ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფობიები ქართულ რეალობაში


როგორც ცნობილი გახდა ჟურნალი “ანაბეჭდი” მის მომდევნო ნომერში აქვეყნებს იმ უსასრულო სიას, სადაც სხვადასხვა ფობიების ჩამონათვალია. როგორც აღმოჩნდა, ჩვენთვის კარგად ცნობილ კლაუსტროფობიას, აგაროფობიას და კიდევ რამდენიმე მეტად თუ ნაკლებად გახმაურებულ ფობიებს, კიდევ უამრავი შიში უერთდება, რომელიც შესაძლებელია რომელიმე მწერის, ცხოველის, ფრინველის შიშითაც კი ხასიათდება. ჩვენთვის საინტერესო გახდა გასაუბრება პრაქტიკოს ფსიქოლოგთან, რომელიც ძალიან მოკლედ მოგვახსენებს თუ რომელი ფობია გვხვდება ყველაზე ხშირად საქართველოში და რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი. ფობია, რომელიც შესაძლებელია იყოს გენეტიკურიც და შეძენილიც, რაციონალურიც და ირაციონალურიც – რა გავლენას ახდენს ამ ფობიებზე გარემო რომელშიც ჩვენ ვარსებობთ. პირველ რიგში კი კითხვა, რომელია ყველაზე გავრცელებული ფობია საქართველოში. ფსიქოლოგი ქეთი მღებრიშვილი მოგვახსენებს:

ქეთი მღებრიშვილი – ეს არის კლაუსტროფობია (დახურული სივრცის შიში), აგაროფობია (გახსნილი სივრცის შიში) და სოციოფობია. სოციოფობია ნიშნავს – პიროვნებათაშორისო ურთიერთობების შიშს, საჯაროდ გამოსვლის, გამოცდაზე გასვლის, პარტნიორებთან ურთიერთობის შიშს... სოციოფობია თავისთავად რთული ფენომენია და ის გარკვეულწილად არასრულფასოვნების კომპლექსიდან მომდინარეობს. დარღვეულია კომუნიკაციური ურთიერთობები, მას თან სდევს მორცხვობა, კომუნიკაციური უნარჩვევების დეფიციტი... მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ეს არსებობს ანუ არ არის დეფიციტი, და მაინც ხდება ბლოკირება შფოთვისა და შიშის სიმპტომებიდან გამომდიანრე. გარკვეულწილად ეს დაკავშირებულია იმ გარემოებასთან, რომ არსებობს სურვილი წარჩინებულობისა. ეს არის გარკვეული მოთხოვნილება იყოს რეპრეზენტაბელური. ამ დროს არასრულფასოვნების კომპლექსი და რეპრეზენტაბელურობის მოთხოვნა - ეს კონფლიქტი აჩენს ამ სოციოფობიას. რაც საკმაოდ რთული სამკურნალოა, საკმაოდ ხანგრძლივ დროს და უნარჩვევების შეძენას გულისხმობს.

- ვიდრე მკურნალობამდე მივიდოდეთ, მსმენელისათვის ალბათ საინტერესო იქნება, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ბავშვს არ შეექმნას არასრულფასოვნების კომპლექსი, რომელიც მას მომავალში სოციოფობიაში გადაეზრდება?

ქეთი მღებრიშვილი – რასაკვირველია ეს პირველ რიგში მომდინარეობს აღზრდიდან. სულ რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს სოციოფობიის ჩამოყალიბებას, პირველი ეს არის, როდესაც მშობელი გადაჭარბებული მზრუნველობით გამოირჩევა და ყველანაირ პირობას უქმნის იმისათვის, რომ ბავშვი არ ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ პიროვნებად. ან პირიქით როდესაც დედა ვერ აძლევს ბავშვს იმ ემოციას, რომელიც მას სჭირდება, აქედან ვითარდება ემოციური დეფიციტი. ოჯახური კონფლიქტები, ოჯახური ძალადობა - ეს ყველაფერი, ასევე ავითარებს არასრულფასოვნების კომპლექსს. სახელმწიფო იწყება ოჯახით, თითოეული ოჯახი არის სახელმწიფოს ერთი შემადგენელი ნაწილი.

- სახელწიფო იწყება თითოეული ოჯახიდან, ამიტომ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება არა ტელევიზიით, არამედ თითოეული ოჯახიდან უნდა დაიწყოს, იმისათვის რომ გარემოსგან გაუცხოვებული ადამიანები მომავალში ნაკლებად არსებობდნენ.

XS
SM
MD
LG