ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალგაზრდული როკი


დავით სულაქველიძე 60-იან 70-იან წლებში მეგობრებთან ერთად როკს უკრავდა და კონცერტებს მართავდა. ეს ის პერიოდია, როდესაც როკ კონცერტების გამართვა მარტივი და დაშვებული არ იყო. გასულ შაბათს და კვირას როკ კლუბში ჯგუფი "სმაილის" კონცერტები გაიმართა, სადაც დავით სულაქველიძის ვაჟიშვილები ტრადიციას აგრძელებენ და იმ მუსიკას ქმნიან, რომელიც დღევანდელ დღეს არა ნაკლებ საინტერესო და თანამედროვეა. არსებობს მოსაზრება, რომ ქართულ მუსიკაში როკის ტრადიცია არ არსებობს და ის ყოველთვის მინიმალური დოზით არის წარმოდგენილი. თუმცა უკანაკსნელ კონცერტზე დასწრების შემდეგ ამის თქმა რთული იქნება. ვიდრე, ახალგაზრდა როკ შემსრულებლებს გავესაუბრებოდეთ – დავით სულაქველიძე საკუთარი და ქართული როკ ისტორიის შესახებ მოგვახსენებს.

დავით სულაქველიძე - პრაქტიკულად ეს იყო რამდენიმე სამოყვარულო ანსაბმლი. მაშინ ძალიან პოპულარული იყო როკ მუსიკა, მაგრამ წელიწადში სულ ერთი ან ორი კონცერტი თუ იმართებოდა. ეს იყო 60-70-იანი წლების ბოლომდე. როკი აკრძალული იყო და დაშვებული იყო, მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით. მაგრამ ეწყობოდა ე.წ. ანდერგრაუნდ კონცერტები, სადაც იბეჭდებოდა "ლევი" ბილეთები და ხანდახან ქალაქგარეთაც კი ვაწყობდით კონცერტებს. ყველაზე პოპულარული იყო როკ ფესტივალი თბილისში, სადაც მე ჯგუფი "ბლიცის" შემადგენლობაში ვმონაწილეობდი, იქ იყო ვალერი კოჩაროვი და ეს ნამდვილად ყველაზე აქტუალური ხანაა ქართული როკ კონცერტების ისტორიაში.

- დღეს რუსთაველის პროსპექტზე როკ კლუბში ჯგუფი "სმაილი" უკრავს, სადაც სანდრო და აჩიკო სულაქველიძეები მსმენელისათვის ორიგინალურ როკ მუსიკას ქმნიან.

- ფრაგმენტი კონცერტიდან.

- 60 და 70-იან წლებში როკ მუსიკა, არა მხოლოდ საბჭოთა კავშირში, არამედ მთელ მსოფლიოში საპროტესტო ნიშასაც იკავებდა. დღეს ის თითქმის დაცლილია პოლიტიკურ-სოციალური პროტესტისგან, მაგრამ განსხვავებულ და არანაკლებ საინტერესო ნიშას ავსებს.

დავით სულაქველიძე – დღეს ეს შეიძლება უფრო ენერგიის და ადრეული სექსუალობის გამოვლინებაც იყოს, მაგრამ ამის უკან დგას მუსიკა. მე ძალიან მიხარია, რომ მათ მუსიკა უყვართ, ახლებური ჰარმონიებია, ახლებური გადაწყვეტები. ჩემთვის დღესაც ძალიან საინტერესოა, რასაც ესენი უკრავენ.

- ჯგუფი "სმაილი" ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და შეიძლება ითქვას, რომ ჩამოყალიბების პროცესშია, მაგრამ ერთი რაც დანამდვილებით შეიძლება ითქვას ის არის, რომ ახალგაზრდა შემსრულებლები ნამდვილი მუსიკოსები არიან და მათ არა მხოლოდ მომავალზე, არამედ აწმყოზეც შეიძლება თამამად საუბარი. ჯგუფის ერთერთი სოლისტი სანდრო სულაქველიძე საკუთარ მუსიკას ასე ახასიათებს.

სანდრო სულაქველიძე – არის როგორც "ბრიტ პოპი", "ქოლდ ფლეი" სტილი... ჩვენ ვაკეთებთ გარკვეულ ნაზავებს, არ ვბაძავთ, მაგრამ... ჯერ ჩამოყალიბებულები არ ვართ, ვმუშაობთ.


XS
SM
MD
LG