ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი სახელოვნებო სეზონი თბილისში


ახალი სახელოვნებო სეზონი შოთა რუსთაველის დრამატული თეატრის ახალი სეზონის გახსნისათვის ყველაფერი მზად არის. თეატრის სამივე სცემა, დასი, სპექტაკლები, პროექტები და გეგმები. პირველი სიახლე, რომელსაც თეატრი ამ სეზონზე შემოგვთავაზებს, იქნება რობერტ სტურუას და გოგი ქავთარაძის პიესის მიხედვით, ნანუკა ხუსკივაძის დადგმული სპექტაკლი “ბრალდება”, რომელშიც პროექტ “დასის” წევრები მიიღებენ მონაწილეობას. პირობა იმისა, რომ რუსთაველის თეატრის სცენაზე “დასის” წევრებს კიდევ ერთხელ მოუყრიდნენ თავს, თეატრის მესვეურებმა სატელევიზიო პროექტის მსვლელობის დროს დადეს. ეს პირობა 3 ოქტომბერს რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე ასრულდება. თუმცა მანამდე მაყურებელს 129-ე სეზონზე რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე “შობის მეთორმეტე ღამე” ელის.

წელს რუსთაველის თეატრი ლიტერატურულ-პოეტური საღამოებითაც დაიტვირთება. ნიკა შველიძე წარმოადგენს კომპოზიციას "სხვა საქართველო” გურამ საღარაძის, ზინა კვერენჩხილაძისა და მურმან ჯინორიას მონაწილეობით. რეპერტუარში უცვლელი და ხელუხლებელი რჩება: "კავკასიური ცარცის წრე”, "კაცია ადამიანი?!”, "დარისპანის გასაჭირი”, "წათეს წითელი წაღები”, "გოდოს მოლოდინში”. ნახავთ განახლებულ დადგმებს "მერე რა, რომ სველია სველი იასამანი”, "ქალი გველი” და "სალამურა”. იხილავთ სტურუას "ვეფხისტყაოსანსაც,” რომლის დადგმა-არდადგმასა და მის ავ-კარგზე ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო საუბარი, როცა მისი დადგმის იდეის შესახებ თავად რეჟისორის გარდა არავინ არაფერი იცოდა.

რეპერტუარში გაჩნდა სხვა ახალი სპექტაკლების სათაურებიც: "ყველაფერი არაფერზე,” "ალუბლის კურკა”, "კვარტეტი”, "დამსჯელი 14”. 129-ე სეზონი მხოლოდ სპექტაკლების სიუხვით არ იქნება გამორჩეული. თეატრს სტურუასა და ყანჩელის ტანდემით დაინტერესებული სხვადასხვა ფესტივალების დირექტორთა ჯგუფები ეწვევიან. დასი მათ "სტიქსით” დახვდება. გაიმართება სანდრო ახმეტელის ხსოვნისადმი მიძღვნილი თეატრის თანამშრომელთა ნამუშევრების გამოფენა, საიდანაც შემოსული თანხა ქიმერიონის ფრესკების რესტავრაციას მოხმარდება.

2007 წლის დასასრულს თეატრი საშობაო რეპერტუარით დაიტვირთება. "ხელოვანები ხელოვანთათვის” - ამ საღამოს თეატრის მესვეურები ხელოვანთა კავშირთან ერთად წარმოადგენენ. 2008 წლიდან რუსთაველის თეატრი ახალი მსახიობების აღზრდის ფუნქციასაც შეითავსებს: გაიხსნება სტუდია, რომელსაც რობერტ სტურუა და გოგი ქავთარაძე უხელმძღვანელებენ. ოპერისა და ბალეტის სახელწმიფო თეატრში კი უკვე დაიწყო და ჯერ კიდევ გრძელდება ტრადიციული ფესტივალი “შემოდგომის თბილისი”.

დღეს საღამოს სიმებიანი კვარტეტი ქართველი მსმენელის წინაშე წარსდგება და მოცარტისა და ვივალდის ნაწარმოებებს შეასრულებს. ხვალიდან, 30 სექტემბრიდან კი ქართველ მსმენელს კონსერვატორიის 90 წლის იუბილესადმი მიზღვნილ საღამოებზე კონსერვატორიაში შესანიშნავი კონცერტები ერთი კვირის მანძილზე ელის. თენგიზ ამირეჯიბი, ნოდარ ანდღულაძე, ალექსანდრე ბონდურიასკი, ალექსანდრე კორსანტია და ეროვნული სიმებიანი კვარტეტი კვირეულს გახსნის. მომდევნო დღეს კონსერვატორიის სტუმრებს ალექსანდრე კორსანტია და მიქელაძის სახელობის სიმფონიური ორკესტრი დაატკბობს.

საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ პაატა ბურჭულაძე, ელისო ვირსალაძე, ლადო ათანელი, პიანისტი დიმიტრი ბაშკიროვი რუსეთიდან, ერთი სიტყვით, მთელი მომდევნო კვირის მანძილზე, საღამოს ექვსი საათის შემდეგ გრიბოედოვის ქუჩის ჰაერიც კი მუსიკის ჰანგებით გაიჟღინთება. გეტყვით იმასაც, რომ ბილეთების ნაცვლად კონცერტებზე დასწრების მსურველებმა აბონემენტი უნდა შეიძინონ და ამ აბონემენტის ღირებულება 200 ლარია. ასე, რომ ქართული კულტურის აქტიური ცხოვრება, პოლიტიკური ცხოვრების მსგავსად უკვე დაიწყო და ხელოვნებით დაინტერესებულ მაყურებელს საშუალება აქვს შემოდგომის სასიამოვნო დღეები შესანიშნავი საღამოებით დატვრითოს.

XS
SM
MD
LG