ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ ვიცე პრეზიდენტის ვიზიტს საქართველოში ეხმაურება ცნობილი ექსპერტი სტროუბ ტალბოტი


ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტ ჯო ბაიდენის საქართველოში ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებით ინტერვიუ ჩამოვართვით ბრუკინგის ინსტიტუტის პრეზიდენტს სტროუბ ტალბოტს.


კითხვაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბატონ ბაიდენის ვიზიტი თბილისში საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის თვალსაზრისით, სტროუბ ტალბოტმა განაცხადა:

“ვფიქრობ ეს უაღრესად მნიშვნელოვანია უდავოდ. ეს არის დემონსტრირება მხარდაჭერისა არა მხოლოდ ობამას ადმინისტრაციის მხრიდან, არამედ ეს არის იმის დასტურიც, რომ საქართველოა მნიშვნელოვანი შეერთებული შტატებისთვის, მნიშვნელოვანია საქართველოს სწრაფვა გახდეს დასავლეთის ნაწილი და რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს ამ გეზს.”

რაც შეეხება შეერთებული შტატების მხირდან მოსალოდნელ სამხედრო დახმარებას საქართველოსთვის, ბატონმატალბოტმა თავი შეიკავა კომენტარისაგან ამ საკითხთან დაკავშირებით და დასძინა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილსა და ვიცე პრეზიდენტ ბაიდენს შორის ახლო ურთიერთობა არსებობს როგორც პირად, ასევე პოლიტიკურ დონეზე.

ბატონმა ტალბოტმა საჭიროდ მიიჩნია კომენტარის გაკეთება ეგრედ წოდებული ‘გადატვირთვის’ შესახებ ამერიკა-რუსეთის ურთიერთობაში. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ხსენებული ტერმინი პირველად სწორედ ბატონმა ბაიდენმა წარმოთქვა უშიშროების საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც ამ წლის დასაწყისში გაიმართა ქალაქ მიუნხენში. სტროუბ ტალბოტის აზრით, დამაკმაყოფილებელი ‘გადატვირთვა’ ამერიკა-რუსეთის ურთიერთობაში უწინარეს ყოვლისა უნდა გულისხმობდეს არა მარტო შეერთებული შტატების, არამედ რუსეთის მხრიდანაც აუცილებელ პირობას, რომ რუსეთმა პატივი სცეს თავისი მეზობელი ქვეყნების დამოუკიდებლობას.

კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებდა იგი ეუთოსა და გაეროს მეთვალყურეთა გაძევებას საქართველოდან, რაც ცხადია რუსეთის ქმედების შედეგი გახდა, სტროუბ ტალბოტმა განაცხადა, რომ როცა მომავალი ისტორიკოსები შეაფასებენ დღევანდელ პერიოდს 1990-იანი წლების დასაწყისიდან, ისინი, რუსეთის ფედერაციის პოლიტიკას წინდაუხედავს უწოდებენ რაღა თქმა უნდა. ტალბოტს მიაჩნია, რომ თუ რუსეთს სურს მშვიდობიან და უსაფრთხო გარემოში ცხოვრება, მან, ისევე როგორც მისმა მეზობელმა ქვეყნებმა, პატივი უნდა სცენ ერთი- მეორის ტერიტორიულ მთლიანობას და დამოუკიდებლობას.

აი რა დასძინა ინტერვიუს ბოლოს ბატონმა ტალბოტმა:

“ვფიქრობ, რომ რუსეთის პოლიტიკამ კავკასიის რეგიონში გაყინული კონფლიქტების მიმართ საწინააღმდეგო შედეგი გამოიღო და თავად რუსეთის სამომავლო ინტერესებისთვისაა საზიანო. საუბედუროდ რუსეთი მხოლოდ მაშინ ცვლის საკუთარ პოლიტიკას, როცა თავად მიიჩნევს ამას მიზანშეწონილად.”

XS
SM
MD
LG