ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ბუში ირანში დაკავებული ამერიკელების შესახებ საუბრობს


პრეზიდენტმა ბუშმა ირანის ხელისუფლებას ირანული წარმოშობის ამერიკის 4 მოქალაქის დაუყოვნებლივ განთავისუფლებისკენ მოუწოდა. შეერთებული შტატების პრეზიდენტი მეხუთე ამერიკელის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მიწოდებას მოითხოვს, რომელიც მარტში გაუჩინარდა ირანის ტერიტორიაზე. დაკავებულთა შორის არიან ირანული წარმოშობის ამერიკელი მეცნიერები ჰალეჰ ესფანდიარი, კიან ტაჯბაღში, მშვიდობის დაცვის აქტივისტი ალი შაქერი და ჟურნალისტი ფარნაზ აზიმა. პრეზიდენტ ბუშის განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ადამიანები ირანის რეჟიმის ტყვეობაში იმყოფებიან, რაც ყოვლად მიუღებელია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. პრეზიდენტ ბუშის თქმით ისინი არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენენ ირანის ხელსიუფლებისათვის და მხოლოდ ამერიკელი და ირანელი ხალხების დამეგობრებისთვის იღვწოდნენ. ჯორჯ ბუში ასევე შეშფოთებულია ამერიკელი ბიზნესმენის რობერტ ლევინსონის ბედით, რომელიც ირანში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა და რომლის შესახებ არაფერია ცნობილი. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის სტივენ ჰადლეის განცხადებით ირანის ხელისუფლების მიერ ამერიკის მოქალაქეების დაპატიმრება კიდევ ერთხელ მეტყველებს რომ თეირანის პოლიტიკა მთელი რეგიონის დესტაბილიზაციას უწყობს ხელს. ირანის მოსახლეობის ინტერესების საზიანოდ ამ ქვეყნის ხელისუფლება ბატონი ჰადლეის თქმით:” ტერორიზმის მხარდამჭერად გვევლინება. ბირთვული იარაღის ხელში ჩაგდებას ცდილობს, ერაყის მთავრობის დესტაბილიზაციას ესწრაფვის, მხარს უჭერს ჰეზბოლას მსგავს ტერორისტულ ორგანიზაციებს და ლიბანის ხელსიუფლებაზე ზეწოლას ახორციელებს.” სტივენ ჰადლეის განცხადებით ირანის ხელისუფლების მოქმედება ამერიკის მოქალაქეების მიმართ კარგად მეტყველებს თავად ამ რეჟიმის ხასიათზე, რომელთანაც დიალოგის წარმოებისკენ მოგვიწოდებენ, მაგრამ ავიწყდებათ თუ რა სიძნელეებთან არის ეს დაკავშირებული.
XS
SM
MD
LG