ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პარლამენტის წინ 100 ათასი ადამიანი გამოვიდა


გაერთიანებულმა ოპოზიციამ დანაპირები შეასრულა და ხელისუფლებას პარლამენტის წინ ათასობით ადამიანი დაუყენა. ოპოზიციის მთავარი მოთხოვნებია - საპარლამენტო არჩევნების 2008 წლის აპრილში ჩატარება და პოლიტ.პატიმრების გათავისუფლება. აქციაში მონაწილეთა შორის არიან ათასობით ჩამოსული ადამიანები რეგიონებიდან, თბილისელები, ყველასათვის კარგად ცნობილი კულტურის მოღვაწეები. აქციაზე კითხვით მსახიობ მერაბ თავაძეს მივმართე, რომელიც კითხვაზე რატომ მოვიდა აქციაზე, ამბობს, რომ დგას იქ, სადაც დგას ქართველი ხალხი..- ჩემი მაყურებელი ხალხია, არ შეიძლება ასე ადამიანების დამცირება, როგორც ამას ხელისუფლება აკეთებს...- აცხადებს ცნობილი მსახიობი. თანასწორობის ინსტიტუტის წევრები აქციას პარალელურად მიხეილ სააკაშვილის სახლთან მართავდნენ , შეძახილებით : მკვლელო ! მიშა ვარდები - მალე გადმოვარდები და გალიაში ჩავარდები! იცოდე ! აქციაზე ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელს ნონო ციხისთავს გავესაუბრე, მისივე თქმით ორგანიზაცია უპირობოდ უერთდება მოთხოვნებს, რომლების დააყენა საზოგადოებამ... დააკმაყოფილებს თუ არა ხელისუფლება ოპოზიციის მოთხოვნებს ? - ამ კითხვით მმართველი პარტიის წევრს, გიგი წერეთელს მივმართე. გიგი წერეთლის თქმით, 2008 წელი არის რთული წელი დაკავშირებით რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებთან, რომ ოპოზიციის მოთხოვნა არასერიოზულია, რომ საქართველოში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ერთდროულად გამართლებულია როგორც ფინანსური, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით.. დაახლოებით 2 საათის წინ აქციაზე პარლამენტის წინ ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი გამოჩნდა, რომელიც დღეს დაბრუნდა ლონდონიდან და რომელსაც აქციის მონაწილეები წარმოუდგენელი ოვაციებით შეხვდნენ. - ნახოს ხელისუფლებამ, მის მიერ ხალხის მტრად გამოცხადებულ ბადრი პატარკაციშვილს როგორ ხვდება ხალხი - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა. პარლამენტის წინ წარმოდგენილია საქართველოს ყველა რეგიონი, ხალხი დაშლას არ აპირებს, სანამ ხელისუფლება ოპოზიციის მიერ გაჟღერებულ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს..

XS
SM
MD
LG