ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტალიავინის დასკვნა: რას წერს უცხოური პრესა?



უცხოური პრესის მიმოხილვა ეთმობა 30 სექტემბერს გამოქვეყნებულ ევროკავშირის დამოუკიდებელი კომისიის ანგარიშს, რომელშიც გაანალიზებულია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მიზეზები.

„საქართველო მთავარი წამგები მხარეა ევროკავშირის ომის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ“ - ასეა დასათაურებული მაიკლ სტოტის სტატია, რომელიც საინფორმაციო სააგენტო რეიტერის ვებ გვერდზე 30 სექტემბერს გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ:

„ევროკავშირის ანგარიში გასული წლის საქართველო-რუსეთის ომის შესახებ, რომელსაც ბევრი დიდ ხანს ელოდა, თბილისს უფრო მეტ ზიანს მიაყენებს ვიდრე მოსკოვს.

ორივე მხარემ სწრაფად გამოიყენა ანგარიში ხუთდღიანი ომის საკუთარი განმარტების გასამართლებლად. მოსკოვმა ყურადღება გაამახვილა იმ დასკვნაზე, რომლის თანახმადაც საქართველომ დაიწყო საბრძოლო მოქმედებები, ხოლო თბილისმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ომს წინ უძღოდა პროვოკაციებით სავსე რამდენიმე თვე.

მაგრამ ანგარიშის ყველაზე სამახსოვრო ფრაზა ეკუთვნის მისიის ხელმძღვანელს, ჰეიდი ტალიავინის, რომელმაც აღნიშნა, რომ ‘საქართველომ დაიწყო ომი, როცა ის თავს დაესხა ცხინვალს და ქალაქს ძლიერი საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა გვიან ღამე 2008 წლის 7-8 აგვისტოს.’

მაგრამ ანგარიშის დასკვნების მნიშვნელობა საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთისთვის ხელსაყრელი იქნება.

მისიამ მტკიცედ უარყო საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ მოყვანილი სამხედრო იერიშის განხორციელების მთავარი მიზეზი, როცა ანგარიშში დაფიქსირდა, რომ ‘არავითარი მასობრივი რუსული სამხედრო შემოჭრა არ მიმდინარეობდა, რომლის შესაჩერებლად თითქოსდა საჭირო იყო ქართული სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვა.’

„საქართველომ დაიწყო ომი რუსეთთან“ - ასეა დასათუარებული მარკ ჩემპიონის სტატია გაზეთ „უოლ სტრით ჯორნალის“ 30 სექტემბრის ნომერში. სტატიაში ვკითხულობთ:

„მოსკოვისთვის ანგარიშის დასკვნები იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ გაისროლა პირველმა, წარმოადგენს მნიშვნელოვან გამარჯვებას, რომელსაც შედეგად მოჰყვება დასავლეთში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ მხარდაჭერის შემცირება.

ანგარიშში ნათქვამია, რომ მზარდი თავდასხმები ქართულ სოფლებზე არ წარმოადგენდა საკმარის საბაბს საქართველოს გადაწყვეტილების გასამართლებლად სამხრეთ ოსეთის დედაქალაქის, ცხინვალის, დაბომბვის შესახებ რადგან საპასუხო სამხედრო მოქმედება პროპორციული უნდა ყოფილიყო, ხოლო მძიმე არტილერიის გამოყენება ქალაქის წინააღმდეგ ამგვარ კატეგორიას სცილდება.

მაგრამ ქალბატონი ტალიავინი აგრეთვე აკრიტიკებს რუსეთის მოქმედებებსაც, რომელშიც შედის ომამდე რუსული პასპორტების მასობრივი დარიგება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ომის დაწყების შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე მასობრივი სამხედრო შემოჭრა, კონფლიქტის შემდეგ ორი სეპარატისტული ტერიტორიის დამოუკიდებლობის უკანონო აღიარება, და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტების მიერ ეთნიკური წმენდის უგულვებელყოფა.

ანგარიშში აგრეთვე აღნიშნულია ის, რომ შეერთებული შტატების, უკრაინისა და ისრაელის მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სამხედრო დახმარების გამო საქართველომ რამოდენიმე წლის მანძილზე შესძლო სამხედრო პოტენციალის გაორმაგება. ამასთან დაკავშირებით ანგარიშის დაკვირებებში ნათქვამია, რომ ‘სამხედრო დახმარება უნდა დარჩეს საღი აზრის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს შეიარაღებისა და სამხედრო აღჭურვილობის განზრახულ და განუზრახველ გამოყენებას.’

უცხოური პრესის მიმოხილვის ბოლოს უნდა ავღნიშნოთ ნილ აშერსონის სტატია სათაურით „საქარველოს მხსნელი?“ რომელიც გაზეთ „გარდიანის“ 28 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ:

„ლონდონში ალასანია ფრთხილად იქცეოდა. აგვისტოს ომს ის კვლავინდებურად აღწერს როგორც ‘რუსულ აგრესიას,’ რომელსაც ‘ქართული მხარის შეცდომებიც ურევია,’ მაგრამ ის მაინც დარწმუნებულია, რომ აფხაზეთთან შესაძლებელია მშვიდობიანი თანაცხოვრება. მას მიაჩნია, რომ აფხაზების მხრიდან სტაბილურობისა და ეთნიკური თვითმყოფადობის სურვილი გულრწფელია.

ამასობაში საქართველო მოქცეულია ხაფანგში. ვინაიდან თბილისი კვლავინდებურად ებღაუჭება არარეალურ მოთხოვნას, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი უცხოური ოკუპაციის ქვეშ მყოფი პროვინციებია, საქართველომ მანევრირების თავისუფლება დაკარგა. ხოლო რუსეთს ეძლევა ‘მშვიდობის შენარჩუნებისთვის ჩარევისა’ და აფხაზეთზე უფრო მკაცრი კონტროლის დაწესების მუდმივი უფლება. კონფლიქტის განახლების შესაძლებლობა ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება გაურკვეველი ვადით გადაიდო, ხოლო პრეზიდენტ სააკაშვილის მთავრობა კვლავ დასავლეთზე, უფრო კერძოდ კი ამერიკის მხარდაჭერაზეა დამოკიდებული.“


XS
SM
MD
LG