ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რეპორტაჟი თბილისიდან: ირაკლი ჩარკვიანის გარდაცვალებიდან ერთი წელი შესრულდა


დღეს 24 თებერვალს, ირაკლი ჩარკვიანის გარდაცვალების დღეა. ზუსტად ერთი წლის წინ ქართველი მუსიკოსი და მწერალი გარდაიცვალა. უკანასკნელი წლის განმავლობაში ბესტსელერად იქცა მისი პირველი და უკანასკნელი წიგნი “მშვიდი ცურვა”, ისევ ისე აქტიურად ისმენს ქართველი მსმენელი მის სიმღერებს. დღეს თBჩ ბანკის შენობაში მისი რიგით მე-5 ალბომის პრეზენტაცია გაიმართა, ალბომი, რომელშიც ირაკლის ჯერ კიდევ უცნობი სიმღერებია შესული. მისი სიკვდილის შემდეგ საზოგადოება ირაკლი ჩარკვიანს უკვე ერთპიროვნულ ლიდერად აცხადებს ქართული პოპკულტურის ისტორიაში.

როგორ ახასიათებს ირაკლის მუსიკას მწერალი ბასა ჯანიკაშვილი, რომელიც ერთ დროს მისი პროდიუსერიც გახლდათ. ბასა ჯანიკაშვილი - ჩემი დამოკიდებულება არის ყოვლად დადებითი, მისი სიმღერები პირველად მოვისმინე შორეულ 90-იანებში, ვიდრე ის გერმანიაში წავიდოდა და იქიდან ჩამოიტანდა მის პირველ არაჩვეულებრივ ალბუმს “სვან სონგსი”. მაშინ ყველაფერი ქართული იყო აღქმული, როგორც ძალიან ცუდი, ძალიან უხარისხო. როდესაც მეგობრებს ვასმენინებდი, უკვირდათ –როგორ შეიძლება ქართულ ენაზე ვისმენდე სიმღერებს. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც ყველაფერი ქართული აღიქმებოდა, როგორც ერთმნიშვნელოვნად ცუდი. ირაკლის ალბომი რომ ჩამოვიდა გერმანიიდან, საუკეთესო ხარისხით ჩაწერილი, მე იმ პერიოდში მე-2 არხზე მუსიკალურ გადაცემას ვამზადებდი და ირაკლის სიმღერები ჩემთვის იყო ნამდვილი აღმოჩენა. ცოტა ხანში ირაკლის მუსიკა უკვე ძალიან პოპულარული გახდა. თუმცა უნდა ვთქვა, რომ ირაკლის მუსიკა, ისეთი პოპულარული არ გახდა, როგორიც უნდა გახდარიყო. ყველა რატომღაც თვლიდა, რომ მისი მუსიკა არის ალტერნატივა, და მაშინ მოდაში იყო ალტერნატიული მუსიკა და ყველაფერს, რაც არ ჯდებოდა საბჭოთა და შემდეგ დამოუკიდებელი საქართველოს პოპსტანდარტებში, ალტერნატივას ეძახდნენ. თუმცა, თუკი ახლა გადავხედავთ მის მუსიკას ეს არის კლასიკური პოპ კულტურა, მისი ყველაზე კარგი გაგებით. ირაკლი თავად ყოველთვის ამბობდა, რომ ის არის მეინსტრიმი, ეს მუსიკა უნდა იყოს ამოსავალი წერტილი პოპ კულტურისტვის და შემდეგ უნდა დაიკრას როკი. ამიტომ, ის ამბობდა, რომ უნდა შექიმნას მუსიკა, რომელიც ადვილი გასაგები იქნებოდა და ეს არ იყო პოზა, ეს ძალიან ბუნებრივი იყო. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, ჩემი აზრით, რომ ირაკლიმ შემოიტანა ქართული ტექსტი ქართულ მუსიკაში. დღეს უკვე აღარავის უკვირს “მე შენ მიყვარხარ”, თუ “მე შენ მენატრები”, რაც იმ პერიოდში ძალიან ჭრიდა ყურს და ძალიან ბანალურად გვეჩვენებოდა. ირაკლიმ თავისი ნიჭიერებით, მახვილის სხვაგან დასმით და ფრაზის სხვაგვარად დატრიალებით მოახერხა ის, რომ ეს გახადა ძალიან ბუნებრივი და ყველას დააჯერა, რომ ქართულადაც შეიძლება იმღერო როკიც, ბლუზიც და ჯაზიც... -

ასე, რომ დღეიდან ირაკლი ჩარკვიანის მსმენელებს კიდევ ერთხელ ეძლევათ საშუალება მის ახალ ალბომს მოუსმინონ, სადაც ირაკლის ერთ-ერთი საუკეთესო სიმღერაა შესული. ჩვენ კი სწორედ ამ ახალი სიმღერის ფონზე დაგემშვიდობებით.

XS
SM
MD
LG