ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხავერდოვანი რევოლუცია 20 წლის შემდეგ


ჩეხოსლოვაკიაში მშვიდობიან რევოლუციას ბიძგი ქვეყნის შიგნით და მეზობელ სახელმწიფოებში მომხდარმა მოვლენებმა მისცეს. პოლონეთსა და უნგრეთში მომხდარმა გარდაქმნებმა და მთავრობის დამხობამ აღმოსავლეთ გერმანიაში იმედი მისცა ჩეხებსა და სლოვაკებს, რომელბიც ქუჩებში თავისუფლების მოთხოვნით გამოვიდნენ. ბერლინის კედლის დაცემიდან ერთი კვირის შემდეგ სტუდენტებმა პრაღის ქუჩებში მშვიდობიანი აღლუმი მოაწყეს. მათი მთავარი მოთხოვნა იყო ქვეყნის მთავრობის პოლიტიკური გარდაქმნა. მალე უკმაყოფილების გამოსახატად სტუდენტებს ხელოვნები შეუერთდნენ. სახალხო მოძრაობას სათავეში ჩაუდგა დისიდენტი მწერალი და დრამატურგი ვაცლავ ჰაველი, რომელიც ექვსი კვირის შემდეგ აირჩიეს დემოკრატიული ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტად. ჩეხი ჟურნალისტი ჯირი ფიშერი, რომელიც ამერიკის ხმაში მუშაობს, 1989 წლის ხავერდოვან რევოლუციას მისი ცხოვრების ყველაზე ამაღელვებელ პერიოდს უწოდებს. ამასთან დაკავშირებით იგი აღნიშნავს:

„მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ჯადოსნური მომენტი და თეატრმა დიდი როლი შეასრულა იმიტომ რომ თეატრი მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიფიცა. თეატრის სცენები პრაღაში, ოსტრავასა და ბრნოში ერთგვარ პოლიტიკურ ფორუმად გადაიქცა. მსახიობები დაგეგმილ დადგმებში არ მონაწილეობდნენ. ისინი მოითხოვდნენ კომუნისტური პარტიის ლიდერების გადადგომას. ძალიან საინტერესო იყო ისიც, რომ ამერიკის ხმის ჩეხურმა რედაქციამ მნიშვნელოვანი კონტაქტი დაამყარა პრაღის ყველაზე პოპულარულ მსახიობთან, ჯირი ბარტოშკასთან, რომელიც ახლა კარლოვი ვარის ფილმების ფესტივალის დირექტორია. იგი პირდაპირ რეპორტაჟებს გვაწვდიდა იმ შეხვედრებიდან სადაც ვაცლავ ჰაველი და მისი მეგობრები საინტერესო ფილოსოფიურ დებატებში იყვნენ ჩართულნი. ოსტრავასა და ბრნოში ჩვენ შესანიშნავი მსახიობები გვყავდა, რომლებიც აგრეთვე პირდაპირ რეპორტაჟებს გვაწვდიდნენ. ამდენად ჩვენ გადაცემაში პირდაპირი ჩართვები ხდებოდა იმის შესახებ თუ რა მოვლენებს ჰქონდა ადგილი თითოეულ ქალაქში."

მაგრამ ფიშერის თქმით, ამჟამად ჩეხებს შორის შეინიშნება ზოგადი ცინიზმი პოლიტიკური ლიდერების მიმართ. მისი თქმით, მოსახლეობის უმცირესობა, სხვანაირად მხოლოდ 20 პროცენტი ხავერდოვანი, რევოლუციას უარყოფითად აღიქვამს.

ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური პარტიის ყოფილ გენერალურ მდივანს მილოს ჯეიკს დღემდე არ ესმის თუ რა მოხდა ხავერდოვანი რევოლუციის დროს. მისი თქმით ქვეყნის ეკონომიკა შესანიშნავ მდგომარეობაში იყო და ყველა კმაყოფილი იყო. იგი ბატონ გორბაჩოვის პერესტროიკას ადანაშაულებს მომხდარში.

მოსკოვის კარნეგის ცენტრის ჟურნალისტი მაშა ლიპმანი აღნიშნავს, რომ ბოლო 20 წლის მანძილზე ყოფილი საბჭოთა კავშირის მოსახლეობის შეხედულება ხავერდოვანი რევოლუციის მიმართ მნიშვნელოვნად შეიცვალა. მისი თქმით:

„რუსეთში ბევრი ენთუზიაზმით შეხვდა იმ მოვლენებს რადგან მათში თვით რუსეთში მიმდინარე პროცესები აისახებოდა. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებით, სადაც კომუნიზმისგან გათავისუფლება უცხოური ძალისგან ჩამოშორებას ნიშნავდა ვინაიდან იმ ქვეყნებში კომუნიზმი საბჭოთა კავშირის მიერ იყო დამყარებული, რუსეთში იმ მოვლენების აღქმა ბევრად უფრო გაურკვეველია. რუსისთვის კომუნიზმის დამარცხება საბჭოთა გავლენის სფეროს დაკარგვასთან არის ასოციირებული. ამასთან ერთად ის ასოციირებულია საბჭოთა კავშირის უზარმაზარი ტერიტორიების და ქვეყნის სტატუსის დაკარგვასთან."

მათიას რუები გერმანიის გაზეთ ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგის ვაშინგტონის ბიუროს უფროსია. მისი თქმით, გერმანელები ტელევიზორებთან იყვნენ მიჯაჭვულები როცა მეზობელ ჩეხოსლოვაკიაში ხავერდოვანი რევოლუცია მოხდა. მისი თქმით:

„ჩემის აზრით პრაღის რევოლუცია აღმოსავლეთ გერმანიაში მომხდარ მოვლენებზე უფრო ლამაზი იყო. ჩეხები უფრო ლამაზ სიმბოლებს იყენებდნენ. მათ ხომ პოლიციელების ჩაფხუტები და ფარები ყვავილებით მორთეს. ამდენად მე მიმაჩნია, რომ სიმბოლური დატვირთვით ხავერდოვანი რევოლუცია უფრო მნიშვნელოვანი იყო ბერლინის კედლის დაცემასთან შედარებით. სწორედ ამიტომ, არ არის გასაკვირი, რომ ხავერდოვანი რევოლუციის ავანგარდში აღმოჩნდნენ ისეთი ფიგურები როგორიც იყო მწერალი ვაცლავ ჰაველი და თეატრის ხელოვნები ბრატისლავასა და პრაღაში. ეს იყო რევოლუცია რომლის სათავეში იდგნენ სტუდენტები და ხელოვანი ხალხი და სწორედ ამიტომ 1989 წლის მოვლენები დაუვიწყარია."

ბატონი რუების თქმით, 20 წლის შემდეგ ჩეხი და სლოვაკი რევოლუციონერების მიმართ პატივისცემა არ კლებულობს.

დღეს ჩეხეთი და სლოვაკეთი ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციისა და ევროკავშირის წევრები არიან.


XS
SM
MD
LG