ინდოეთის აღმოსავლეთში განრისხებულმა მოპროტესტეებმა საზოგადოებრივი ტრანსპორტი დააზიანეს და ბევრი ავტობუსი ამოატრიალეს. კონტროლიდან გამოსულმა ხალხმა ზოგი მძღოლიც კი სცემა.
საპროტესტო გამოსვლების ორგანიზატორებმა მთავრობას მოსახლეობის ინტერესების იგნორირებასა და პირველ რიგში მთავრობის კუთვნილი ნავთობკომპანიების მოგებაზე ზრუნვაში დასდეს ბრალი:
“მე გაერთიანებული პროგრესული ალიანსის დახურვისკენ მოვუწოდებ, ვინაიდან ამ პარტიამ რიგითი ადამიანის ინტერესები დაარღვია”. ამბობს პარტია ბჰარატია ჯანატას ლიდერი არჯუნ მუნდა.
ესპანეთში გაფიცვამ თითქმის მთელი ქვეყნის პარალიზება გამოიწვია. ბენზინგადამზიდებმა მადრიდის ბევრ ბენზოგასამართ სადგურზე საწვავის მიტანა შეწყვიტეს:
“მე ბენზინისთვის მოვედი და სადგური ცარიელი დამხვდა. ახლა სადმე სხვაგან მომიწევს წასვლა”. ამბობს ერთ-ერთი ავტომოყვარული.
ესპანეთის სატრანსპორტო ასოციაცია აცხადებს, რომ გაფიცვაში ოთხოცდაათმა ათასმა სატვირთო ავტომობილის მძღოლმა მიიღო მონაწილეობა:
“ეს ომს წააგავს. ჩვენი ქმედება ბრძოლის დროს დარჩენილი ბოლო ტყვიასავითააა და თუ ამანაც არ გაამართლა, ჩვენი საქმე წასულია”. გვეუბნება ერთ-ერთი გაფიცული მძღოლი კარლოს კამპოი.
ნეპალში დიზელის და სხვა საწვავის გაძვირებამ, სურსათისა და ყოველდღიური მოხმარების საქონლის ფასების ზრდაც გამოიწვია. ამას კი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი უკვე ვეღარ აუდის. მიუხედავად იმისა, რომ საპროტესტო აქციები ძირითადად მშვიდობიანად მიმდინარეობს, ხელისუფლება აცხადებს, რომ ძალადობის საშიშროება არსებობს.
ჰონკონგში მოწყობილი დემონსტრაციის მონაწილეებმა ქუჩებში მოძრაობა გადაკეტეს. ასობით მოპროტესტე სამთავრობო დაწესებულებებისკენ გაემართა. სამთავრობო ტელევიზიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქალაქის საფინანსო უბნის ზოგი ქუჩა საბარგო ავტომობილების საშუალებით გადაკეტეს.
ჰონკონგის სატრანსპორტო უწყება აცხადებს, რომ ავტობუსების მძღოლებს აღიზიანებთ ის, რომ მთავრობამ ალკოჰოლზე გადასახადები შეამცირა იმ დროს როდესაც გაზარდა გადასახადები საწვავზე.
საფრანგეთში სადაც ხალხი სამსახურსი მისაღწევად მასობრივად იყენებს მატარებლებს, დეპოს მუშაკებმა გაფიცვა მოაწყეს. ახლა ბევრ პარიზელს ფეხით სიარული უწევს.