ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის  პრეზიდენტი ამერიკას აკრიტიკებს


ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა ისევ გაილაშქრა სიტყვიერად აშშ-ს წინააღმდეგ, რაც ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით კიდევ ერთი მცდელობაა პოლიტიკური გავლენის გაფართოვებისა მაშინ, როდესაც ანტი-სამთავრობო საპროტესტო გამოსვლებს აქვს ადგილი. ქალაქ შირაზში გაკეთებულ განცხადებაში მაჰმუდ აჰმადინეჟადმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლოაღმოსავლეთის სახელმწიფოები აღარ დაუშვებენ რეგიონში აშშ-ს გავლენის გაფართოვებას.

-„ყველამ უნდა იცოდეს ერთი რამ: იმ ძალებს, რომლებიც ავღანელი ხალხის სისხლს ღვრიან მოუწევთ ამ ქვეყნის დატოვება“.

ამავე განცხადებაში მან ბრალდებას, რომლის თანახმადაც ირანი ცდილობს შეიმუშავოს თანამედროვე ბირთვული იარაღი მოძველებული უწოდა.მისივე თქმით აშშ-სა და ისრაელს უფრო მეტი იარაღი აქვს ვიდრე ირანს.

-„აშშ-ს თითქმის რვა ათასი ბირთვული ქობინი აქვს, ისრაელს კი ოთხასი. აქედან გამომდინარე საჭიროა ამ ქვეყნების განიარაღება. ირანი და სხვა ქვეყნები კვლავ წინააღმდეგობას გასწევენ სანამ არ მოხდება ამერიკისა და სხვა ქვეყნების სრული განიარაღება.“

ირანში დავა-კამათს აქვს ადგილი სპეციალისტებს შორის იმის თაობაზე თუ რამდენად დიდი გავლენა აქვს კიდევ პოლიტიკურ ცხოვრებაზე აჰმადინეჟადს ირანში. არაბული ქვეყნებისა და ირანის საკითხების შემსწავლელი ცენტრის თანამშრომელმა დოქტორმა მეჰრად ხონსარიმ შემდეგი განაცხადა ჩვენთან საუბარში:

-„აჰმადინეჟადს არა ერთი პრობლემა აქვს ირანში. ზოგს მიაჩნია, რომ მან არაკანონიერად დაიბრუნა ქვეყნის მართვის სადავეები, მაგრამ მას ეს არ ანაღვლებს. მისთვის სულერთია. მის გამოსვლას ხუთი ათასი კაცი შეეგებება თუ ორმოცდაათი ათასი. იგი ყოველთვის ცდილობს ერთი რამის გამოხატვას, რომ მას ქვეყნის კონტროლის სადავეები კვლავაც უპყრია ხელთ, რაც შეესაბამება სინამდვილეს. „

ბრიტანეთში ბირმინჰემის უნივერსიტეტის თანამშრომელს სკოტ ლუკასს მიაჩნია, რომ ბოლო დროს ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას პრეზიდენტ აჰმადინეჟადსა და ირანის უზენაეს სულიერ ლიდერს ალი ხამენეის შორის საკვანძო მნიშვნელობის მქონე სამინისტროებზე კონტროლის საკითხში. მისივე თქმით რევოლუციური გვარდია ხშირ შემთხვევაში აჰმადინეჟადის პოზიციას იზიარებს.

-„დაზვერვის სამინისტროში მთელი რიგი მაღალჩინოსნები მოხსნეს თანამდებობიდან და ეს გაამართლეს იმით, რომ თავის დროზე აჰმადინეჟადმა და რევოლუციურმა გვარდიამ ამ სამინისტროში მოახერხეს მაღალ პოსტებზე თავისი ხალხის დასმა. გასაზღვრულწილად შეიძლება ითქვას, რომ ხამენეი სრული გამარჯვების მოპოვებას ვერ ახერხებს. ჯერ-ჯერობით მხოლოდ ერთი რამ არის გაურკვეველი-დღეისათვის რა ურთიერთობაა ჩამოყალიბებული აჰმადინეჟადსა და რევოლუციურ გვარდიას შორის“-გვითხრა ლუკასმა.

თელავივში მეეპასის ცენტრის თანამშრომელს მეირ ჯავენ დაფარს მიაჩნია, რომ აჰმადინეჟადს მნიშვნელოვანი პრობლემები არ გააჩნია ხამენეისთან. თუმც მისივე აზრით აჰმადინეჟადს სერიოზული პრობლემები აქვს ირანის საზოგადოებასთან და კერძოდ ოპოზიციური პოზიციის მაქონე მწვანეთა მოძრაობასთან. მან კერძოდ თქვა:

-„რაც შეეხება აჰმადინეჟადისა და ხამენეის ურთიერთობას, აქ აჰმადინეჟადი გამოდის გამარჯვებული. ხოლო თუ განვიხილავთ აჰმადინეჟადის ურთიერთობას სხვებთან, განსაკუთრებით ზომიერი პოზიციის მქონე კონსერვატორებთან, აი აქ მას სერიოზული პრობლემები გააჩნია, არაფერი რომ არ ვთქვათ ოპოზიციურ-რეფორმისტულ მოძრაობაზე, რომელთან მიმართებაში აჰმადინეჟადის პრობლემები დღითი დღე მატულობს “- თქვა მეირ ჯავენ დაფარმა.

XS
SM
MD
LG