ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთმა 1930-იან წლებში საბჭოთა კავშირში  კატასტროფული შიმშილობის შესახებ 3 ტომი გამოაქვეყნა


რუსეთმა გამოაქვეყნა დოკუმენტების სამი ტომი 1930-იან წლებში საბჭოთა კავშირში მომხდარი კატასტროფული შიმშილობის შესახებ. ამ შიმშილობის ორგანიზაციაში უკრაინა კრემლის მაშინდელ მესვეურებს ადანაშაულებს და ამ ტრაღედიას უკრაინელი ხალხის გენოციდად განიხილავს.

პირველ ტომში 6000-მდე დოკუმენტია, რომლებიც ადრე გასაიდუმლებული იყო. საბჭოთა კავშირის დროს საერთოდ აკრძალული იყო ამ შიმშილობაზე ლაპარაკი. ეს კრებული რუსმა ისტორიკოსებმა 25 თებერვალს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე წარმოადგინეს.

რუსი მეცნიერების დასკვნა ემთხვევა კრემლის პოზიციას რომელიც ამტკიცებს რომ ხელოვნურად გამოწვეული შიმშილობა კონკრეტულად უკრაინელების წინააღმდეგ კი არ იყო მიმართული არამედ საერთოდ შეძლებული გლეხობის, როგორც სოციალური კლასის განადგურებას ისახავდა მიზნად. გაერო გენოციდად მიიჩნევს ნაციონალური, ეთნიკური, რელიგიური და რასობრივი ნიშნით განხორციელებულ ხოცვა-ჟლეტას და ამ კატეგორიაში არ განიხილავს სოციალურ კლასებს.

რუსი ისტორიკოსები ამტკიცებენ რომ სტალინმა გლეხობისგან ხორბლის კონფისკაცია არა მარტო უკრაინაში არამედ რუსეთის, ყაზახეთის და ჩრდილოეთ კავკასიის მთელ რიგ რაიონებში განახორციელა. კოლექტივიზაცია აუცილებელი იყო იარაღის შესაძენად და ქვეყნის ინდუსტრიალიზაციის დასაჩქარებლად. როგორც ისტორიკოსი ვიქტორ კონდრაშინი აცხადებს სტალინი შიმშილობის გამოწვევას არ ისახავდა მიზნად. ეს უფრო კრემლის მცდარი პოლიტიკის და არასწორი გათვლების შედეგი იყო.

ამ მოსაზრებას კატეგორიულად არ ეთანხმება უკრაინელი ისტორიკოსი ვლადისლავ ვერსტიუკი რომელიც აცხადებს, რომ სტალინი 1933 წლის თებერვალში პირდაპირ დაემუქრა უკრაინელ გლეხობას რომ სასტიკად დასჯიდა მათ, თუ ისინი ხორბლის ჩაბარებაზე უარს იტყოდნენ.

უკრაინაში ამ შიმშილობას გოლოდომორს უწოდებენ და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ მიმართულ გენოციდად აღიქვამენ. ვლადისლავ ვერსტიუკის აზრით სტალინმა სამაგალითოდ დასაჯა ურჩი რესპუბლიკა, რათა აღარავის გაებედა მის მიერ შექმნილი საბჭოთა ცენტალიზებული სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოსვლა. როგორც უკრაინელი ისტორიკოსი აცხადებს:“ 1920-იან წლებში საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ არ იყო ის ქვეყანა, რომელიც ხალხის მეხსიერებას დღემდე შემორჩა, ომის შემდგომი უნიტარული სახელმწიფო, რომელშიც მხოლოდ ფორმალურად არსებობდნენ დამოუკიდებელი რესპუბლიკები.

ამგვარი სახელმწიფო მხოლოდ გოლოდომორის შედეგად უკრაინის დამორჩილების შემდეგ ჩამოყალიბდა. რომლის ერთპიროვნული მართველი სტალინი იყო. გარდა ამისა უკრაინელებს აკრძალული ჰქონდათ შიმშილობისგან თავის დასაღწევად საბჭოთა კავშირის სხვა რაიონებში გადასვლა საყოველთაო პასპორტიზაციის გამო. თანაც რუსეთში უკრაინისგან განსხვავებით შიმშილობა არ შეხებია დიდი ქალაქების მაცხოვრებლებს. შიმშილობისგან ამოწყვეტილი უკრანელების მიწებზე მოსკოვი რუსებს ასახლებდა.

თუმცა რუსეთის სახელმწიფო არქივის დირექტორი ვლადიმერ კოზლოვი უარყოფს უკრაინაში გენოციდის ფაქტს, რადგა დღემდე ამის დამადასტურებელი არცერთი დოკუმენტი არ არის აღმოჩენილი. თავის მხრივ რუსეთის სახელმწიფო ეკონომიკური არქივის დირექტორი ელენა ტიურინა აცხადებს რომ კრემლი მშვენივრად იყო ინფორმირებული უკრაინაში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობის შესახებ და შეგნებულად ანხორციელებდა ამგვარ პოლიტიკას.

რუს და უკრაინელ ისტორიკოსებს შორის აზრთა სხვადასხვაობა არსებობს შიმშილობის მსხვერპლთა რაოდენობის შესახებ, რომელიც სხვადასხვა მონაცემებით ექვსიდან ათ მილონამდე მერყეობს. გასული წლის ნოემბერში უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშენკომ ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს და პირველ რიგში რუსეთის ფედერაციას წინადადებით მიმართა კოლექტიურად დაეგმოთ სტალინიზმის და ტოტალიტარიზმის დანაშაულებები. თუმცა კრემლმა უყურადღებოდ დატოვა ვიქტორ იუშენკოს ეს წინადადება, რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი კი არ ჩავიდა კიევში შიმშილობის მსხვერპლთა 75 წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე.

აღსანიშნავია რომ გოლოდომორი გენოციდად აღიარა შეერთებულმა შტატებმა, კანადამ, ავსტრალიამ, იტალიამ და პოლონეთმა.


XS
SM
MD
LG