ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვარშავა ისევ დაინტერესებულია რაკეტსაწინაღო სიტემის ერთერთი ელემენტის პოლონეთში განთავსებაზე



ბაიდენი პირველი ამერიკელი მაღალჩინოსანია, რომელიც მას შემდეგ ეწვევა პოლონეთს, რაც პრეზიდენტმა ობამამ ცენტრალურ ევროპაში რაკეტსაწინაღო სისტემის დამონტაჟების გეგმა გააუქმა. ვიცე პრეზიდენტის განცხადებით, ახალი გეგმა პოლონეთის დაცვასაც გაითვალისწინებს. მისივე თქმით, ვაშინგტონის მხარდაჭერა პოლონეთის მიმართ ურყევია.

რაკეტსაწინაღო სისტემის ახალი ვერსიით, პოლონეთი თანახმაა უმასპინძლოს ამერიკის საზღვაო ძალების ანტიბალისტიკური რაკეტების სისტემას.

შეერთებული შტატების ოფიციალური პირების ცნობით, ახალი გეგმა მოიცავს ჩრდილოეთისა და ხმელთაშუა ზღვიდან შეერთებული შტატების საზღვაო ძალების გემებიდან გამანადგურებელი რაკეტების გაშვებას. საჭიროების შემთხვევაში, რაკეტები ასევე შეიძლება გაშვებული იქნას სახმელეთო სისტემებიდანაც. ორივე სისტემის დანიშნულება ირანის მიერ გაშვებული რაკეტების ჰაერში განადგურებაა.

პოლონეთის პრემიერ მინისტრის დონალდ ტუსკის თქმით, შემოთავაზებული ახალი გეგმა პოლონეთისთვის „ძალიან საინტერესოა.“

ბაიდენმა ახალი სისტემის უპირატესობებზე ისაუბრა: „რაკეტსაწინაღო სისტემის ახალი ფაზა შექმნილია იმისთვის, რომ დაიცვას არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატები, არამედ უპირველეს ყოვლისა ევროპა. სისტემის ტექნოლოგია გამოცდილია და იგი დაფარავს მთელს ევროპას, მათ შორის პოლონეთსაც. ახალი სისტემა ძველთან შედარებით გაცილებით ეფექტურია."

ბატონმა ბაიდენმა ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ ის ფაქტი, რომ ახლანდელმა ხელისუფლებამ ბუშის ადმინისტრაციის გეგმა გააუქმა, არანაირად არ მიუთითებს იმაზე, რომ შეერთბული შტატების მხარდაჭერა პოლონეთის მიმართ რაიმენაირად შესუსტდა.

ბატონმა ობამამ სექტემბერში გამოაცხადა, რომ შეერთებული შტატები ევროპაში ბუშის მიერ დაპირებულ რაკეტსაწინაღო სისტემას აღარ განათავსებდა. ამ განცხადებამ პოლონეთშიც და სხვაგანაც სერიოზული დისკუსიები გამოიწვია იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატების მთავრობამ აღმოსავლეთ ევროპის მხარდაჭერაზე ხელი აიღო იმის სანაცვლოდ, რომ რუსეთთან გამოასწოროს ურთიერთობა. მოგეხსენებათ, რუსეთი ბუშის გეგმის კატეგორიული წინააღმდეგი იყო. ობამას განცხადების შემდეგ, პოლონეთის წამყვან გაზეთებში შემაშფოთებელი სტატიები დაიბეჭდა იმის შესახებ, რომ შეერთებულმა შტატებმა პოლონეთს უღალატა და ამით რუსეთს გამარჯვება უბოძა.

ვიცე პრეზიდენტმა ბაიდენმა ამ შეშფოთების გასაქარწყლებლად განაცხადა, რომ როგორც ამერიკა ისევე ნატო ბოლომდე დაიცავს რეგიონის უსაფრთხოებას.

„ნატოს ქარტიის მეხუთე მუხლის თანახმად, ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა ალიანსის ყველა წევრზე თავდასხმის ტოლფასია. და ეს სტრატეგიული გარანტია ძალაში რცება. პრეზიდენტი ობამა და მე ამ გარანტიას სრულ ვალდებულებად ვიღებთ.“

მიუხედავად იმისა, რომ ძველი გეგმის გაუქმებაზე ბევრს გული სწყდება, მაინც პოლონეთშია ბევრია ისეთი, ვინც თავდაპირველი გეგმის წინაღმდეგებიც იყვნენ.

ერთ-ერთი პოლონელი ქალბატონის თქმით, მისი აზრით სრულიადაც არ არის საჭირო ამ სისტემის დამონტაჟება, რადგან პოლონეთს არანაირი საფრთხე, თუნდაც რუსეთის მხრიდან არ ემუქრება.

პოლონეთთან ერთად, ბაიდენი რუმინეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკასაც ესტუმრება.

ვარშავა ისევ დაინტერესებულია რაკეტსაწინააღო სიტემაში და თანახმაა ახალი სისტემის ერთ-ერთი ელემენტის პოლონეთში განთავსებაზე.

XS
SM
MD
LG