ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა მხარს უჭერს საფრანგეთის როლს საქართველოში არსებული კონფლიქტის მოგვარების საკითხში


ამერიკა მხარს უჭერს საფრანგეთის როლს საქართველოში არსებული კონფლიქტის მოგვარების საკითხში, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა საქართველოს საკითხზე უკვე მეორედ გაკეთებულ ბრიფინგზე განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, ამერიკა საქართველოს დემოკრატიულ მთავრობას, მის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს და პატივს სცემს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის გუშინდელი განცხადება შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მძაფრი, კატეგორიული და მკაცრი იყო. სწორედ ამ ბრიფინგის შემდეგ საქართველოში უკვე გაჩნდა ნიშნები იმისა, რომ რუსეთის სამშვიდობო ჯარი დატოვებს გორის, ზუგდიდის, სენაკის და სხვა ქართული ქალაქების ტერიტორიებს და მხოლოდ კონფლიქტურ ზონებს დაუბრუნდება. ჯორჯ ბუშის არც თუ ისე მოკლე განცხადებაში საინტერესო იყო ფრაზები, სადაც ის ამერიკის სრულ თანადგომას და სამშვიდობო პროცესში ჩართულობას გულისხმობდა: - მე ვაგზავნი კონდოლიზა რაისს საფრანგეთში, სადაც იგი იმუშავებს პრეზიდენტ სარკოზისთან, რის შემდეგაც ჩავა თბილისში და პირადად გადასცემს ამერიკის მხარდაჭერას საქართველოს დემოკრატიულ მთავრობას. ამ მოგზაურობაში იგი მთელს მსოფლიოს მობილიზაციას გაუკეთებს საქართველოს დასაცავად. ასევე, აშშ-ის თავდაცვის მინისტრი რობ გეითსი დაიწყებს ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნას ქართული არმიისთვის და იქნება უწყვეტი ჰუმანიტარული ოპერაცია. ამერიკის სამხედრო საჰაერო ძალები ჰუმანიტარული დახმარებით საქართველოსკენ უკვე მიემართებიან.

ჩვენ გამოვიყენებთ სამხედრო საზღვაო ძალებს, რომ მივაწოდოთ ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარება საქართველოს - ციტატის დასასრული. ამერიკის პრეზიდენტის განცხადება არ გავდა, მხოლოდ სიტყვებს, რომელიც შესაძლებელია შემდგომში არ განხორციელდეს. სწორედ მის ჩართულობასთან და აქტივობასთან დაკავშირებით ჩვენ კომენტარი ვთხოვეთ "ფონდი დემოკრატიული განვითარებისათვის" პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს, რომელიც შექმნილი ვითარების ანალიზს ახდენს.

ნინო ბურჯანაძეპირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ გუშინდელი განცხადებები პრეზიდენტი ბუშისა და კონდოლიზა რაისის განცხადებებს ვგულისხმობ, იყო უპრეცენდენტო მხარდაჭერა საქართველოსთვის. შემთხვევითი არ არის ასეთი რეაქცია, რადგან ის რაც გააკეთა რუსეთმა საქართველოში, იყო ასევე უპრეცენდენტო მოვლენა, ეს არანაირად არ ჯდება დიპლომატიურ და სამშვიდობო ჩარჩოში. ეს იყო ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის მცდელობა. წარმოუდგენელი იყო, რომ მსოფლიოს დემოკრატიულ და ცივილიზებულ სახელმწიფოებს დაეშვათ ეს რეალობა, რადგან ამით შეიცვლებოდა თანამედროვე მსოფლიოს რეალობა. ის რაც დღეს საქართველოში ხდება ეს არ არის, მხოლოდ საქართველოს, ქართულ რუსული ურთიერთობის პრობლემა, ეს არის მსოფლიო წესრიგის პრობლემა. პრაქტიკულად საკითხი იდგა ასე, გაიმარჯვებს ძალა თუ გაიმარჯვებს სამართალი. ეს ამოცანა რეალურად იდგა მსოფლიო წესრიგის წინაშე. თუკი მსოფლიო ამაზე არ მოახდენდა ადეკვატურ რეაგირებას, მაშინ მსოფლიო განაცხადებდა თანხმობას დუმილით, იმაზე, რომ დიდმა ქვეყანამ შეიძლება სამაგალითოდ დასაჯოს პატარა ქვეყანა.

- საქართველოსათვის უკანასკნელი წლების მანძილზე პრიორიტეტული მიზანი ქვეყნის ტერიტორიალური მთლიანობის აღდგენა იყო. იქიდან გამომდინარე, რომ დღეს საზოგადოებას სრულად არ მიეწოდება ინფორმაცია შექმნილი სიტუაციის შესახებ, საზოგადოებაში შეფასების სხვადასხვა მიმართუელებები შეიმჩნევა - ერთი ნაწილი შექმნილ ვითარებას მის პერსპექტივაში პოზიტიურ პლანში აფასებს, მეორე ნაწილი თვლის რომ პრობლემა კიდევ უფრო გამძაფრდა და მესამე ნაწილი თვლის, რომ ამ პრეცენდენტის მეშვეობით არსებული სიტუაცია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით არ შეიცვლება. რა სურათია სინამდვილეში, როგორ აფასებს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე შექმნილ ვითარებას პერსპექტივაში.

ნინო ბურჯანაძეახლა ვერ ვიტყვით, რომ საქმე ძალიან კარგად არის, როდესაც გვყავს ამდენი დაღუპული, დანგრეულია ქვეყნის ინფრასტრუქტურა, პრაქტიკულად ოკუპირებულია ქვეყნის ნაწილი და ა.შ. ვითარება რთულია ძალიან. ყველას მოვუწოდებ რომ გავაკეთოთ ადექვატური ანალიზი და უნდა იქნას გამოტანილი დასკვნები. მე კატეგორიულად არ ვეთანხმები იმას, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო სამუდამოდ დაიკარგა და დარწმუნებული ვარ რომ საერთაშორისო თანამეგობრობა გარკვეული მექანიზმებით აუცილებლად ჩაერთვება კიდევ უფრო აქტიურად ამ პროცესში. მე ვერ ვიტყვი, რომ ამ უკანასკნელი მოვლენების შედეგად კონფლიქტის დარეგულირების პროცესი უფრო გამარტივდა, მითუმეტეს რომ იმ ტრაგედიას რაც ძლივს მოშუშდა ორ ერს შორის, დაემატა ახალი ტრაგედია, ახალი მსხვერპლი და ეს ბუნებრივია ართულებს მოლაპარაკებების პროცესს. მაგრამ საერთაშორისო თანამეგობრობა იქიდან გამომდინარე რომ აშკარად დაინახა რუსეთის არანეიტრალურობა, კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთვება ამ კონფლიქტების დარეგულირების პროცესში და ეცდება ამ ზონებში რუსეთის სამშვიდობო ჯარები ჩაანაცვლოს სხვა, ნეიტრალური სამშვიდობო მისიით.

- მე შეგახსენებთ, რომ თქვენ უსმენდით "ფონდი დემოკრატიული განვითარებისათვის" პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს, რომელიც სპეციალურად რადიო ამერიკის ხმისათვის ახდენდა შემნილი სიტუაციის ანალიზს.

XS
SM
MD
LG