ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინტერვიუ ამერიკელ სამხედრო ექსპერტთან


ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტის ჯო ბაიდენის საქართველოში დასრულებულ ვიზიტსა და ამერიკა-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის საკითხზე ინტერვიუ ჩამოვართვით ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის ლექტორს, პოლკოვნიკ ჯონ ჩიკის, რომელიც სხვათა შორის 1995-1996 აფხაზეთში იყო მივლინებული უფროს სამხედრო დამკვირვებლად გაეროს სამეთვალყურეო მისიაში. ბატონმა ჩიკიმ თავიდანვე აღნიშნა საგანგებოდ, რომ ინტერვიუში იგი გამოთქვამს მის პირად აზრს, რაც არ წარმოადგენს ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის, თავდაცვის სამინისტროსა თუ შეერთებული შტატების მთავრობის ოფიციალურ პოზიციას.

კითხვაზე, თუ რამდენად მოსალოდნელია მისი აზრით, რომ ახლახან დამთავრებულ შეხვედრას თბილისში პრეზიდენტ სააკაშვილისა და ვიცე პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის შედეგად მოჰყვეს შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოსათვის სამხედრო დახმარების აღმოჩენა, პოლკოვნიკმა ჩიკიმ განაცხადა, რომ მისი აზრით საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის გეგმა იანვარში გაფორმებული ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიითაა გათვალისწინებული. ხსენებული გეგმა ნატოში საქართველოს გაწევრიანების ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამას უკავშირდება.

რაც შეეხება მოსალოდნელი სამხედრო დახმარების ფორმატს, ბატონმა ჩიკიმ აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქართველოს ექნება ტანკსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვის სათანადო აღჭურვილობა, მას მიეცემა შესაძლებლობა დააყოვნოს რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესია, თუმცა თქმა არ უნდა, რომ თუ განახლდა შეიარაღებული კონფლიქტი მაინც რუსები აღმოჩნდებიან გამარჯვებული სამხედრო პოტენციალის აშკარა უპირატესობის გამო. ხსენებული დაყოვნება მეორე მხრივ მისცემს შესაძლებლობას საერთაშორისო თანამეგობრობას ჩაერიოს იმ კონფლიქტში და არ დაუშვას რუსების იერიში თბილისსა თუ სხვა ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებზე. აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ სამხედრო აღჭურვილობის შეძენასთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანია სამხედრო კონტინგენტის სათანადო გაწვრთნა და თეორიული მომზადება.

„ასე რომ ვფიქრობ მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოსთვის, ასევე შეერთებული შტატებისათვის მოლაპარაკება იმის თაობაზე თუ კონკრეტულად რა სახეობის შეიარაღების მიღება სურს საქართველოს შეერთებული შტატებისაგან. ჩემის აზრით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა სწორედ ამის თაობაზე ისაუბრა გაზეთ „ვაშინგტონ პოსტისათვის" მიცემულ ინტერვიუში და ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ ეს საკითხი მან ჯო ბაიდენთან შეხვედრისას წამოჭრა, ხოლო ეს უკანასკნელი ვაშინგტონში დაბრუნებისას დააყენებს დღის წესრიგში სათანადო უწყებებთან შეხვედრისას საკითხს იმის გასარკვევად, თუ რა შემდგომი ნაბიჯები უნდა გადაიდგას საქართველოს თხოვნის დასაკმაყოფილებლად", დასძინა პოლკოვნიკმა ჩიკიმ.

ბატონ ჩიკიმ კიდევ ერთხელ აღნიშნა ხაზგასმით, რომ სამხედრო აღჭურვილობასთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანია პირადი შემადგენლობის კვალიფიკაციის ამაღლება ანუ სამხედრო დახმარების ფორმატი უნდა შეიცავდეს ორივე ხსენებულ კომპონენტს.

უკანასკნელ დროს გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიაში შესაძლოა ჩართულ იქნენ ამერიკის შეერთებული შტატებისა და თურქეთის წარმომადგენლები. ამასთან დაკავშირებით პოლკოვნიკმა ჩიკიმ განაცხადა:

„კარგი იქნებოდა თუკი ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიაში ჩაერთვებოდნენ ამერიკელი სამხედრო ან სამოქალაქო დამკვირვებლები. შეერთებული შტატები წარსულში მონაწილეობდა გაეროს მისიაში, რომელიც უშიშროების ზონაში იყო განთავსებული აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარსა და ზუგდიდის რაიონს შორის. ვფიქრობ შეერთებული შტატები უნდა ჩაერთოს ამ საქმეში. თუმცა არა ვარ დარწმუნებული დათანხმდება თუ არა ამაზე შეერთებული შტატები. როგორც თქვენ აღნიშნეთ ზემოთ, ევროკავშირის მისია დღესდღეობით ერთადერთი დამოუკიდებული და მიუკერძოებული ორგანიზაციაა საქართველოში, თუმცა იგი მოქმედებს მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე აფხაზეთისა და სამხეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის სამხეთით, ხოლო ხსენებული ადმინისტრაციული საზღვრის ჩრდილოეთ არ არის განთავსებული არც ერთი საერთაშორისო თუ რეგიონალური ორგანიზაციის მეთვალყურე, რაც თავის მხრივ უამრავ პრობლემებს უქმნის ქართველებს, და ვფიქრობ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთსაც."

XS
SM
MD
LG