ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საზოგადოებრივი აქტივობა


გუშინ თბილისში, ყოფილი რესპუბლიკის და ამჟამინდელი ვარდების მოედანზე მრავალათასიანი მანიფესტაცია გაიმართა. დღეს უკვე ბევრს დავობენ, რა ციფრით გამოცხადდა უკმაყოფილო მოსახლეობა მიტინგზე, იყო 300 ათასი, 100 ათასი თუ სულაც 20 ათასი. ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს, თუმცა ყველა ერთხმად აღნიშნავს და ეს შეუმჩნეველი არ დარჩებოდა, რომ გუშინ, დღევანდელი პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, კიდევ გაიმართებოდა ამგვარი მრავალრიცხოვანი საპროტესტო, მშვიდობიანი აქცია. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი არ წყვეტს ბრძოლას და აქედან გამომდინარე, დემოკრატიული პროცესი ისევ მიმდინარეობს. თუმცა, ეს ერთმნიშვნელოვნად გასაკვირია, რადგან ოპოზიციურმა გაერთიანებამ, სატელევიზიო მედიის გარეშე, ასეთი დიდ მასშტაბიანი მანიფესტაციის გამართვა შეძლო. ნოემბრის მოვლენების შემდეგ კიდევ უფრო ხშირად ისმის, რომ საბოლოოდ სამოქალაქო ცნობიერება ქვეყანაში უკვე ჩამოყალიბდა და ადამიანებმა საკუთარი უფლებების დაცვა ისწავლეს. ამას პუბლიცისტი ლაშა ბაქრაძეც აღნიშნავს.

ლაშა ბაქრაძეარ ვიცი რა დინებებია სახელისუფლო ჯგუფში, მაგრამ აშკარაა, რომ დადებითად შეიძლება შეფასდეს ნოემბრის მოვლენები, მან შეაჯანჯღარა ქართული საზოგაოდება. ფაქტია, რომ ჩვენ უფრო გააქტიურებული საზოგადოების წინაშე ვდგავართ. ხელსუფლებამ დაინახა, რომ ძალიან მკვეთრია წინააღმდეგობა მისი პოლიტიკის მიმართ და ეს არ არის მხოლოდ სოციალური პრობლემების მიმართ პროტესტი. ასევე აშკარაა მედიაში არსებული პრობლემები, სადაც დგას როგორც ჟურნალისტების თავისუფლების, ასევე მათი პროფესიონალიზმის საკითხი. და სამწუხაროდ დღევანდელ დღეს მე ვერ ვხედავ დიდ შანსს, რომ ეს მდგომარეობა გამოსწორების გზას ადგეს.

- ხვალ მომდევნო საპროტესტო აქცია საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან იმართება - მოთხოვნით, დაუბრუნდეს საზოგადოებრივი ტელევიზია ხალხს. სამწუხაროა, მაგრამ წინასაარჩევნო, საპრეზიდენტო კამპანიის დროს, საზოგადოებრივი მაუწყებელი ყველა არსებული მონიტორინგის ჯგუფის დაკვირვებით ყველაზე მეტად დაბალანსებული და ნეიტრალური იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, პირველი უკმაყოფილების ტალღა სწორედ მისკენ არის მიმართული. ამ შემთხვევაში ვფიქრობთ მოსახლეობა საერთო პროტესტს გამოხატავს სატელევიზიო მედიის მიმართ და მასთან ანგარიშვალდებულად, სწორედ საზოგადოებრივ მაუწყებელს თვლის. ამგვარი საპროტესტო ფონი კი ძირითადად დამოუკიდებელმა ტელეკომპანიებმა “მზემ” და “რუსთავი 2”-მა შექმნეს. ტელეკომპანიები, რომელიც არაფორმალურად, მთლიანად მმართველ პარტიას ექვემდებარება და მის დაკვეთას საკმაოდ უხეშად და სწორხაზოვნად ასრულებს. ამასთან ერთად მმართველმა პარტიამ, ხელისუფლებამ თუ ქვეყნის პრეზიდენტმა ნოემბრის მოვლენების შემდგომი ეტაპი არ მიიღო, როგორც გაკვეთილი და მმართვის მექანიზმები კიდევ უფრო გაამძლავრა, რამაც შესაძლებელია საბოლოო ჯამში, ქვეყანა ფატალურ შედეგამდე მიიყვანოს.

XS
SM
MD
LG