ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკაში საჰაერო მგზავრობის ახალი წესები დაწესდება


მგზავრებს, რომლებიც შეერთებულ შტატებში იმ თოთხმეტი ქვეყნიდან ჩამოდიან, რომლებიც ამერიკას სახიფათოთა სიაში ჰყავს შეყვანილი, სხვებთან შედარებით უფრო ზედმიწევნითი ჩხრეკის გავლა მოუწევთ. შავ სიაში ავღანეთი, ალჟირი, კუბა, ლიბანი, ლიბია, ირანი, ერაყი, ნიგერია, პაკისტანი, საუდის არაბეთი, სომალი, სუდანი, სირია და იემენი არიან შეყვანილნი. ამ გუნდში კუბა ერთადერთ არამუსლიმანურ ქვეყანას წარმოადგენს. პაკისტანელი ჟურნალისტი და ყოფილი დიპლომატი აკბარ აჰმედი ამბობს, რომ ზემოთქმული ქვეყნების მოქალაქეებმა ახალი ამბავი ძალზე ცუდად მიიღეს:

„ეს გასაგებიცაა, ამ ქვეყნების მოსახლეობის უმრავლესობას ნორმალური, კანონმორჩილი ხალხი წარმოადგენს. ისინი არც ტერორისტები არიან და არც რაიმე შეხება აქვთ ექსტრემისტებთან. უფრო მეტიც, მათი უმრავლესობა თავს ტერორიზმის მსხვერპლად მიიჩნევს. მე კარაგად მესმის ის თუ რატომ მიიღო ამერიკის ადმინისტრაციამ ასეთი გადაწყვეტილება, მაგრამ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, დამატებითი ზომების შემოღება სასურველ შედეგს ვერ იძლევა და მხოლოდ ხალს აღიზიანებს“.

„თუ მე აჰმედი ან მუჰამედი მქვია, ისინი უკვე ეჭვის თვალით მიყურებენ, არადა მუსლიმ მამაკაცთა ოც თუ ოცდაათ პროცენტს ეს ორი სახელი ჰქვია გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ ეს სახელები წინასწარმეტყველ მუჰამედთანაა დაკავშირებული“. აგრძელებს აკბარ აჰმედი.

ნადია ბილბასი ახლო აღმოსავლეთის რადიომაუწყებლობის ცენტრის კორესპონდენტია. მისი თქმით, არაბები ახალ ზომებს პრეზიდენტ ობამას მიერ ქაიროში ნათქვამის საპირისპირო ქმედებათ ჩათვლიან. ირონიულია, რომ ეგვიპტეში სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტმა მუსლიმანურ სამყაროს ახალი კავშირების გაბმისკენ მოუწოდა და ისლამისადმი პატივისცემა გამოხატა:

„უშიშროება ყველასთვის, ამერიკელებისთვის, არაამერიკელებისთვის, მუსლიმებისა და არამუსლიმებისთვისაც უმთავრეს საზრუნავს წარმოადგენს. პრობლემა კი ბალანსის დაცვაა.

ექსტრემისტების წინააღმდეგ ბრძოლისას, უდანაშაულო ხალხი არ უნდა დაიჩაგროს. არ უნდა ირღვეოდეს ადამიანის და აღმსარებლობის თავისუფლებები“. გვეუბნება ქალბატონი ბილბასი.

სადაზვერვო სამსახურების მუშაობით უკმაყოფილო პრეზიდენტმა ობამამ, განსაკუთრებული ზომების გატარების ბრძანება გასცა. მისი თქმით, იმ ქვეყნების სია, რომლებიც სახიფათოდ არიან ჩათვლილნი და იმ პირთა სიაც, რომლებსაც შეერთებულ შტატებში ჩამოსვლა ეკრძალებათ კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს.

XS
SM
MD
LG