ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ადამ მიხნიკი საქართველოს მთავარი საფრთხის შესახებ


ვაშინგტონი რომ საინტერესო მოვლენების ქალაქია, ეს 3 დეკემბერს კიდევ ერთხელ დადასტურდა. ვუდრო ვილსონის საერთაშორისო ცენტრმა უაღრესად საინტერესო და წარმომადგენლობით შეხვედრას უმასპინძლა. ამჯერად ვრცელი აუდიტორის წინაშე ცნობილიპოლონელი საზოგადო მოღვაწე და ყოფილი დისიდენტი ადამ მიხნიკი წარსდგა.

ღონისძიებას კი იონ რაციუს 2009 წლის დემოკრატიის ლექცია ერქვა. ასეთი ლექციები, დემოკრატიის საკითხებზე პერიოდულად იმართება ხოლმე იონ რაციუს საქველმოქმედო ფონდის დაფინანსებით.

როგორც ცნობილია, იონ რაციუ რუმინეთის თვალსაჩინო მოღვაწეა, რომელიც ჩაუშესკუს დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლას რამდენიმე ათეული წელი აწარმოებდა. სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი თავისუფალ რუმინულ ბეჭდვით მედიას. გუშინ იონ რაციუს დემოკრატიის ჯილდო ცნობილ პოლონელ მოღვაწეს ადამ მიხნიკს გადაეცა.

შეხვედრის მაღალ დონზე მიუთითებდა ცნობილი ამერიკელი პოლიტოლოგის ზბიგნევ ბზეჟინსკის ყოფნა, რომელმაც პირადად ისაუბრა ადამ მიხნიკის უდიდეს როლზე, არა მარტო პოლონეთის არამედ საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოების წინაშე. შეხვედრას ესწრებოდნენ პოლონეთის, ლიტვის, ლატვიის ელჩები, მოწვეული იყო ასევე საქართველოს ელჩი შეერთებულ შტატებში ბათუ ქუთელიაც, თუმცა ის შეხვედრას არ ესწრებია. აღსანიშნავია, რომ მოწვეულ მაღალი რანგის სტუმართა სიას თავად ვილსონის ცენტრის დირექტორი ბატონი ლი ჰამილტონი კითხულობდა.

ადამ მიხნიკისთვის იონ რაციოს ჯილდოს გადაცემის შემდეგ ცნობილი პოლონელი მოღვაწის წარდგენა თავად ბატონმა ბზეჟინსკიმ ითავა. „დაახლოებით 45 წლის წინ მე ვიმყოფეოდი მიუნხენში. სადაც ვეწვიე რადიოსადგურ თავისუფალ ევროპას. ეს იყო ინსტიტუტი, რომელმაც სასიცოცხლო როლი ითამაშა თავისუფალი სულის შენარჩუნებაში ცენტრალურ ევროპაში. იქ იყო პოლონეთის განყოფილება.მას ხელმძრვანელობდა მამაცი პოლონელი ადამიანი, რომელიც მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში, იბრძოდა პოლონეთის თავისუფლებისთვის. და მან მითხრა, რომ ერთ ახალგაზრდა სტუდენტს სურდა ჩემთან შეხვედრა. მეც მაშინ ახალგაზრდა მეცნიერი ვიყავი.ეს სტუდენტი კი ადამ მიხნიკი იყო“ ბატონი ბზეჟინკის თქმით, ადამ მიხნიკის პიროვნებაში ერთად იყო თავმოყრილი ინტელექტუალიზმიც და საბრძოლო სულიც, რომელიც აუცილებელი იყო ახალგაზრული მოძრაობისთვის, წინააღმდეგობისთვის, სწორედ იმ მოძრაობისთვის, რამაც პოლონეთს და ასევე სხვა ერებს თავისუფლება მოუტანა.

