ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საახალწლო ტრადიციები ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში


ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონის სოფლებში ძველით ახალი წელი განსაკუთრებულად აღნიშნებოდა. იქაური მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ნამდვილი ახალი წელი სწორედაც რომ 14 იანვარს დგება. მათივე ტრადიციის მიხედვით, დღეს ბედობაა, თუმცა ამ დღესასწაულების და უძველესი რიტუალების შესრულება დიდი და პატარა ლიახვისა და ფრონეს ხეობის მოსახლეობას საკუთარ, მამა-პაპეულ სახლებში აღარ შეუძლიათ. დღეს ისინი დევნილობაში ცხოვრობენ და ჩვეულებებს, რითაც ახალ წელსა და მეკვლეს ხვდებოდნენ, ამჯერად მხოლოდ ნაცნობებთან იხსენებენ.

ბატონი მიხეილ გოგიძე 80 წლისაა. მთელი ცხოვრება მან სოფელ ძარწემში გაატარა, რომელიც ძალიან ახლოსაა ცხინვალთან. ამჟამად გორთან, ეგრეთ წოდებულ კარალეთის დასახლებაში ცხოვრობს. როდესაც ისეთ ადამიანს ვეძებდით, ვინც საახალწლო ტრადიციების შესახებ საინტერესო მოსაუბრე იქნებოდა, სწორედ ბატონი მიშას მონახულება გვირჩიეს. დასახლებაში ყველა კოტეჯს თავისი ნომერი აქვს, მაგრამ როცა ვიკითხეთ ბატონი მიშას სახლი სადააო, გვითრეს, კოტეჯებს გაჰყევით და სადაც გაშენებულ ხეივანს ნახავთ, მისი სახლიც იქ იქნებაო.


გოგიძეების ოჯახი პირველია, ვისაც დევნილობაში, კოტეჯის წინ უკვე ხეივანი აქვს გაშენებული. თავად მისი მონახვა კი არც ისე იოლი აღმოჩნდა. ჩასახლებულ დევნილთა ნაწილს ხელისუფლებამ, კოტეჯებისგან მოშორებით პატარა მიწის ნაკვეთები გამოუყო დასამუშავებლად. ბატონი მიშა სწორედ თავისი ნაკვეთის დასასუფთავებლად იყო წასული. გვითხრა, რომ გაზაფხულამდე იქ ბევრი საქმეა.

ირინა ოთინაშვილი ბატონი მიშას რძალია, ამჯამად ისიც დევნილია და გორში, ვერხვების დასახლებაში გერმანიის მთავრობის დაფინანსებით აშენებულ კოტეჯში ცხოვრობს.საახალწლოდ მეუღლესა და შვილებთან ერთად მამამთილს კარალეთის დასახლებაში ესტუმრა. ტკბილი ცომისგან პატარა კაცუნები, ადამიანის მარჯვენა ხელი, მთვარისა და ნამგლის ფორმის ნამცვრები საახალწლოდ მასაც ბევრჯერ გამოუცხვია.

ბატონმა მიშამ ხეობა 2008 წლის 15 აგვისტოს დატოვა. როგორც თავად ამბობს, საშინელება, რაც იქ მოხდა, მუდამ მის გონებაში იტრიალებს.

გოგიძეების ოჯახი წლევანდელ ახალ წელს ამგვარი რიტუალების თანხლებით არ შეხვედრია, თუმცა ირინა ოთინაშვილს მიაჩნია, რომ ტრადიციები არ უნდა დაიკარგოს. რიტუალების ჩვეულების გაგრძელებაზე ისინი მომავალი ახალი წლისთვის იფიქრებენ.


XS
SM
MD
LG