ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატოს ავღანეთში ხალხის ნდობა აინტერესებს


ნატოს მთავარსარდალის განცხადებით ავღანეთში სამოქალაქო მდგომარეობის გაუმჯობესება უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე სამხედრო წარმატებების მიღწევა ნატოს ძალების მთავარსარდალმა განაცხადა, რომ მას უფრო აღელვებს ის, რომ მისმა სამხედრო ძალებმა ავღანელი ხალხის ნდობა მოიპოვონ და ავღანეთის სამხედრო ძალების სიდიდე და კომპეტენტურობა გაზარდონ ვიდრე ბრძოლის ველზე თალიბი მეამბოხეები დაამარცხონ. შეერთებული შტატების საზღვაო ძალების ადმირალი ჯეიმს სტავრიდისი ვაშინგტონში ვიზიტის დროს ამერიკის ხმის პენტაგონის კორესპონდენტს ალ პესინს გაესაუბრა. ადმირალი სტავრიდისის თქმით, როცა წლის მიწურულს პრეზიდენტი ბარაკ ობამა ავღანეთში მისი ახალი სტრატეგიის მიმოხილვას დაიწყებს, დაღუპულ მეამბოხეთა რიცხვს ან სამხედრო გამარჯვებების მიღწევას ნაკლები ყურადღება დაეთმობა. მისი თქმით:


-„უპირველეს ყოვლისა მე დავუკვირდები საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს, რომელიც ცხადყობს, რომ ხალხი კოალიციურ ძალებს კვლავინდებურად მნიშვნელოვან მხარდაჭერას უცხადებს, რაც არ შეიძლება ითქვას თალიბ მეამბოხეებზე. მეორე, მე შევხედავ ავღანეთის უშიშროების ძალების რაოდენობას. მესამე, მე შევამოწმებ იმ სამხედრო ოპერაციების ხარისხს, რომელიც ავღანეთის უშიშროების ძალებმა ჩაატარეს.“ ადმირალი აღნიშნავს, რომ ახლახან ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, რომელიც ამერიკული, ბრიტანული და გერმანული საინფორმაციო ორგანიზაციებისთვის ჩატარდა, შეინიშნება ავღანელების მზარდი მხარდაჭერა ავღანეთის მთავრობისა და ნატოს ძალებისათვის იმავე გამოკითხვის ერთი წლის წინანდელ შედეგებთან შედარებით. მისი თქმით, ამ ტენტენციის გაგრძელება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიზანს წარმოადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ავღანეთის მთავრობა კორუფციის აღმოფხვრას სერიოზულად უნდა მოეკიდოს და ხალხის მომსახურება უნდა გააუმჯობესოს. ადმირალი სტავრიდისი აღნიშნავს, რომ თალიბ მეამბოხეთა დამარცხება, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებზე კონტროლის დაწესება და სხვა ტრადიციული სამხედრო ზომების მიღება რასაკვირველია მნიშვნელოვანია, მაგრამ არა როგორც ავღანელი ხალხის ნდობის მოპოვება. ამასთან დაკავშირებით ადმირალი სტავრიდისი აღნიშნავს: „მე ვიტყოდი, რომ ეს ზომები ნაკლებად მნიშვნელოვანია ამ ოპერაციის კონტექსტში რადგან ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ავღანელ ხალხზე. თუ ჩვენ ავღანელებს მივხედავთ, თალიბები დამარცხდებიან.“ აღსანიშნავია, რომ ადმირალმა სტავრიდისმა ნატოს ძალების მთავარსარდლობა გასული წლის ივნისში ჩაიბარა. მისი თქმით, ავღანეთში ახალი სტრატეგიის განხორციელება სამხედრო ძალების გამოყენების გარდა საერთაშორისო სამოქალაქო პროფესიონალების მონაწილეობას მოითხოვს. მას მიაჩნია, რომ ავღანელი ხალხის გაგება ამ სტრატეგიული მიდგომის კრიტიკულად მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. ადმირალი სტავრიდისის აზრით, ავღანეთში მოკავშირე ქვეყნების სადაზვერვო საქმიანობა უნდა დაეთმოს ავღანელ ხალხს და არა თალიბ მეამოხეებს. ამ მიზნით მას სურს ნატოს წევრი სახელმწიფოების გამოცდილების შესწავლა რათა შეიქმნას სრული სურათი იმისა, თუ როგორ ცხოვრობენ ავღანელები და რა აღელვებთ მათ. ადმირალმა სტავრიდისმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ნატოს წევრი სახელმწიფოები, რომლებმაც გასული რამდენიმე თვის მანძილზე გამოთქვეს სურვილი ავღანეთში სამხედრო ძალებისა და ინსტრუქტორების გაგაზავნისა, მზად უნდა იყვნენ უფრო მეტი დანაკარგებისთვის რადგენ მომდევნო თვეების მანძილზე მოსალოდნელი იქნება საბრძოლო მოქმედებების გაფართოება.


-„თუ ჩვენ გვსურს მისიის წარმატებით შესრულება, მაშინ დანაკარგების არ უნდა გვეშინოდეს. ჩვენ ისე უნდა წარვმართოთ ჩვენი მისია, რომ დანაკარგები აბსოლუტურ მინიმუმამდე დავიყვანოთ. ამდენად ჩვენი ყურადღების ცენტრშია თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები, აზრიანი ტაქტიკის განხორციელება და სადაზვერვო მასალების მოპოვება. ჩვენ უფრო ინტენსიურად დავიწყებთ სამოქალაქო პარტნიორებთან თანამშრომლობას და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი სამხედრო მთავარსარდლობა წარმატებული იქნება.-“ ადმირალი სტავრიდისი დარწმუნებულია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ავღანეთში თალიბ მეამბოხეთა მოძრაობას დაამარცხებს. მაგრამ მისი აზრით ეს მოითხოვს ყოვლისმომცველ მიდგომას, რომელიც ითვალისწინებს სამოქალაქო ინიციატივებსა ისევე როგორც სამხედრო ძალის გამოყენებას. მას იმედი აქვს რომ სწორედ ეს ახალი მიდგომა მიმდინარე თვის მიწურულს ლონდონში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაზე დისკუსიების მთავარი თემა იქნება.

XS
SM
MD
LG