ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თანამედროვე ქართული ხელოვნება და ურთიერთობა მთავრობასთან


საკმაოდ ვიწრო წრეებში დღეს ძალიან ბევრს საუბრობენ იმის შესახებ, რომ თანამედროვე ხელოვნება საქართველოში არ ვითარდება. ის არ არის მხარდაჭერილი სახელმწიფოს მხრიდან. ამაში სახელმწიფოს დავადანაშაულებთ, ვიტყვით რომ მისი ცალსახა პრიორიტეტი ტრადიციული, ძველი კულტურის შენახვაა, მაგრამ არ ვიქნებით სამართლიანები თუკი აქვე არ აღვნიშნავთ, რომ თანამედროვე ქართული ხელოვნების განვითარებით არ არის დაინტერესებული ქართული სატელევიზიო მედია. სახელმწიფო ამ შემთხვევაში გვევლინება, როგორც მთავარი დამფინანსებელი, სატელევიზიო მედია კი საზოგადოებასთან ერთად უნდა იყოს ე.წ. სუფლიორი, რომელიც სახელმწიფოს უკარნახებს რა არის მეტად თუ ნაკლებად მნიშვნელოვანი. თუკი ჩვენი მსმენელი ყოველდღიურად არ ადევნებს თვალს ტელევიზიით გადმოცემულ სიხლეებს კულტურის რუბრიკაში, ამისათვის საკმარისია შევიდეთ ნებისმიერი ტელევიზიის ინტერნეტ გვერდზე და ვნახოთ განყოფილება, სახელწოდებით - კულტურა, სადაც უკანასკნელი პერიოდის კულტურის სიახლეებია მოცემული. აი მაგალითად პატარა ამონარიდი ერთერთი მათგანიდან. ტელეკომპანია “იმედის” ვებ გვერდზე, კულტურის ბლოკში მოცემულია ამგვარი ტიპის სიახლეები: 1. ბუენოს-აირესში მოდის კვირეული გრძელდება. 2. მერაბ სეფაშვილი და ნუგზარ ერგემლიძე ახალ სიმღერაზე მუშაობენ. 3. იაპონიაში სამბას ფესტივალი დაიწყო. 4. ანჯელინა ჯოლი ერაყში ჩავიდა. ეს უკანასკნელი საინტერესო იქნებოდა, თუკი ხმამაღალ სათაურს პატარა კომენტარიც მოყვებოდა და ანჯელინა ჯოლის ერაყში ვიზიტის მიზეზსა და შედეგზეც გვიამბობდნენ, მაგრამ ქართული ტელემედიისთვის საინტერესო მხოლოდ ეს სახელი და გვარია და არა მოქმედება, რომელსაც ჰოლივუდის ვარსკვლავი ჩადის. გარდა ამისა, ალბათ, თვალში მოსახვედრია ის მოვლენები, რომელსაც ზედმიწევნით აშუქებს ქართული სატელევიზიო მედია: ტოტო კუტუნიოს ვიზიტი საქართველოში, სილამაზის კონკურსები, იურმალასა და ევროვიზიის ფესტივალი, ქართული ესტრადის წარმომადგენელთა უსასრულო გადაადგილებები საქართველოს მასშტაბით, მათი ახალი ხიტები და ა.შ. ამასობაში მოსახლეობას მინიმალური ინფორმაციაც კი არ მიეწოდება იმ მცირერიცხოვანი სახელოვნებო აქციების შესახებ, რომელიც საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ ხდება. შამხატვრო აკადემიის რექტორი გია ბუღაძე თანამედროვე ხელოვნებაში არსებულ ტენდენციებზე საუბრობს. გია ბუღაძე – ბუნებრივია ტენდენცია არის მულტიმედიური სინთეზისკენ. ეს არის ბევრად უფრო მრავალფეროვანი, არა ერთმნიშვნელოვანი ხელოვნება, ვიდრე ეს იყო ადრე. თუკი ადრე ჭარბობდა, მშრალი კონცეპტუალური სიშიშვლე, დღეს ეს არარ გვაქვს. საინტერესო ის არის, რომ ის ტენდენციები რომელზეც გია ბუღაძე საუბრობდა საქართველოშიც შეინიშნება და ქართველი ხელოვანები მეტნაკლებად ჩართულნი არიან თანამედროვე ხელოვნების ცოცხალ პროცესში. მაგრამ საქმე სწორედ იმაში გახლავთ, რომ მათი შემოქმედება არ არის მხარდაჭერილი არც საზოგადოების, არც სახელმწიფოს და არც სატელევიზიო მედიის მხრიდან, რომელიც დღეს გადამწყვეტ ფუნქციას ასრულებს საზოგადოებრივი გემოვნების, ხედვის ჩამოყალიბებაში. მაგალითად ზუსტად ერთი კვირის წინ ნინო ჩუბინიშვილის სრულიად გენიალური შემოქმდებითი აქცია არ დარჩებოდა ყურადღების მიღმა და ეულად მისული ჟურნალისტი არ დასვამდა კითხვას: “რამდენი პროცენტია თქვენს აქციაში შემოქმედება?” ტელემედია რომელიც განათლების აშკარა დეფიციტს განიცდის, საზოგადოება რომელიც ინფორმაციის გარეშე რცება და სახელწმიფო რომელიც დასავლეთთან ინტეგრირების პროცესს ტანამედროვე კულტურის გარეშე ცდილობს. საბოლოო ჯამში იმ არა სახარბიელო სურათს ვიღებთ, რომელიც ქვეყანას სოფო ხალვაშისა თუ ქალბატონი ელეონორას სახით წარადგენს მსოფლიო მაყურებლის წინაშე.
XS
SM
MD
LG