ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როგორი მომავალი უნდა დაისახოს ავღანეთმა  2010 წლისთვის


მიმდინარე წლის დასაწყისისთვის თალიბები ავღანეთის თითქმის მთელ სამხრეთ ნაწილს და ნარკოტრეფიკინგს აკონტროლებდნენ. ამერიკელების დაქვემდებარებაში მყოფი სამხედრო კოალიციის ძალები საჰაერო დაბომბვებს ახორციელებენ თალიბების წინააღმდეგ. თუმცა საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პიერ კრაენბული ამბობს, რომ ასეთი სტრატეგია მოსახლეობას შორის დიდ მსხვერპლს იწვევს:

„კონფლიქტი გამწვავდა და ავღანეთის სხვა რეგიონებსაც მოედო. წელს ბევრად მეტი სამოქალაქო პირი დაიღუპა ვიდრე შარშან". ამბობს იგი.

საჰაერო დაბომბვებმა ავღანეთის მოსახლეობის რისხვა გამოიწვია. ქვეყნის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ დაგმო დაბომბვები. მანგანაცხადა, რომ ავღანეთში მშფოთვარე სიტუაციის არსებობას დიდწილად ასეთი დაბომბვებისას მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის ფაქტები იწვევს და მათი შეწყვეტა მოითხოვა. საპასუხოდ ნატომ დაბომბვების უფრო მკაცდრად გაკონტროლების გადაწყვეტილება მიიღო. შეერთებული შტატების სამხედრო ძალების მთავარსარდალმა ადმირალმა მარკ მალენმა ამერიკის ხმის კორესპონდენტს განუცხადა, რომ ახლა დაბოპმბვებისას დიდ სიფრთხილეს იჩენენ:

„ყოველთვის, როდესაც ჩვენს მიერ განხორციელებული ოპერაციის დროს ავღანეთის მოქალაქე, მამაკაცი, ქალი თუ ბავშვი იღუპება, სტრატეგიულ მარცხს განვიცდით და საბოლოოდ ეს ჩვენს მისიას ავნებს". განაცხადა ადმირალმა. გასულ მარტს კი პრეზიდენტმა ობამამ ავღანეთის პრობლემისადმი უფრო დიდი ყურადრების მიპყრობის აუცილებლობის შესახებ ისაუბრა:

„სამი წლის განმავლობაში მეთაურები რესურსებით მომარაგებას გვთხოვენ. მაგრამ ერაყის ომიდან გამომდინარე ამ რესურსების მიწოდებაზე უარს ვეუბნებოდით. ახლა კი სიტუაცია შეიცვალა". განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა. ომაბამ ავღანეთში დამატებით მრავალათასიანი სამხედრო კონტინგენტის გაგზავნა გადაწყვიტა და მთავარსარდლად გენერალი სტენლი მაკკრისტალი დანიშნა.

კარზაის პრეზიდენტობის ვადა გასულ მაისს ამოიწურა. მაგრამ მთავრობამ არადამაკმაყოფილებელი უშიშროების ფონის არსებობის საბაბით, არჩევნები აგვისტოს ბოლომდე არ ჩაატარა. თალიბების თავდასხმები გახშირდა. მათ არჩევნების ჩაშლა ჰქონდათ დაგეგმილი. მაგრამ 20 აგვისტოს ჩატარებულ არჩევნებში მაინც მილიონობით ავღანელმა მიიღო მონაწილეობა. თუმცა საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნების დროს მრავალი დარღვევა და კარზაის სასარგებლოდ გაყალბება დააფიქსირეს. საპასუხოდ ავღანეთის მთავრობამ კარზაისა და ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს აბდულა აბდულას შორის განმეორებითი არჩევნების ჩატარება გადაწყვიტა. მაგრამ აბდულამ, რომელმაც განაცხადა, რომ მისი რწმენით ეს არჩევნებიც გაყალბდებოდა, საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. შედეგად ქვეყნის საარჩევნო კომისიამ გამარჯვებულად კარზაი სცნო.

2009 წელს ავღანეთში უფრო მეტი ხალხი დაიღუპა, ვიდრე ომის მიმდინარეობის ნებისმიერ სხვა წელს. კარზაი იმედოვნებს, რომ მისი პრეზიდენტობის მეორე ვადის ამოწურვის პერიოდში, ქვეყნის ტერიტორიაზე უშიშროების უზრუნველყოფას თავად ავღანეთის შეიარაღებული ძალები შესძლებენ. ამერიკამ და ნატოს წევრმა სხვა ქვეყნებმა ავღანეთში დამატებითი სამხედრო შენაერთები გაგზავნეს:

„ამერიკელი და სხვა ქვეყნების წარმომადგენელი სამხედროები ერთობლივი ძალებით ხელს შეუწყობენ იმას, რომ 2011 წლისთვის ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე უშიშროების უზრუნველყოფა თავად ავღანელებმა შესძლონ". განაცხადა ბარაქ ობამამ.

პრეზიდენტმა კარზაიმ კი განაცხადა, რომ ავღანეთი დახმარების გარეშე საკუთარი შეიარაღებული ძალების შენახვას და მომზადებას უახლოესი ათი ან თხუთმეტი წლის განმავლობაში ვერ შესძლებს: „ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობა, პირველ რიგში კი ამერიკა ავღანეთს ეკონომიკურ აღორძინებასა და შეიარაღებული ძალების მომზადებაში ხელს შეუწყობენ. ჩვენ კარგად მომარაგებული სამხედროების კონკრეტული რაოდენობის ყოლა გვესაჭიროება". განაცხადა ჰამიდ კარზაიმ.

მან კორუფციასთან უფრო დიდი მონდომებით ბრძოლის პირობა დადო და რამდენიმე სახელმწიფო მოხელის საქმის გამოძიების ბრძანებაც გასცა. გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლი სულ უფრო იზრდება, ანალიტიკოსები თვლიან, რომ ამ ეტაპზე ავღანეთს, საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით გულგრილობის გამოვლენის უფლება არ აქვს. ზაქარია კიკნაძე , ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.


XS
SM
MD
LG