ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალტერნატიული ენერგიის წყაროების განვითარებას ათწლეულები დასჭირდება


კოპენჰაგენში კლიმატის ცვლილებისადმი მიძღვნილი კონფერენცია მიმდინარეობს სადაც ყურადღება გამახვილებული იქნება ალტერნატიული ენერგიის წყაროების განვითარებაზე, შეამცირებს სათბურის გაზებით გარემოს დაბინძურებას შეამცირებს. ამ ალტერნატიული ენერგიის წყაროების ერთი ნაწილი, ქარის, მზის, ბიომასისა და გეოთერმული ენერგიის ჩათვლით, მიმზიდველია იმის გამო, რომ ისინი განახლებადია და ნავთობის, გაზისა და ნახშირის იმპორტის აუცილებლობას ამცირებს. მაგრამ, როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი გრეგ ფლაკუსი ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონიდან იუწყება, საკმაოდ დიდი ხანი დასჭირდება იმას, რომ განახლებადი ენერგიის წყაროები წიაღისეული საწვავის რეალურ ალტერნატივად გადაიქცეს.

ანალიტიკოსების უმეტესობას მიაჩნია, რომ ალტერნატიული ენერგიის წყაროები ვერ ცვლის ენერგიის ტრადიციულ წყაროებს. მართალია ალტერნატიული ენერგიის წყაროების ათვისება სწრაფად ვითარდება, მაგრამ ისინი ენერგიის მოხმარების ერთ პროცენტზე ნაკლებს აკმაყოფილებს.

ახლახან ჰიუსტონში რაისის უნივერსიტეტის ჯეიმს ბეიკერის სახელობის საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტში ჩატარდა შეხვედრა რომელშიც ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი, ელჩი რიჩარდ ჯოუნსი მონაწილეობდა. ჯოუნსმა მიმოიხილა ენერგომატარებლებზე გლობალური მოთხოვნისა და მიწოდების სამომავლო ტენდენციები. მისი თქმით:

„მომავალში თანამედროვე განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიები უდავოდ გავრცელდება. ამ სფეროში მოსალოდნელია ზრდის ყველაზე სწრაფი ტემპი. მაგრამ ამჟამად ენერგიის ამ წყაროების წილი ენერგომატარებლების მთლიან მოხმარებაში იმდენად უმნიშვნელოა, რომ გამოთვლების თანახმად 2030 წლისათვის ის საერთო მოხმარებაში მხოლოდ ორ პროცენტს შეადგენს.“

-ციტატის დასასრული-

მაგრამ მსოფლიოს ზოგიერთ ეკოლოგიურად სუფთა რეგიონებში უკვე დაიწყო წიაღისეული საწვავის ჩანაცვლება ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წყაროებით. ტეხასის შტატის დედაქალაქ ოსტინში განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებამ უკვე მოახდინა მნიშვნელოვანი გავლენა. ამ მზარდ ქალაქს ელექტროენერგიის ერთი მეათედი ტეხასის შტატის დასავლეთ ნაწილში მდებარე ქარის ტურბინებისგან მიეწოდება.

მომდევნო ათწლეულების მანძილზე ოსტინში ელექტროენერგიის წარმოება დამოკიდებული იქნება წიაღისეულ საწვავზე ანუ ნახშირსა და ბუნებრივ აირზე. მაგრამ ელექტროენერგიის მწარმოებელი კომპანიის, ოსტინ ენერჯის, მთავარი მენეჯერის როჯერ დანკანის თქმით, წიაღისეულ საწვავზე ფასის ზრდას მოჰყვება განახლებადი ენერგიის წყაროების პოპულარობის ზრდაც. ამასთან დაკავშირებით იგი აღნიშნავს:

„წიაღისეული საწვავი დღეს შედარებით იაფია, მაგრამ მის მოპოვებაზე დახარჯული სახსრები თანდათან იზრდება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ დანახარჯების მომატება მომავალში გაგრძელდება, რაც აგრეთვე განპირობებულია იმ ფაქტორით, რომ წიაღისეული საწვავის რაოდენობა შეზღუდულია. განახლებადი ენერგიის ზოგიერთი წყარო ამჟამად საკმაოდ ძვირია, მაგრამ მათ მოპოვებაზე დახარჯული სახსრები თანდათან კლებულობს. და ჩვენ ვფიქრობთ, რომ რამოდენიმე წელიწადში ეს ხარჯები კიდევ უფრო შემცირდება.“

-ციტატის დასასრული-

ბეიკერის სახელობის ინსტიტუტის ენერგეტიკის სფეროს ეკონომისტის კენ მედლოკის თქმით, საზოგადეობას უნდა ესმოდეს ის, რომ ალტერნატიული ენერგიის წყაროების განვითარება სახელმწიფო პროგრამების მეოხებით სახსრებს მოითხოვს.

მედლოკს მიაჩნია, რომ განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება მზარდ მნიშვნელობას იძენს რადგან წიაღისეული საწვავის მოცულობა დროის განმავლობაში სულ უფრო მცირდება.

მედლოკისა და სხვა ექსპერტების თქმით, არსებობს წიაღისეული საწვავისა და განახლებადი ენერგიის წყაროების კიდევ ერთი ალტერნატივა. ეს არის ენერგიის უფრო ყაირათიანი გამოყენება, უფრო ეფექტური ავტომანქანები, სახლები და შენობები და ენერგიის გამოყენების გაუმჯობესებული მონიტორინგი.

XS
SM
MD
LG