ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოთხი წელი ერაყის ომის დაწყებიდან


2003 წლის 20 მარტს აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს საომარი მოქმედება ერაყში. ამ თარიღის აღნიშნვასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ბუშმა თეთრ სახლში განცხადება გააკეთა.

პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა, რომ მდგომარეობა ერაყში უკეთესობისკენ იცვლება, თუმც იქვე მოუწოდა ამერიკელებს მოთმინება გამოავლინონ, რადგანაც საბოლოო გამარჯვებისათვის ერაყში კიდევ არა ერთი თვე იქნება საჭირო.

-” ბაღდადში ჩვენი დამატებითი სამხედრო კონტინგენტის ნახევარიც არ არის ჩასული. ახალი სტრატეგია განსაზღვრულ დროს მოითხოვს განხორციელებისათვის. წინ გველის როგორც წარმატება ასევე წარუმატებლობა.” - განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა ბუშმა აღიარა ის, რომ წინ რთული გზაა. მისი თქმით:

-”ოთხი წელი გავიდა საომარი მოქმედების დაწყებიდან. მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლა რთულ ვითარებაში გვიხდება, საბოლოო ანგარიშში გამარჯვებას მაინც მოვიპოვებთ. ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში გავიმარჯვებთ, თუ გამოვავლენთ გამარჯვების მიღწევისათვის აუცილებელ მტკიცე ნებისყოფას. “

პრეზიდენტმა ამერიკელ კანონმდებლებს მოუწოდა დაამტკიცონ ის დამატებითი ხარჯები, რომლებიც აუცილებელია წელს ერაყში საომარი მოქმედებების გასაგრძელებლად.

-”განსაზღვულწილად ცდუნებას წარმოადგენს ერაყის აწმყო მდგომარეობის შეფასება იმ კუთხით, თითქოს საუკეთესო გამოსავალია ჩვენი ჯარის ერაყიდან სასწრაფოდ გაყვანა. მავანთ შეიძლება ეს მართებულ ნაბიჯად მიიჩნიონ, მაგრამ მერწმუნეთ, საბოლოო ანგარიშში ეს ჩვენი ქვეყნების ინტერესებს კატასტროფიულ დარტყმას მიაყენებს.”

ამ განცხადების გაკეთებამდე რამოდენიმე საათით ადრე პრეზიდენტმა ბუშმა დახურული კრება ჩაატარა ერაყის საკითხზე ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლებთან, ისევე როგორც სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისთან და თავდაცვის მდივან რობერტ გეითსთან. პარალელურად მას სატელეფონო საუბარი ჰქონდა ერაყის პრემიერ-მინისტრ ნური ალ მალიკისთან.

გაზეთ იუესეი თუდეის, ეიბისისა და ბიბისის მიერ ერაყში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად ყოველი ათი ერაყელიდან ექვსს მიაჩნია, რომ მდგომარეობა უარესობისაკენ შეიცვალა ერაყში. მხოლოდ სამიდან ერთს მიაჩნია, რომ მომავალ წელს მდგომარეობა გაუმჯობესდება.

გაეროს მონაცემებით ერაყში შეჭრიდან დაახლოებით ორი მილიონი ერაყელი იძულებით გადაადგილებული გახდა. მათი უმეტესობა დღეს სირიასა და იორდანიას აფარებს თავს. ბევრი ერაყელი არ ეთანხმება იმ აზრს, რომ ერაყი შიიტთა, სუნიტთა და ქურთთა რეგიონებად უნდა დაიყოს.

XS
SM
MD
LG