ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართველები ვენეციის ბიენალეზე


თანამედროვე ხელოვნების ვენეციის 52-ე ბიენნალეზე, წელს საქართველო პირველად იყო წარმოდგენილი დამოუკიდებელი პავილიონით. ქართველ მხატვრებს გასულ წლებშიც მიუღიათ მონაწილეობა, მაგრამ წელს სახელმწიფო იყო ჩართული, როგორც მონაწილე. განცალკევებულ პავილიონში წელს 3 ქართველი ქალბატონი წარსდგა დამთვალიერებლის წინაშე, თამარ კვესიტაძე, ეთერ ჭკადუა და სოფო ტაბატაძე. უფრო წვრილად 52-ე ვენეციის ბიენალეს შესახებ, საქართველოს პავილიონის კურატორი, ხელოვნებათმცოდნე ნინო ჭოღოშვილი მოგვახსენებს.

ნინო ჭოღოშვილი - მინდა აღვნიშნო, რომ ქართველ მხატვრებს ადრეც მიუღიათ მონაწილეობა, მაგრამ წელს პირველად ქართველებს ქონდათ სახელმწიფო მხარდაჭერა. მონაწილეები შეარჩია საორგანიზაციო ჯგუფმა და აქ განსამზღვრელი იყო მათი შემოქმდების აქტუალურობა; რამდენად შეესაბამება მათი ხელოვნება ვენეციის ბიენალეს მოთხოვნებს. მე ვფიქრობ, რომ ქართული პავილიონი ამ თვალსაზრისით იყო საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი. წელს ბიენალეს თემა იყო – “იფიქრე გრძნობით და იგრძენი გონებით”. ეს ძალიან დიდ საშუალებას აძლევდა მონაწილეებს რომ მრავალი სახის ხელოვნება წარმოედგინათ. საერთოდ მთლიანად ბიენალე იყო უფრო ვიზუალური, ვიდრე კონცეპტუალური. აქედან გამომდინარე, ძალიან მრავალფეროვანი გამოფენა გამოვიდა.

- რა გამოგვარჩევდა ჩვენ, ანუ ქართულ პავილიონს დანარჩენებისგან, თუ იყო მსგავსება ან კი სხვაობა. რამდენად ადექვატურები ვიყავით ჩვენ მსოფლიოს თანამედროვე ხელოვნების კონტექსტში?

ნინო ჭოღოშვილი – ითვლება რომ 51-ე ბიენალე იყო ფემინისტური, ამ ბიენალაზე იგივეს ვერ ვიტყვით. მიუხედავად ამისა, ქალი ხელოვანების როლი იყო ძალიან თავლსაჩინო. ჩვენს პავილიონშიც წარმოდგენილი იყო სამი ქალბატონი, რაც სრულიად არ იყო წინასწარ დაგეგმილი, მაგრამ ასე მოხდა და აქედან გამომდინარე, საერთო მსოფლიო კონტექსტში მოვხვდით.

- ასე, რომ საბედნიეროდ თანამედროვე ქართული ხელოვნება მთლიანად ჩაჯდა მსოფლიოს შემოქმედებით კონტექსტში, რისი შედეგიც ის გახლავთ, რომ ერთ-ერთი ქართველი ხელოვანი - სოფო ტაბატაძე უკვე სტამბულის საერთაშორისო ბიენალეზეც არის მიწვეული, რომელიც დღევანდელ დღეს არანაკლებ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, ვიდრე ვენეციის ბიენალე.

XS
SM
MD
LG