოპერაციის ჩატარების შემდეგ დაიწყო.

ტელესერიალი „მგლების ველის“ ერთ-ერთ ეპიზოდში თურქი აგენტები ისრაელის საელჩოში შეიჭრებიან და საიდანაც ისრაელის აგენტის მიერ გატაცბულ ჩვილ ბავშვს გამოიყვანენ. ერთ-ერთ ეპიზოდში, კადრი დავითის ვარსკვლავზე დასხმულ სისხლზე ჩერდება და მოგვიანებით ტელესერიალის გმირი პოლატ ალემდარი, მოსადის აგენტს კლავს. აგენტი სიკვდილის წინ მას აფრთხილებს, რომ საელჩოში ყოფნით ის სხვა ქვეყნის ტერიტორიაზეა და რომ ეს სამხედრო დანაშაულია. ალემდარი კი ამაზე მას პასუხობს:

„რა, მხოლოდ თქვენ გაქვთ სამხედრო დანაშაულების ჩადენის უფლება?“

ორშაბათს, სერიალის ამ ეპიზოდის გაშვების შემდეგ, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ - დანი აიალონმა თურქეთის ელჩი მიიწვია კაბინეტში და ტელესერიალის შესახებ გულისწყრომა გამოთქვა. ამ შეხვედრამ მრავალმხრივი კრიტიკა გამოიწვია იმის გამო, რომ აიალონმა უარი თქვა ელჩისთვის ხელის ჩამორთმევაზე. ამასთან ერთად, თურქეთის ელჩი დაბალ სავარძელზე დასვეს და მინისტრის მოადგილე კი მაღალზე. როგორც მოგვიანებით აიალონმა ადგილობრივ ტელევიზიასთან საუბარში განაცხადა, სავარძლების ასეთი განლაგების დანიშნულება თურქეთის ელჩის დამცირება იყოს. შეხვედრის სემდეგ, ანკარა დაიმუქრა, რომ თელ ავივიდან ელჩს გაიწვევდა.

ოთხშაბათს ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ბოდიშის წერილი გაუგზავნა თურქეთის პრემიერ მინისტრს და რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა კი ეს ბოდიში მიიღო.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობები ჩამოყალიბდა, რომელშიც ტურიზმთან და სხვა სფეროებთან ერთად სამხედრო თანამშრომლობაც შედიოდა. ამით თურქეთი ისრაელის უახლოესი მოკავშირე გახდა მუსლიმანურ სამყაროში. მაგრამ ამ ბოლო დროს ერდოღანმა ისრაელის მიმართ ბევრი მკაცრი განცხადება გააკეთა, რომელთა მიზეზიც ძირითადად ისრაელის ღაზაში ჩატარებული ოპერაციის შედეგად დიდი სამოქალაქო მსხვერპლი იყო.

ისრაელი კი იმითაა შეშფოთებული, რომ თურქეთი თელ ავივის სტრატეგიულ მოწინააღმეგეს, ირანს უახლოვდება.

ღაზას სექტორში სამხედრო ოპერაციის ჩატარებიდან რამდენიმე დღეში ერდოღანმა დემონსტრატიულად დატოვა სცენა, სადაც ისრაელის პრეზიდენტ შინომ პერესტან იდგა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დროს.სცენიდან ჩამოსვლამდე მან პერესს მიაძახა:

„თქვენ ხალხს ჰკლავთ."

სტამბულის ქუჩებში ადვილად შეიმჩნევა მთავრობის მიმართ მზარდი მხარდაჭერა სწორედ იმის გამო, რომ ხელისუფლებამ ისრაელთან დამოკიდებულება შეცვალა.

ამ ბატონის შეხედულება ძალიან გავრცელებულია მოსახლეობაში:

" მე პრემიერ მინისტრს ვუჭერ მხარს, ამბობს ის, მნიშვნელოვანია ვისაუბროთ იმაზე, თუ რა მოხდა ღაზაში, მაგრამ მსოფლიო დუმს ამის შესახებ."

შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, თურქეთმა ისრაელთან სტრატეგიული ურთიერთობა დაამყარა. 1995 წელს ორმა ქვეყანამ სამხედრო თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ამ ხელშეკრულების თანახმად ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებს თურქეთის საჰაერო სივრცის გამოყენება შეეძლოთ საწვრთნელი ოპერაციების ჩასატარებლად და თურქეთი კი ისრაელის საწვრთნელ ბაზებს იყენებდა. ეს შეთანხმება როგორც სამხედრო ისე პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავების საფუძველი იყო.

ანალიტიკოსი სოლი ოზელი აცხადებს, რომ

„თურქეთი მეამბოხური მოძრაობების წინააღმდეგ იბრძოდა, და ამ მოძრაობის ლიდერი სირიას აფარებდა თავს. ისრაელთან ურთიერთობის გამყარების შემდეგ თურქეთმა სირიას უთხრა ან გადმომეცით მეამბობეების ლიდერი, ან თვითონ მოვალთ და წამოვიყვანთო. ამ განცხადებას დადებითი შედეგი მოჰყვა."

მაგრამ ამის შემდეგ თურქეთსა და სირიას შორის ურთიერთობა გაცილებით გაუმჯობესდა. დეკემბრის ბოლოს ანკარამ და დამასკომ ერთმანეთთან სავიზო რეჟიმი გააუქმეს. ერთერთი შეხვედრის დროს ერდოღანმა სირიასთან ურთიერთობას ძმური და სამაგალითო კავშირი უწოდა.

თურქეთისა და სირიას შორის ურთიერთობის გაუმჯობესება ანკარას ისრაელთან ურთიერთობაში ხელს შეუშლის. პირველად მას შემდეგ, რაც ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა დაიწყო, ისრაელის თავდაცვის მინისტრი ეჰუდ ბარაკი ანკარას ოფიციალური ვიზიტით კვირას ეწვევა.



XS
SM
MD
LG