ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბერნარ კუშნერი ქართველებს: მოითმინეთ!


ბერნარ კუშნერი თბილისში
ბერნარ კუშნერი თბილისში

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბერნარ კუშნერის დღეს ევროპის სახლში წარმოთქმულ სიტყვებს, რომ ქართველებმა უნდა ეცადოთ რუსეთთან დიალოგის დაწყებას და უნდა მეტი მოითმინოთ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძემ სხარტი რეპლიკით უპასუხა, რომ ჩვენ უკვე ერთი საუკუნეა ვითმენთ. თბილისში ვიზიტისას საფრანგეთის მთავარი დიპლომატის მთავარი გზავნილი ქართველებისადმი სწორედ მოთმინება იყო. ბერნარ კუშნერმა კერძოდ თქვა

ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგის დაწყება, თუნდაც არასამთავრობო ორგანიზაციების ან სამოქალაქო საზოგადოების დონეზე. ასევე მოთმინება, ომიდან სულ ორი წელი გავიდა ეს ძალიან მცირე დროა. საუკეთესო გზა დაახლოებისკენ არის სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურება.

საქართველო კიდევ უფრო უნდ განვითარდეს, რომ აფხაზებსა და ოსებს ერთიან სახელმწიფოში ცხოვრების სურვილი გაუჩნდეთ. ამასთან, ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ, იმ დოკუმენტს რომელსაც აგვისტოს ომის დროს მოვაწერეთ ხელი და იმ ვალდებულებას, რომელიც რუსეთთან ერთად, ჩვენც გვაკისრია, თუმცა გავიმეორებ აუცილებელია მოთმინება და დიალოგი.

რა წინაპირობებით შეიძლება საქართველოსა და რუსეთის დიალოგი და სადამდე უნდა მოითმინოს საქართველომ, ეს შეკითხვა ჩვენ განათლების ყოფილ მინისტრს, პოლიტოლოგ გია ნოდიას დავუსვით, რომელიც ევროპის სახლში საფრანგეთის მთავარ დიპლომატთან შეხვედრას ესწრებოდა. გია ნოდია ამბობს

„ჩემი აზრით, რუსეთთან შეხების წერტილების მონახვა ჯერჯერობით შეუძლებელია, კუშნერის ეს განცხადება წმინდა ცარიელი რიტორიკაა. მოთმინებისკენ მოწოდება გასაგები და ბუნებრივია, ოღონდ გააჩნია, რის მოთმენაზეა ლაპარაკი. ცხადია, ჩვენ გვესმის, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს უახლოეს ხანებში ვერ დავუბრუნებთ.

გასაგებია, რომ რუსეთზე ზეწოლის მექანიზმები დასავლეთს არა აქვს. თუმცა, ასევე ცხადია, რომ საქართველო უნდა განვითარდეს. მთავარია, საქართველო არ გრძნობდეს თავს იზოლირებულად და მიტოვებულად დასავლეთისგან. თავისთავად, ეს ვიზიტების სერია, რა თქმა უნდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმის სადემონსტრაციოდ, რომ დასავლეთს საქართველო დავიწყებული არ ჰყავს და ეს მნიშვნელოვანი გზავნილია რუსეთისთვის.“

ევროპის სახლში ლექციის წაკითხვამდე კუშნერმა ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად ისაუბრა. ჰილარი კლინტონის ვიზიტისგან განსხვავებით, ამჯერად შეხვედრაზე ირაკლი ალასანია, თინა ხიდაშელი, პეტრე მამრაძე და ნინო ბურჯანაძე მიიწვიეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ირაკლი ალასანიამ თქვა

„ვილაპარაკეთ, საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე, ევროპა-რუსეთის ურთიერთობაზე, ასევე ძირითადად, საქართველოს-საფრანგეთის სტრატეგიულ ურთიერთობაზე, ადამიანის უფლებების დაცვაზე, ჩვენი მოქალაქეების პოლიტიკური უფლებების დაცვაზე, ამ კუთხით ძალიან დიდ აქტიურობას გეგმავს საფრანგეთი.

რა თქმა უნდა ვისაუბრეთ, იმ ვალდებულებებზე, რაც აქვს აღებული რუსეთს, რომელიც უნდა შეასრულოს, მაგრამ დღეს, ყველას კარგად გვესმის, რომ ამ შეთანხმების შესრულების დიდი შესაძლებლობები არ არის. მაგრამ, არაღიარების პოლიტიკა იქნება შენარჩუნებული ევროპისა და საფრანგეთის მიერ. და ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება, შემდეგ დიალოგი დავიწყოთ აფხაზებთან და ოსებთან.“

თბილისში აღნიშნავენ, რომ კუშნერის ვიზიტისგან არავინ ელოდა რაიმე ახალ სიახლეებს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. ბერნარ კუშნერმა არ იხმარა სიტყვა ოკუპაცია, აღნიშნა, რომ მხოლოდ ამ ტერმინის გამოყენება საქმეს ვერ უშველის, თუმცა იქვე ხაზი გაუსვა, რომ საფრანგეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. კუშნერის მიღების დროს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კერძოდ აღნიშნა

„დღეს საქართველო იწყებს ევროკავშირთან ასოცირებულ ხელშეკრულებაზე ოფიციალურ მოლაპარაკებას, ე.ი გადავდივრთ, შემდეგ ეტაპზე, უკვე შეუქცევადი დაახლოების ჩვენ ევროპულ სახლთან, მთავარ ევროპულ ორგანიზაციასთან. და ეს დღე იწყება ოფიციალური მოლაპარაკებებით ბერნარ კუშნერთან.

ჩვენ ვართ მადლობელნი იმ ფორმატზე, რომელიც ეხება ორმხრივ ეკონომიკურ თანამშრომლობას, ევროპაში უსაფრთხოების რეჟიმებთან, ჟენევის მოლაპარაკებებთან და სხვა მრავალ მხრივ ფორმატთან დაკავშირებით, საფრანგეთის მხარდაჭერისა და კონსტრუქციული, ნამდვილ ევროპულ ფასეულობებზე დაფუძნებული პოზიციის გამო.“

ბერნარ კუშნერი საქართველოს ორდღიანი ვიზიტით წუხელ ეწვია, ეს ვიზიტი საფრანგეთის პირველი დიპლომატის, კავკასიისა და აზიის ქვეყნებში ტურნეს შემადგენელი ნაწილია, საქართველოდან კუშნერი ჯერ ყირგიზეთში ჩავა, შემდეგ ყაზახეთში, ვიზიტს კი ავღანეთში დაასრულებს

XS
SM
MD
LG