ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სად უნდა იდგეს სტალინის ძეგლი საქართველოში?


რამდენიმე ხნის წინ განახლდა საუბარი იმ იდეასთან დაკავშირებით, რომ სტალინის ძეგლი, რომელიც აქამდე გორის ცენტრალურ მოედანზე დგას, გადატანილ იქნას სტალინის სახლმუზეუმის ეზოში. ამ საკითხს არა ერთი პუბლიცისტური ნაშრომი მიეძღვნა და შეიქმნა ჯგუფები, რომელნიც ამ ინიციატივას მხარს უჭერენ. სოციალურ ქსელში Facebook, ასეთი შინაარსის მოწოდებაც გაჩნდა:” ქართული ქალაქებიდან ყველაზე მძიმე და მტკივნეული დარტყმა 2008 წლის აგვისტოში გორმა მიიღო. გორში დღესაც დგას სტალინის ძეგლი –ძეგლი იმ კაცის, ვისი პოლიტიკური შთამომავლების ბრძანებითაც შარშან მუსრავდნენ ქართულ სოფლებს, კლავდნენ და ძარცვავდნენ საქართველოს მოქალაქეებს. სტალინს ვერავინ ამოშლის ისტორიიდან, მაგრამ ის შეიძლება და უნდა გავიტანოთ ჩვენი აწმყოდან სწორედ იქ, სადაც ისტორია ინახება –მუზეუმში. გორში, სტალინის მუზეუმში დაცულია საბჭოთა ლიდერის რამდენიმე სკულპტურა. სწორად მიგვაჩნია, მათ რიგს შეემატოს დღეს გორის ცენტრში აღმართული სტალინის ქანდაკება. თუ ვინმე იმსახურებს ძეგლს საქართველოს შუაგულში – ესენი არიან მოქალაქეები და ჯარისკაცები, ვინც შარშან წინაღმდეგობას უწევდა მტერს და ემხვერპლა მასთან ბრძოლას. გორი არ არის უწინარესად სტალინის ქალაქი. ის ჩვენი დროის ქართველი გმირების ქალაქია, რომელთა თავს მხოლოდ საძმო სასაფლაოები არ უნდა გვახსენებდნენ. ხოლო გორში თავს არ უნდა გვახსენებდეს ფიგურა იმ კაცისა, ვინც ერთნაირად იყო როგორც ქართული სახელმწიფოს, ისე ადამიანის ბედნიერების მტერი”. სარედაქციო მინაწერი: წინამდებარე ტექსტის ავტორად შეუძლია თავი ჩათვალოს თითოეულ მოქალაქეს, ვინც იზიარებს მის შინაარსს. ამ ღია ტექსტის ყველა მხარდამჭერი მოელის შესაბამის პასუხსა და გადაწყვეტილებას მათგან, ვინც აღჭურვილია სააამისო უფლებით. ციტატის დასასრული. ტექსტს და მიმართვას ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდა, მაგრამ გამოუჩნდნენ მოწინააღმდეგეებიც. ამ იდეის ერთერთი კრიტიკოსი ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძეა. (იდეას კრიტიკოსი ლაშა ბაქრაძე სტალინზე შურისძიების ოცი წლით დაგვიანებულ, უსუსურ მცდელობას უწოდებს. ბაქრაძე ამბობს, რომ მკვდარი ბელადების არ უნდა გვეშინოდეს, რომ სტალინის ძეგლი არა კერპი, არა მოწიწების საგანი, არამედ უბრალოდ მეხსიერების ნაწილია). სტალინის ძეგლის მუზეუმში გადატანის მხარდასაჭერი კამპანია ჯერ ისევ გრძლედება და ალბათ, მაშინ როდესაც ამ იდეის გარშემო პირველ რიგში თავად გორის მოსახლეობა გაერთიანდება და მათში არ გამოიწვევს ეს სიახლე არავითარ უხერხულობას თუ უკმაყოფილებას, ეს იქნება ყველაზე პოზიტიური ტენდენცია, სტალინის ფენომენის და მთლიანად საბჭოთა წარსულის გადაფასების პრეცენდენტი. მანამდე კი დისკუსია ამ თემაზე, განსხვავებული მოსაზრებები და ინტელექტულური დისკურსი, სრულიად ბუნებრივი და მისაღები მოვლენაა.

XS
SM
MD
LG