ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ მკაფიოდ გამოხატავს მხარდაჭერას ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების სუვერენიტეტისადმი


დევიდ მერკელი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის ახლადდანიშნილი თანაშემწეა. მისი სფერო ევროპისა და ევრაზიის საკითხებს მოიცავს. მერკელი მკაფიოდ გამოხატავს ამერიკის მხარდაჭერას ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების სუვერენიტეტისადმი. იგი აღნიშნავს, რომ ამერიკისა და რუსეთის ინტერესები ამ ქვეყნებთან დაკავშირებით ერთმანეთს არ ემთხვევა: “ჩემის აზრით რუსეთი უკეთესი ქვეყანა გახდება იმ შემთხვევაში თუ აღიარებს, რომ მის მეზობლებს აქვთ ევროკავშირთან, შეერთებულ შტატებთან, ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან კავშირის დამყარების უფლება”. ამბობს მერკელი. მიუხედავად მოსკოვის და უკრაინის მოსახლეობის უმრავლესობის წინააღმდეგობისა, შეერთებული შტატები უკრაინისა და საქართველოს მთავრობებს მხარს უჭერს ნატოსთან უფრო მჭიდრო ურთიერთობის დამყარების საქმეში. მერკელი ამ წინააღმდეგობის არსებობას აღიარებს, მაგრამ ამბობს, რომ ერთ დროს ცენტრალური ევროპის ბევრ ქვეყანაშიც სკეპტიკურად უყურებდნენ ალიანსში შესვლას. იგი აცხადებს, რომ ნატოში შესვლა ამ ქვეყნებს სტაბილურობას და აყვავებას მოუტანს, ეს კი რუსეთისთვისაც სასარგებლო იქნება. “საინტერესოა იმის აღნიშნვა, რომ რუსეთმა გააფართოვა ვაჭრობა ყველა იმ ქვეყანასთან, რომლებიც ახლახანს შევიდნენ ნატოში”. ამბობს იგი. მიუხედავად ამისა დამოუკიდებელი რუსი პოლიტოლოგი ალექსანდრ კონოვალოვი თვლის, რომ ვაჭრობის გაფართოება ამ ქვეყნებში უკეთესი ეკონომიკური პოლიტიკის შემოღების დამსახურებაა და არა ალიანსში გაწევრიანებისა. იგი ასევე შიშობს, რომ საქართველოს ნატოში შესვლა კიდევ უფრო დაძაბავს აფხაზეთში არსებულ მდგომარეობას, ხოლო ეს კი დომინოს ეფექტს გამოიწვევს, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონსაც ჩაითრევს. კონოვალოვი თვლის, რომ უკრაინის ნატოში შესვლას შენგენის შეთანხმებაც შეიძლება მოჰყვეს, რაც რუსეთ უკრაინის საზღვარს ჩაკეტავს გამოიწვევს. ეს კი საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ინტერესებს და რუსეთ-უკრაინის ვაჭრობას ავნებს: “თუ უკრაინას დაჩქარებული ტემპით შეიყვანენ ნატოში. რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული ვაჭრობა შეწყდება. უკრაინის დაახლოვება დასავლეთთან რუსეთის დასავლეთთან დაახლოვების პროცესის პარალელურად უნდა ხორციელდებოდეს’. ამტკიცებს ალექსანდრ კონოვალოვი. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწის დევიდ მერკელის თქმით, აუცილებელია ენერგეტიკის დარგში ისეთი საერთაშორისო კანონმდებლობის არსებობა, რომელიც რუსეთის ქმედებას დაარეგულირებს: “გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ ალტერნატიური გზები თითქმის არ არსებობს, ჩვენ შეერთებულ შტატებში ევროკავშირთან ერთად ვცდილობთ, რომ უკრაინა ენერგიის უფრო გამჭვირვალე სატრანზიტო გზა გახდეს”. ამბობს იგი. დევიდ მერკელი აღნიშნავს მოსკოვთან, იარაღის გაუვრცელებლობის საკითხში პოზიტიურ თანამშრომლობას და აგრეთვე მიესალმება მოლდოვას დნესტრისპირეთის რეგიონში არსებული დაძაბულობის განმუხტვისკენ მიმართულ უკრაინისა და რუსეთის მხარდაჭერას. თუმცა ამერიკელი დიპლომატი ამავე დროს აცხადებს, რომ რუსეთსა და სხვა პოსტსაბჭოურ ქვეყნებში მომხდარი ჟურნალისტების მკვლელობების გამოძიება ამ ქვეყნების პრიორიტეტებს უნდა წარმოადგენდეს და უფრო ინტენსიურად უნდა მიმდინარეობდეს.
XS
SM
MD
LG