ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინტერვიუ პროფესორთან  პოლოკოვნიკ ჯონ ჩიკისთან


22 დეკემბერს შეერთებული შტატების გავლენიანი რესპუბლიკელი სენატორის რიჩარდ ლუგარის ოფისის მიერ გამოქვეყნდა მოხსენება სათაურით „ბალანსის მიღწევა: შეერთებული შტატების პოლიტიკა და საქართველოს სტაბილურობა,“ რომელშიც სენატორი ლუგარი მოუწოდებს ობამას ადმინისტრაციასა და ნატოს წევრ სახელმწიფოებს განიხილონ საქართველოსთვის სამხედრო დახმარების საკითხი. ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით ამერიკის ხმის ქართულმა რედაქციამ ინტერვიუ ჩამოართვა ამერიკის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის პროფესორს პოლოკოვნიკ ჯონ ჩიკის. ბატონმა ჩიკიმ თავიდანვე საგანგებოდ აღნიშნა, რომ ინტერვიუში იგი გამოთქვამს მის პირად აზრს, რაც არ წარმოადგენს ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის, თავდაცვის სამინისტროსა თუ შეერთებული შტატების მთავრობის ოფიციალურ პოზიციას.

სენატორ ლუგარის მოხსენების მნიშვნელობის შესახებ ბატონმა ჩიკიმ აღნიშნა: „მე ვფიქრობ, რომ ეს მოხსენება ნამდვილად დროულია. ამ საკითხის განხილვა აუცილებელია. ის პროცესი რომლის ფარგლებში შეერთებული შტატები და ნატოს წევრი სახელმწიფოები ახორციელებენ საქართველოსთვის დახმარების გამოყოფას უშიშროების სფეროში მხოლოდ პირადი შემადგენლობის მომზადებაზეა გამახვილებული. ამას გარდა მასში გათვალისწინებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მართვის სტრუქტურის სრულყოფა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვან კითხვაზე - როგორ მოიპოვებს საქართველო იმ საშუალებებს, რომელიც ქვეყანას ტერიტორიული თავდაცვისუნარიანობის მინიმუმის გარანტიას მისცემს - ჩვენ დღემდე არ ვიცით პასუხი. ამდენად მე ვფიქრობ, რომ ამ მოხსენების მნიშვნელობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მასში მოცემულია გარკვეული რეკომენდაციები ამ საკითხთან დაკავშირებით.“

ბატონმა ჩიკიმ აგრეთვე აღნიშნა, რომ სენატორ ლუგარის მოხსენებაში დეტალურად არის განხილული ამერიკა-საქართველოს ურთიერთობა უშიშროების სფეროში ამ ბოლო რამოდენიმე წლის მანძილზე. ამას გარდა, მოხსენებაში გაანალიზებულია ის ხარვეზები, რომელიც საქართველოს ტერიტორიული თავდაცვისუნარიანობის სფეროში არსებობს. ჩიკის აზრით, მოხსენების ერთ-ერთი ნაკლოვანება ის არის, რომ მასში საკმარისად არ არის განმარტებული მოცემული რეკომენდაციების შესრულების სტრატეგია. მაგალითად, მოხსენებაში ნათქვამია, რომ შეერთებულმა შტატებმა ნატოს მეკავშირეებთან უნდა ითანამშრომლონ უშიშროების საკითში საქართველოსთვის ყოვლისმომცველი და გამჭვირვალე დახმარების პროგრამის შესაქმნელად, მაგრამ სამწუხაროდ ალიანსში ამ მწვავე საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა სუფევს, რაც გადაწყვეტილებების მიღებას საგრძნობლად ართულებს.

კითხვაზე თუ როგორ ახერხებს შეერთებული შტატები საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის წარმართვას მაშინ როცა მას რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვა სურს, პოლკოვნიკმა ჩიკიმ ასეთი პასუხი გაგვცა:

„ეს ძალიან რთული კითხვაა რადგან სწორედ ეს არის ის დილემა, რომელიც შეერთებული შტატების პოლიტიკაში არსებობს საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის მიმართ. უპირველეს ყოვლის ჩვენ უნდა ავღნიშნოთ, რომ საქართველო სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოა და ამდენად საქართველოსთან ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების წარმართვა სწორედ ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ. ანუ სხვაგვარად, რომ ვთქვათ, ჩვენი ურთიერთობა ერთ სუვერენულ სახელმწიფოსთან არ უნდა ექვემდარებოდეს სხვა სუვერენული სახელმწიფოს მოწონებასა თუ დაწუნებას. ამგვარად, შეერთებულმა შტატებმა და მისმა დასავლელმა მოკავშირეებმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყონ დიალოგი საქართველოსთვის დახმარების გამოყოფის თაობაზე რათა ქვეყანამ მოიპოვოს ის საშუალებები, რომელიც აუცილებელია ტერიტორიული თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფისთვის. პარალელურად ამერიკამ და დასავლეთმა დიპლომატიური, ეკონომიკური და პოლიტიკური ხერხების გამოყენებით საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბულობის შემცირებას უნდა შეუწყონ ხელი. მაგრამ ეს ძალზედ რთული პროცესი იქნება, რადგან მოსკოვის პოლიტიკურ კლასს სურს პრეზიდენტ სააკაშვილის საერთაშორისო იზოლაცია და მისი ხელისუფლებიდან მოცილება არასამხედრო ხერხების გამოყენებით, რომელიც ქვეყნის შიგნით დესტაბილიზაციის კერების შექმნას ითვალისწინებს.“


XS
SM
MD
LG