ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მუმბაიში ცნობილი ტერორისტული თავდასხმიდან ერთი წელი გავიდა


ერთი წელი გავიდა ინდოეთის ქალაქ მუმბაიში ცნობილი ტერორისტული თავდასხმიდან, რასაც 165 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ეს დღე ყველას ახსოვს. მათაც ვინც ერთი წლის შემდეგ, საქორწინო ცერემონიალში მონაწილეობს. საზეიმო განწყობის მიუხედავად, მექორწილეებს კვლავ ახსოვთ ერთი წლის წინანდელი სისხლიანი მოვლენები. შარშანდელი ტრაგედიის შესახებ ქორწილის ახალგაზრდა მონაწილე, კოლეჯის 18 წლის სტუდენტი პრატიკ მაჰარი ყვება:

„ყველას სხვანაირი შეგრძნება გვაქვს. თქვენ ხედავთ აქ მყოფ პოლიციელებს. ხედავთ როგორ იცავენ ისინი უსაფრთხოებას მთელ ტერიტორიაზე. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ მუმბაელები კვლავ შიშით იხსნებენ გასული წლის ტრაგედიას"

ის აქ თავის მეგობართან ჯასალ შაჰთან ერთად მოვიდა.

ჯასალის თქმით, მართალია ეს უკვე წარსულია, თუმცა მათ არასდროს დაავიწყდებათ ის მოვლენა, რამაც მათ წარუშლელი ტკივილი დაუტოვა.

ტრაგედიის ერთი წლისთავზე, მუმბაიში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული.

უამრავი სამშენებლო ჯგუფია შეკრებილი ტრიდენტის ფეშენებელური სასტუმროს წინ, რომელიც გასული წლის 26 ნოემბერს შეიარაღებულმა ტერორისტებმა დაიკავეს, 165 ადამიანი მოკლეს და რამდენიმე ასეული მძევლად აიყვანეს.

თუმცა, სასტუმროში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები და მშენებლები არ არის გასული წლის ტრაგედიის ერთადერთი მოსაგონარი სახე. ქალაქის სხვა დანარჩენ მდიდრულ სასტუმროებში კერძო დაცვის სამსახურებია მობილიზებული. ინდური ჭიშკრის და ისტორიული ტაჯჰოტელის მახლობლად, სადაც შარშანდელი მოვლენების ეპიცენტრი იყო, უამრავი შეიარაღებული პოლიციელი და სამხედრო იცავს წესრიგს.

ქალაქში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დამატებითი პოლიციელები ახლომდებარე სოფლებიდან ავტობუსებითაც ჩამოიყვანეს.

ზოგიერთი ანალიტიკოსი სვამს შეკითხვას, თუ რა გაკვეთილი მიიღო ინდოეთმა გასული წლის მოვლენების შემდეგ. კონფლიქტების მართვის ინსტიტუტის დირექტორი და უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსი აჯაი საჰნი ამბობს, რომ ინდოეთის უსაფრთხოების ძალები კვლავ განიციდან აღჭურვილობის სიმწირეს. მათ ასევე აკლიათ შესაბამისი წრთვნა შარშანდელი შეტევის შესაძლო განმეორების აღსაკვეთავად.

„ინდოეთი ისტორიულად მხოლოდ მცირედს ხარჯავს თავის შიდა უსაფრთხოების გასაძლიერებლად, მაშინ როცა სხვა ქვეყნები ამ სფეროს თავიანთი მთლიანი შიდა პროდუქტის დიდ ნაწილს უთმობენ."

მისი თქმით, ინდოეთი მსოფლიოში ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა პოლიციაზე გაღებული დანახარჯებით. მუმბაიში განხორცილებეული თავდასხმის დროს, 20 მილიონიან ქალაქში მხოლოდ 40 ათასი პოლიციელი იყო, რაც 500 მოსახლეზე ერთ პოლიციელს უდრის.

საჰნი ამბობს, რომ ინდოეთს ასევე სუსტი და მცირერიცხოვანი საზღვაო სანაპირო დაცვა ყავს, როდესაც ქვეყნის 2600 კილომეტრიანი სანაპირო ზოლიდან გასულ წელს თავდამსხმებელმა იოლად შემოაღწიეს სამ დღიანი ტერორისტული შეტევების დროს.

ხელისუფლება კი აცხადებს, რომ ინდოეთმა კიდევ უფრო გააძლიერა უსაფრთხოების ძალები.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის ჩიდამბარამის განცხადებით, ინდოეთი უფრო მეტად არის დაცული ვიდრე ეს შარშან იყო.

„ჩვენ ვცდილობთ გავაძლიეროთ ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და ავამაღლოთ კომპეტენტურობა. ჩვენ უკვე გაგვაჩნია სადაზვერვო მონაცემების შეგროვების მყარი სისტემა, ასევე სადაზვერვო ინფორმაციების გაცვლა უფრო ეფექტურია. გარდა ამისა, ვახორციელებთ საპოლიცო ძალების უფრო ეფექტურად აღჭურვას და მათ ტრენინგს. ჩვენ დროის დაკარვის უფლება არ გვაქვს."

ხვალ, 26 ნოემბერს ტრაგედიის ერთი წლის თავია. ხელისუფლებამ კი კვლავ კიიღო ინფორმაცია რომ რამდენიმე ინდურ ქალაქში ტერორისტები ისევ გეგმავენ შეტევებს. ნოემბერი ინდოეთში განსაკუთრებულ დროდ ითვლება, რადგან ეს თვე ქორწილების სეზონად არის მიჩნეული. სწორედ ამიტომ, ტერაქტების წლისთავს ხელისუფლება უსაფრთხოების ზომების გამკაცრებით, ხოლო მოსახლეობა შიშით ხვდება.


XS
SM
MD
LG