ამის შემდეგ ბატონმა ბზეჟინსკიმ გაიხსენა გვიანი 70-იანი წლები, როდესაც შეიქმნა მოძრაობა „სოლიდარობა.“ „სოლიდარობის უმთავრესი ძალა იყო ის, რომ ის მართლაც სოლიდარული იყო. ეს იყო ნამდვილი სოლიდარობა.ეს იყო ხალხის, კლასების, დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი პოლონელების სოლიდარობა. სადაც არავინ აქცევდა ყურადღებას სოციალურ წარმომავლობას, სოციალურ კლასს, განათლებას. და აქ იყო ადამ მიხნიკი , როგორც ერთ-ერთი ლიდერი ამ შესანიშნავი მოძრაობისა.“

ბატონი ბზეჟინსკის შემდეგ ტრიბუნაზე თავად იონ რაციუს ჯილდოს მფლობელი ადამ მიხნიკი ავიდა. მან დაახლოებით 1 საათის მანძილზე მიმოიხილა დემოკრატიისთვის ბრძოლის მნიშვნელობა, საბჭოთა პერიოდის დროს მომხდარი მოვლენები, გაიხსენა იონ რაციუს ბრძოლა ჩაუშესკუს ნაციონალისტური დიქტატურის წინააღმდეგ, გაიხსენა პოლონეთში სოლიდარობის წლები, ბალტიელების, უნგრელების, ჩეხების, სლოვაკების, და ქართველების ბრძოლა დემოკრატიისა და თავისუფლებისათვის.

მიხნიკმა აღნიშნა, რომ დემოკრატიისთვის ბრძოლა არასდროს არ სრულდება, რადგან მას მუდამ ესაჭიროება დაცვა. ბრძოლის გარეშე დემოკრატია ვერ მიიღწევა და ასევე მუდმივი თავდაცვის გარეშე დემოკარტია ვერ შენარჩუნდება. ბოლოს დადგა შეკითხვების დროც. ჩემს შეკითხვაზე თუ რა არის საქართველოსთვის მთავარი საფრთხე - უბადრუკი დემოკრატია თუ რუსეთი, მიხნიკი ოდნავ დაფიქრდა, და განაცხადა:

„საქართველო ამჟამად ისეთ მდგომარეობაში იმყოფება, რომ თქვენ წააგებთ ყველა ომს რუსეთთან. ამიტომ ქართველი პოლიტიკოსების სიბრძნე იმაში უნდა მდგომარეობდეს, რომ არ იარონ ომის გზით.

სიბრძნე იქნება ასევე ის, რომ საქართველოს პრეზიდენტს არ უნდა ქონდეს ისეთი დამოკიდებულება ქართულ ოპოზიციასთან, როგორი დამოკიდებულებაც აქვს ბატონ პუტინს რუსეთის ოპოზიციასთან. პრეზიდენტი მათ უნდა ესაუბროს.

მე მქონდა საქართველოში ყოფნის ბედნიერება. მე იქ მოდერატორი ვიყავი, ოპოზიციური ტელეკომპანია „იმედის“ საკითხზე. და მე მქონდა საშუალება მესაუბრა, როგორც ხელისუფლებასთან, ისე ოპოზიციასთან.და მე არ ვფიქრობ რომ მათ შორის კომპრომისი შეუძლებელია. მაგრამ კომპრომისის ინიციატივა თავდაპირველად ხელისუფლებიდან უნდა წამოვიდეს. და ამდენად კითხვაზე თუ რა არის საქრათველოსთვის ყველაზე დიდი სფართხე, მე გიპასუხებთ ძალიან მარტივად. საქართველოს თუ უნდა უსაფრთხოება, ის უნდა იყოს დემოკრატიული. ეს ხომ დემოკრატიული კულტურის ქვეყანაა და საკითხების დემოკრატიული გადაწყვეტა, ეს იქნება საქართველოსთვის ბრძნული გამოსავალი ამ რთული ვითარებიდან.“

საქართველოზე საუბრით ბატონმა მიხნიკმა ფაქტობრივად დაასრულა თავის გამოსვლა ვუდრო ვილსონის ცენტრში. იმისთვის, რომ რადიოსმენელმა თავად გაანალიზოს ბატონი მიხნიკის მოსაზრებები საქართველოს შესახებ, უმჯობესია ჩვენც ამით დავასრულოთ.



XS
SM
MD
LG