ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს შიდა პოლიტიკური მოვლენები


საქართველოს შიდა პოლიტიკურ არენაზე მიმდინარე კვირის მნიშვნელოვან მოვლენას საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ოპოზიციის და ხელისუფლების დაპირისპირება წარმოადგენს.ოთხშაბათს ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამუშაო ჯგუფი დემონსტრაციულად დატოვეს და კოდექსის გაუმჯობესებაზე მუშაობას გამოეთიშნენ. მიზეზი კი შემდეგია - მმართველი გუნდი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ირაკლი ალასანიას ოპოზიციური კოალიციის „ალიანსი საქართველოს" მიერ დაყენებულ მოთხოვნას თბილისის მერის არჩევნებში 50 პროცენტიანი ბარიერის დაწესების თაობაზე.ხელისუფლება კი მხოლოდ 30 პროცენტიანი ზღვარის დადგენას ითხოვს.

როგორ ვითარდება საქართველოში პოლიტიკური მოვლენები და რამდენად სახიფათოა ხელისუფლების ნაბიჯი საქართველოს შიდა პოლიტიკური სტაბილურობისათვის, ამის თაობაზე მოსაზრება გაგვიზიარა შეერთებული შტატების ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ევრაზიული სტრატეგიული პროექტის დირექტორმა და საქართველოს საკითხებში ექსპერტმა ბატონმა კორი ველტმა.

„მე ვფიქრობ, რომ მთავრობამ გადადგა რამდენიმე ნაბიჯი. მხედველობაში მაქვს საარჩევნო კოდექსის და კონსტიტუციის საკითხებზე მომუშავე ჯგუფების შექმნა, სადაც არიან როგორც ხელისუფლების ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიცია მონაწილეობს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომებში. პრობლემა კი რჩება და ის იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოს მთავრობა ამ ნაბიჯებს განიხილავს, როგორც აუცილებელს მხოლოდ დიალოგისათვის და არა კონკრეტული კონსენსუსის და კომპრომისების მისაღწევად, რაც უმნიშვნელოვანესი ელემენტი უნდა იყოს ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის. ამან ფაქტობრივად ხელი უნდა შეუწყოს ატმოსფეროს გაჯანსაღებას. „

კორი ველტმა ხელისუფლების მიერ სამუშაო ჯგუფის დატოვებაზეც გაამახვილა ყურადღება.

„რაც შეეხება საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფიდან გამოსვლას, უნდა ავღნიშნო, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მუშაობის გაგრძელება და არა პროცესის ჩაშლა. ხელისუფლებისათვის არც თუ ისე კარგია იმის დემონსტრირება, რომ მათი მცდელობის მიუხედავად პროცესი ჩავარდა. პროცესის ჩავარდნა არ შეიძლება. საარჩევნო კოდექსზე მუშაობა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და მხარეებმა უნდა გამონახონ კომპრომისი. ოპოზიცია ითხოვს 50 პროცენტიანი ბარიერის დაწესებას, მაშინ როცა ხელისუფლებას მხოლოდ 30 პროცენტიანი ზღვარი სურს. ვფიქრობ, კომპრომისული იქნება, თუ ორივე მხარე 40 პროცენტიან ბარიერზე შეთანხმდება„

კომპრომისი ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა, რაც დიალოგის პროცესის გაგრძელებას საფრთხეს უქმნის. ასეთ ვითარებაში საინეტერესოა იმ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ხედვა, რომლებიც ხელისუფელბასთან დიალოგის პროცესს თავიდანვე სკეპტიკურად უყურებდნენ. შექმნილი ვითარების შესახებ, საქართველოს პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს და ამჟამად ოპოზიციური პარტიის „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" ლიდერს ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს ვესაუბრეთ.

XS
SM
MD
LG