ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანში მდგომარეობა დაძაბულია


ირანში გასული წლის ივნისში ჩატარებული სადავო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში საპროტესტო დემონსტრაციების ტალღა აგორდა, რომელშიც ამ ბოლო დროს სულ უფრო ხშირია ძალადობის ფაქტები, ხოლო დაქსაქსულ ოპოზიციასა და მთავრობას შორის ურთიერთობებში მზარდი დაძაბულობა შეინიშნება.

ამ საკითხებთან დაკავშირებით ინტერვიუ ვთხოვეთ ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ედმუნდ უოლშის სახელობის დიპლომატიური სამსახურის კოლეჯის პროეფოსრს, ქალბატონ შირინ ჰანტერს, რომელიც ირანში არსებულ მდგომარეობას მიმოიხილავს.

კითხვაზე თუ როგორ განვითარდება მდგომარეობა ირანში ახლო მომავალში, ქალბატონმა ჰანტერმა აღნიშნა:

„იმაზე დაყრდნობით რასაც მე თვალ-ყურს ვადევნებ, ვფიქრობ, რომ მდგომარეობა იქ არ გაუმჯობესდება რადგან არც ოპოზიციას და არც მთავრობას არ სურს გამოიჩინოს მოქნილობა საერთო ენის მოსანახად, რომელიც დააკმაყოფილებდა ირანელების დიდი ნაწილის მოთხოვნებს. ამდენად ჯერჯერობით მოვლენები ცხადყოფს, რომ ოპოზიციასა და მთავრობას შორის არსებული განხეთქილება ღრმავდება. მაგრამ ამას გარდა, ჩემის აზრით, საზოგადოებაში შეინიშნება აშკარა პოლარიზაცია, რომელიც ნაწილობრივ მაინც განპირობებულია აზრების სხვადასხვაობით ისეთ საკითხებზე როგორიც არის ისლამური მთავრობა და ისლამური რესპუბლიკა. ხოლო მეორეს მხრივ არსებობს ირანელების ჯგუფი, რომელსაც სურს საერო პოლიტიკური წყობა ან უფრო ლიბერალური და რეფორმისტული ისლამის ცნების შემოღება. ამდენად შექმნილი მდგომარეობა ქვეყანას არაფერს კარგს არ უქადის.“

რაც შეეხება იმას, თუ რა გავლენა ექნება ირანში მიმდინარე მოვლენებს მეზობელ ქვეყნებსა და მთლიანად რეგიონზე, შირინ ჰანტერმა აღნიშნა:

„ის პრობლემები, რომელიც ირანში წარმოიქმნა, ჯერ-ჯერობით ირანის მეზობელ ქვეყნების საფრთხეს არ უქმნის. პირიქით, არის იმის საშიშროება, რომ ირანში მიმდინარე პროცესების ფონზე, რეგიონის ზოგიერთმა ქვეყანამ თეირანს ორმხრივად სადავო საკითხებში გარკვეული პრეტენზიებიც წამოუყენოს. მაგრამ თუ მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და განსაკუთრებით კი თუ ირანში სამოქალაქო ომი დაიწყო, მაშინ ამგვარ მოვლენას მეზობელ ქვეყნებზე მნიშვნელოვანი გავლენა ექნება.“

შირინ ჰანტერს აგრეთვე მიაჩნია, რომ ქვეყნის შიგნით არსებული არეულობის მიუხედავად ირანის მთავრობის დამოკიდებულება ბირთვული საკითხის მიმართ სამწუხაროდ უცვლელი დარჩება.

ინტერვიუს ბოლოს პროფესორმა ჰანტერმა ასე დაახასიათა ირანის ოპოზიციური მოძრაობა: „ის ოპოზიციური მოძრაობა, რომელსაც ჩვენ დღეს ვხედავთ, ძირითადად შედგება იმ ჯგუფებისგან, რომლებიც ადრე მმართველ რეჟიმში შედიოდა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო მას გამოეყვნენ და დაიწყეს საკუთარი პოზიციებისა და იდეოლოგიის გადახედვა. ბევრი მათგანი ირანის მემარცხენე მოძრაობიდან მოვიდა. მათთვის მიუღებელია რელიგიის არევა პოლიტიკასთან. ამას გარდა ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ათწლეულების მანძილზე ქვეყნის გარეთ მოქმედი ოპოზიციური ჯგუფებიც, რომლებიც აშკარად გააქტიურდნენ და ამჟამად ირანში მიმდინარე პროცესებში ჩართვას ცდილობენ.“


XS
SM
MD
LG