ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნოდარ დუმბაძე მთაწმინდაზე



მიუხედავად იმისა, რომ ქართველი მწერლის ნოდარ დუმბაძის პირადი სურვილი იყო, გარდაცვალების შემდეგ ის საბავშვო პარკ “მზიურში” დაეკრძალათ, დღეს დილით ის მთაწმინდის პანთეონში გადაასვენეს. ნოდარ დუმბაძის ნეშტი მამა დავითის ტაძარში დაასვენეს, სადაც დღეს სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.

ხვალ კი, მწერლის გარდაცვალებიდან 25-ე წლისთავზე, ნოდარ დუმბაძეს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ. მწერლის მთაწმინდის პანთეონში გადასვენებასთან დაკავშირებით, თბილისის მერიაში სპეციალური კომისიის სხდომა 11 სექტემბერს გაიმართა, რომელსაც ქალაქის მერი გიგი უგულავა უძღვებოდა. მოგვიანებით კომისია ნოდარ დუმბაძის საფლავის მოსაწყობადაც შეიქმნება. სხდომას ნოდარ დუმბაძის მეუღლე ნანული დუმბაძე, ქალიშვილი ქეთი დუმბაძეც ესწრებოდნენ.

მზიურში დღეს ნოდარ დუმბაძის ოჯახის წევრები და ახლობლები დილიდან შეიკრიბნენ. მწერლის ნეშტის მამა დავითის ტაძარში გადასვენება დილის 10:00 საათზე დაიწყო. ბავშვთა ქალაქ "მზიურიდან" მთაწმინდის პანთეონამდე მსვლელობა ფეხით მოეწყო.

დღეს მთაწმინდის პანთეონში პანაშვიდს, გარდა ოჯახის წევრებისა დუმბაძის შემოქმედების თაყვანისმცემლები და მეგობრებიც დაესწრნენ.

განსხვავებული და გარკვეულწილად ლეგიტიმური ეჭვი აქვს ოპოზიციის წარმომადგენელს ზვიად ძიძიგურს. უკვე მოეწყო ე.წ. ახალი გზის პრეზენტაცია, რომელმაც ვაკე და საბურთალო, სწორედ “მზიურის” გავლით ახალი ავტომაგისტრალით უნდა შეაერთოს, ამიტომ შესაძლებელია “მზიურში” მწერლის საფლავი ხელისშემშლელი ფაქტორი ყოფილიყო.

თუმცა, თუკი ნოდარ დუმბაძის ოჯახის წევრები უკმაყოფილებას არ გამოხატავენ და მეტიც, ისინი მადლობელნი არიან ამ გადაწყვეტილებით, რა მნიშვნელობა აქვს გადასვენების მიზეზს. მითუმეტეს, რომ როგორც მედია იტყობინება ინიციატივა მწერლის მთაწმინდის პანთეონში გადასვენების შესახებ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია II-ს ეკუთვნის.



XS
SM
MD
LG