ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთ-საქართველოს ომის ერთი წლისთავი: საუბრობს რონალდ ასმუსი


"რადიო თავისუფლების" ფოტო

დღეს სრულდება რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან ერთი წელი.

ომის მიზეზებზე, მის სამომავლო საშიშროებაზე, ევროპის უსაფრთხოების გარანტიებსა და რუსეთის მტრულ პოლიტიკაზე უცხოელი ექსპერტები დღესაც აგრძელებენ მსჯელობას.

ერთერთი თვალსაჩინო სახელი ამ კვლევებში არის რონალდ ასმუსი, რომელიც ბრუსელში გერმანიის მარშალის ფონდის ტრანსატლანტირუი ცენტრის აღმასრულებელი დირექტორია.

ბატონი ასმუსი დღეს ჩვენი სტუმარია:

იგი ამბობს: “მიუხედავად ამ ომის შედარებით მცირე მასშტაბებისა, მისმა მონაწილე მხარემ-რუსეთმა-ცივი ომის შემდეგ ევროპაში შექმნილი უსაფრთხოების წესების კარდინალური პრინციპები დაარღვია, კერძოდ მეზობელი სახელმწიფოს საზღვარი ძალით გადალახა.

ამასთან, რუსეთის ქმედებამ ბევრს დასავლეთში დაანახა მისი პოლიტიკის ნეო იმპერიალისტური განზრახვები, რაც ჩვენი აზრით უკვე წარსულის საკუთრება იყო. ამავე დროს-აგრძელებს რონალდ ასმუსი, კრემლის მზაკვრული მოტივები ბოლომდე ვერ გაამართლებს ქართული მხარის მიერ დაშვებულ შეცდომებს.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ომში წასვლა მაშინ გადაწყვიტა, როცა სამხრეთ ოსეთის ქართული მოსახლეობა ეთნიკური წმენდის საშიშროების წინაშე დადგა, ისევე როგორც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სამუდამოდ დაკარგვის საშიშროება იგრძნო ქართველმა ლიდერმა. ამასთან, ალბათ იგი პოლიტიკურად ვერ გადარჩებოდა, რამე რომ არ გაეკეთებინა, ასკვნის ასმუსი და აღიარებს, რომ სააკაშვილი ამ ომზე წავიდა მიუხედავად იმისა, რომ მისი მთავარი მოკავშირეები არაერთხელ აფრთხილებდნენ მას.

ავტორს მიაჩნია, რომ ამ ფონზე დასავლეთმაც უნდა დაინახოს თავისი შეცდომები და პასუხისმგებლობის წილი. იგი ფიქრობს, რომ დასავლეთის არათანმიმდევრულმა პოლიტიკამ და შეცდომებმა ომისკენ მიმავალი გზა დააჩქარა.

მაგალითად ის გვიყვება, რომ დასავლეთი მთელი ეს წლები ეგუებოდა და მხარს უჭერდა კონფლიქტის რეგიონებში მშვიდობისმყოფელთა ყოფნას, რისი მანიპულირებაც რუსეთმა მოახდინა. კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებამ კი საქართველოს ასევე უფრო რთული მდგომარეობა შეუქმნა.

კიდევ ერთ მიზეზად მას მიმაჩნია ბუქარესტის ნატოს სამიტი, რომელმაც ფაქტობრივად რუსეთს საბაბი მისცა მისი კამპანიის ესკალაცია მოეხდინა. ყველაზე მთავარი შეცდომა კი რომელიც დასავლეთმა დაუშვა იყო ის, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებში უფრო აქტიურად არ ჩაერია და ასევე, რუსეთზე არ მოახდინა ზეწოლა, როცა ომის თავიდან აცილება ჯერ კიდევ შეიძლებოდა.

რონ ასმუსი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში დასძენს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ვერ მოახერხა ევროპული უსაფრთხოების პრინციპებისა და ნორმების შესრულება, რომელთა მიხედვით, პატარა სახელმწიფოების დაცვა დიდი ქვეყნების მოქმედებებისგან გარანტირებული უნდა იყოს. "კონფლიქტი, რომელმაც ომამდე მიგვიყვანა არ დასრულებულა. არ მომხდარა ძირითადი სადავო საკითხის გადაწყვეტა-საქართველო დასავლეთისკენ მიისწრაფის, მოსკოვს კი ამის შეჩერება სურს. სწორედ ამიტომაც არის, რომ მოსკოვიდან მუდმივად გვესმის ახალი ავაზაკური სამხედრო მოქმედების მუქარა. დასავლეთი უნდა გაერთიანდეს და ერთხმად დააფიქსიროს, რომ ევროპაში წესების დარღვევას შედეგები მოჰყვება და რომ კიდევ ერთი აგრესია საქართველოს წინააღმდეგ სრულიად შეცვლის დასავლეთის დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ-ასეთი რამ სხვათაშორის შარშან არ მოხდა მოსკოვთან მიმართებაში." მისი თქმით, "დასავლეთი შეიძლება დაუპირისპირდეს ან მხარი დაუჭიროს საქართველოს ნატოში წევრობას, მაგრამ ჩვენ ყველამ ერთხმად უნდა დავაფიქსიროთ, რომ რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვის ძალისხმევამ ასევე უნდა მოიცვას რუსეთის მხრიდან პარიზის ქარტიით გათვალისწინებული პრინციპების აღიარება."

ექსპერტის რჩევით, თბილისმა უნდა შეწყვიტოს რუეთთან არსებულ კონფლიტზე აქცენტირება, დროებით გადადოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსის საკითხის განხილვა და ამის ნაცვლად, გააცოცხლოს დემოკრატიისა და რეფორმის სულისკვეთება. ეს ერთადერთი გზა იქნება პოლიტიკური და მორალური ლეგიტიმიზაციისათვის, და უცხოური კაპიტალის მოსაზიდად, დასავლეთის კიდევ უფრო მეტად დასაინტერესებლად და ასევე იმის კარგი წინაპირობა, რომ ოდესღაც მომავალში აფხაზებმა და ოსებმა იგრძნონ, რომ მათი ადგილი არის ძლიერ და დემოკრატიულ საქართველოში."

XS
SM
MD
LG