ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნინია კაკაბაძე: ედგარ კერეტი თბილისში


უკანასკნელი დღეების განმავლობაში თბილისში ახალი და საინტერესო კულტურული აქციები იყო დაგეგმილი, მაგრამ ბუნებრივია საგანგებო მდგომარეობის პირობებში ყველა ეს აქცია დროებით გადაიდო. მაგრამ გამონაკლისი ამ შემთხვევაშიც იყო. 7 ნოემბერს დაგეგმილმა ღონისძიებამ 8 ნოემბერზე გადაინაცვლა. ჟურნალი “ცხელი შოკოლადის” მოწვევით თბილისში ჩამოვიდა ებრაელი მწერალი ედგარ კერეტი. ჟურნალის ინიციატივით დაიბეჭდა მისი წიგნის ქართული თარგმანი. ამიტომ 8 ნოემბერს კინოთეატრ “ამირანის” ერთ-ერთ დარბაზში, მწერალთან შეხვედრა და წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.

პატარა ინფორმაცია ედგარ კერეტის შესახებ: ედგარ კერეტი დაიბადა 1977 წელს თელავივში. მან წერა, მას შემდეგ დაიწყო, რაც მისმა მეგობარმა ჯარში თავი მოიკლა. თავდაპირველად ედგარ კერეტი ფიქრობდა, რომ თავისი უფროსი ძმის მსგავსად კომპიუტერული პროგრამისტი გახდებოდა, მაგრამ უნივერისტეტის დამთავრების შემდეგ, მისმა პროფესორმა კერეტის მოთხრობების კრებულის გამოცემა შესთავაზა. მას შემდეგ გამოსულია 4 კრებული, რომელთა შორის ოთხივე მათგანი ისრაელში ბესტსელერად იქცა.

“ნებროთმა გარეკა” ასე ქვია ედგარ კერეტის წიგნს, რომლის პრეზენტაციაც 8 ნოემბერს შედგა, წიგნი 25 ენაზეა თარგმნილი და სწორედ 26-ე ენა აღმოჩნდა ქართული. ასევე ედგარ კერეტის ძალიან ბევრი მოთხრობა არის ეკრანიზებული, მათ შორის ხორვატი რეჟისორის გორან დუკიჩის მიერ გადაღებული ფილმი “ვენის მჭრელები”, რომლის პრემიერაც უახლოეს დღეებში იგეგმება ამერიკაში და სადაც მთავარ როლს ამერიკელი მუსიკოსი თომ უეითსი ასრულებს. ამჟამად კერეტი კითხულობს ლექციებს თელავივის უნივერსიტეტის კინოსკოლაში და თანამშრომლობს რამდენიმე საერთაშორისო გამოცემასთან, მათ შორის “ნიუ-იორკ თაიმსთან” და “პარიზ რევიუსთან”.

კინოთეატრ “ამირანში” ქართველ მკითხველთან შეხვედრისას კერეტის საუბრიდან ერთი ნაწილი განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა. როგორც მან განაცხადა, თბილისში ჩამოსვლისას ის განსხვავებულ რეალობას ელოდა. საბოლოო ჯამში როგორია მისი შთაბეჭდილება? რა სხვაობაა მის ქვეყანასა და საქართველოს შორის? ედგარ კერეტი - ფაქტიურად განსხვავებული მდგომარეობაა, იმდენად რამდენადაც ისრაელი იმყოფება სამხედრო სიტუაციაში. მაგრამ, გუშინ რაც ვნახე, ის ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, ჩემი თავი ისევ ისრაელში მეგონა. შემიძლია ვთქვა, რომ ყველაზე დაძაბულ სიტუაციაშიც კი, ისრაელში არასდროს ყოფილა მსგავსი შემთხვევა, რომ გაეჩერებინათ საინფორმაციო საშუალებები და ხალხი ინფორმაციის გარეშე დაეტოვებინათ. მე ვიყავი 7 ნოემბერს მოედანზე და ვნახე რომ ხალხი იყო გაბრაზებული და უკმაყოფილო, მაგრამ მათი მხრიდან მუქარა არ დამინახავს. თუ თქვენ ისეთ ქვეყანაში ცხოვრობთ, რომელიც ზედმეტად გიცავთ არსებული ან არ არსებული საფრთხეებისგან, ან კი ზედმეტად გიცავთ ინფორმაციისგან, მაშინ ბუნებრივია თქვენ რაღაც პრობლემები გაგაჩნიათ.

- არავინ იცის სამწუხაროა თუ არა ის ფაქტი, რომ ებრაელი მწერალი საქართველოში პირველად, სწორედ 7 ნოემბერს მოხვდა. თუმცა შესაძლებელია ეს პოზიტიურ მოვლენად მივიჩნიოთ, რადგან უცხო თვალით შეფასებული და აღქმული ქართული რეალობა, გაცილებით ობიექტური იყოს, ვიდრე ჩვენს მიერ აღქმული და გადამუშავებული შთაბეჭდილება. ფაქტი ერთია, ედგარ კერეტის თქმით ამგვარი მკაცრი ზომები ისეთ ქვეყანაშიც კი არ არის მიღებული, როგორიც ისრაელია, ქვეყანა რომელიც პერმანენტული ომის პირობებში არსებობს.

XS
SM
MD
LG