ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის კონფლიქტი არ მოხდება


ექსპერტები წინასწარმეტყველებენ, რომ შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის კონფლიქტი არ მოხდება.

ჰადსონის ინსტიტუტის მიერ დასმულ კითხვაზე მოკლე პასუხია არა. შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის შეიარაღებული დაპირისპირება არ მოხდება. რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ევგენი პრიმაკოვის მრჩეველი მიხეილ დელიაგინი ამბობს, რომ დასავლეთტან დაპირისპირება რუსეთის მმართველ ელიტას ხელს არ აძლევს:

“მმართველი ჯგუფების წარმომადგენლებს საკუთარი საბანკო ანგარიშები დასავლეთის ბანკებში აქვთ გახსნილი. თანაც აუცილებელია იმის გაცნობიერებაც, რომ რუსეთის არმია არ არსებობს და ეკონომიკა კი ზალზე სუსტია. ჩვენი შავი ზღვის ფლოტი ბულგარეთის და რუმინეთის ფლოტების დონესაც კი ჩამოუვარდება”. აღნიშნავს ბატონი დელიაგინი.

ჰადსონის ინსტიტუტის მიერ მოწყობილი კონფერენციის საბჭოს წევრი, მოსკოველი პოლიტოლოგი ანდრეი პიონტკოვსკი კი ამტკიცებს, რომ მეოცე საუკუნის ორი მთავარი ზესახელმწიფო, რუსეტი და შეერთებული შტატები აუცილებლად უნდა თანამშრომლობდნენ:

“ოცდამეერთე საუკუნეში დასავლეთიცა და რუსეთიც ბევრად უფრო სუსტ მდგომარეობაში აღმოჩდნენ. ორივე ქვეყანას ისლამური რადიკალიზმი ემუქრება და რაც ალბათ ჯერ-ჯერობით ისე გამოკვეთილი არ არის, მაგრამ მომავალში კიდევ უფრო საშიშია, მომძლავრებული ჩინეთი”. ამბობს ანდრეი პიონტკოვსკი.

რუსი ჟურნალისტი ევგენი კისელიოვი იზიარებს იმ აზრს, რომ ამერიკასა და რუსეთ საერთო ინტერესები აქვთ. მისი თქმით რუსებს, რომლებსაც ურთიერთობა ჰქონიათ ამერიკელებთან ან შეერთებულ შტატებში ყოფილან, ძირითადად პოზიტიურად არიან განწყობილები ამ ქვეყნისადმი. მიუხედავად ამისა, რუსეთის მმართველი კლასის ზოგი წარმომადგენელი მაინც გაბრაზებულია ამერიკაზე. იგი აგრძელებს, რომ რუსეთის ზოგი ლიდერი არასრულფასოვნების კომპლექსითაა შეპყრობილი და ვერ ეგუება იმ ფაქტს, რომ ახლა მსოფლიოს ერთადერთ ზესახელმწიფოს შეერთებული შტატები წარმოადგენს.

ჰადსონის კონფერენციის მსვლელობისას, ევროპარლამენტის გერმანელმა წევრმა ალექსანდერ ლამბსდორფმა ისაუბრა ამერიკული პოლიტიკის მინუსებზე. მისი თქმით, ევროპის ნეგატიურმა დამოკიდებულებამ ამერიკის საგარეო პოლიტიკისადმი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს მიუნხენში ამერიკის წინააღმდეგ მძაფრი გალაშქრების საბაბი მისცა:

“ეს ევროპის ამერიკისაგან დაშორების ტრადიციული საბჭოთა პოლიტიკა თავს მხოლოდ იმიტომ წარმოაჩენს, რომ ახლა ამერიკის გავლენა ევროპაზე ძალზე სუსტია. წინათ, როდესაც ამერიკის გავლენა დიდი იყო პუტინის ასეთი სიტყვით გამოსვლა წარმოუდგენელი იქნებოდა”. ამბობს ბატონი ლამბსდორფი.

თუმცა მოსკოვის კარნეგის ცენტრის თანამშრომელი ლილია შევცოვა აღნიშნავს, რომ ევროპისა და ამერიკის ურთიერთობა მაინც ხარისხობრივად ბევრად უფრო მაღალ დონეზე ხორციელედება ვიდრე ევროპა რუსეთის ურთიერთობა. მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა იმ შემთხვევაში შეიძლება გამოსწორდეს თუ რუსეთის მმართველი ელიტა საერთაშორისო ნდობის მოპოვებას შესძლებს. ამისათვის კი ელიტამ თავი უნდა აარიდოს კერძო ადამიანების უფლებების ხარჯზე ვიწრო ინტერესების დაკმაყოფილებას. ქალბატონი შევცოვა შეერთებულ შტატებს მეტი ყურადრების მიქცევისკენ მოუწოდებს, მისი სიტყვებით “რუსეთის ისეთი დინამიკური სოციალური ძალებისათვის, როგორებიც ინტელიგენცია, ახალგაზრდობა და ბიზნესწრეები არიან”:

“ეკონომიკური ურთიერთობა რუსეთის დასავლურ საზოგადოებაში ინტეგრაციას ძლიერ შეუწყობს ხელს. შეერთებულმა შტატებმა და დასავლეთმა უკრაინაში, ბელორუსსა და საქართველოშიც უნდა შეუწყონ ხელი დემოკრატიულ პროცესებს. იმიტომ, რომ ამ ქვეყნებში დემოკრატიის გამარჯვება რუსეთისათვის კარგი მაგალითი გახდება. ასრულებს ქალბატონი შევცოვა.

XS
SM
MD
LG