ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა რუსეთის მიერ წამოწყებული ომის მძევალი გახდა


ამერიკის შეერთებული შტატების პრესა კვლავაც დიდ ყურადღებას უთმობს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.

დღეს გაზეთ "ვაშინგტონ პოსტში" უკრაინის პრეზიდენტის წერილი გამოქვეყნდა, რომელშიც ვიქტორ იუშენკო საქართველოს წინააღმდეგ რუსული აგრესიის შესახებ საუბრობს. პრეზიდენტ იუშენკოს განცხადებით უკრაინა რუსეთის მიერ წამოწყებული ომის მძევალი გახდა, საერთაშორისო საზოგადოების მიერ ე.წ. გაყინული კონფლიქტების იგნორირების გამო კი რეგიონში ახლად შექმნილი დამოუკიდებელი სახელმწიფოები ხშირად მსოფლიოს გეოპოლიტიკურ თამაშებში უბრალო პაიკების როლში გამოდიან.

უკრაინაში, ყირიმში მცხოვრებ ადამიანებს უდიდესი საფრთხე ემუქრებათ იმის გამო რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტი ჩვენს ტერიტორიაზეა ბაზირებული აცხადებს ვიქტორ იუშენკო.

საქართველოში მიმდინარე ტრაღიკულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა გაეროს, ეუთოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების არაეფექტურობა კონფლიქტების თავიდან არიდების საქმეში.

უკრაინის პრეზიდენტის აზრით საქართველოსა და რუსეთს შორის მიმდინარე კონფლიქტი პირადაპირ ემუქრება უკრაინის უსაფრთხობას რადგან საომარი მოქმედებები უშუალოდ მის საზღვრებთან მიმდინარეობს. ამის გამო კონფლიქტის დაწყების პირველი დღიდან უკრაინა ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვდა და მტკიცედ უჭერდა მხარს საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას.

უკრაინა მხარს უჭერს კონფლიქტის ზონაში საერთაშორისო სამშვიდობო ძალების წარმომადგენლობის გაფართოებას, რომლებიც გაეროს და ეუთოს მანდატით უნდა მოქმედებდნენ. უკრაინა მზად არის თავისი სამხედრო მოსამსახურეები გააგზავნოს კონფლიქტის ზონაში აღნიშნავს ვიქტორ იუშენკო.

უკრაინის პრეზიდენტი სეპარატისტულ რეგიონებში იარაღით უკანონო ვაჭრობასა და ნარკოტიკების კონტრაბანდაზეც ამახვილებს ყურადღებას. რუსეთსა და საქართველოს შორის სრულ მასშტაბიანი საომარი მოქმედებების დაწყებამდე რუსეთის სამშვიდობოებმა ვერ შეძლეს ოსი სეპარატისტების მიერ საქართველოს ტერიტორიის საარტილერიო დაბომბვის აღკვეთა.

უკრაინის პრეზიდენტის აზრით ამ კონფლიქტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა რომ უკრაინის უსაფრთხოების უზრუნვესაყოფად აუცილებელია კიევმა უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღოს დემოკრატიული და თავისუფალი სახელმწიფოების კოლექტიური უსაფრთხოების იმგვარი სისტემის მუშაობაში, რომელსაც დღეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი წარმოადგენს.

ამის გამო უკრაინა კვლავაც გააგრძელებს ნატოსთან ინტეგრაციის პროცესს რადგან ეს არის დემოკრატიისკენ, თავისუფლებისკენ და დამოუკიდებლობისკენ მიმავალი ერთადერთი გზა. აცხადებს ვიქტორ იუშენკო.

საქართველოს პრეზიდენტი არმიის აღორძინებას და სეპარატისტულ ანკლავებზე კონტროლის აღდგენას აპირებს. ამ სათაურით გამოქვეყნდა წერილი გაზეთ "ნიუ იორკ თაიმსში" სადაც ამერიკელი ჟურნალისტი აღნიშნავს რომ ომში დამარცხების მიუხედავად მიხეილ სააკაშვილი კვლავაც დარწმუნებულია რომ საქართველო დაიბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს. საქართველოს პრეზიდენტი როდესაც ომის შედეგებს აანალიზებს ლაპარაკობს ათასობით დევნილზე, დეზორგანიზებულ შეიარაღებულ ძალებზე, რომელმაც თავისი დაღუპული ჯარისკაცები ბრძოლის ველზე მიატოვა, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების მიტაცებაზე და სეპარატისტების გაძლიერებაზე, მიუხედავად ამისა როგორც ბატონი სააკაშვილი აცხადებს მან მიიღო გადაწყვეტილება არ გაეწიათ წინააღმდეგობა რუსეთის საოკუპაციო ჯარებისთვის და არ დაეწყოთ პარტიზანული მოძრაობა რადგან ეს მთელი ქვეყნის დანგრევას გამოიწვევდა და საქართველო ჩეჩნეთის მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა. ამიტომ ტყეში გასვლას და წინააღმდეგობის გაგრძელებას საქართველოს პრეზიდენტმა ბრძოლიოს შეწყვეტა და თანამედროვე ავროპულ სახელმწიფოდ დარჩენა არჩია. წერს გაზეთ "ნიუ იორკ თაიმსის" კორესპონდენტი სი ჯეი ჩივერსი.


XS
SM
MD
LG