ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი სტრატეგია ერაყში


გუშინ გაკეთებულ მიმართვაში პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა, რომ ერაყში დაშვებული იყო შეცდომები და რომ ახლა საჭიროა ერაყში დამატებითი სამხედრო ძალების გადასროლა.

-”ახალი სტრატეგია, რომელსაც მე დღეს გთავაზობთ შეცვლის ერაყში აშშ-ის მოქმედების

გეგემას და წარმატებას მოიტანს ტერორიზმის წინააღმდეგ მიმდინარე ომში”- განაცხადა პრეზიდენტმა.

-”დღეს ერაყში არსებული სიტუაცია მიუღებელია ამერიკელი ხალხისა და ჩემთვის. ჩვენი ჯარისკაცები მედგრად იბრძვიან ერაყში და ზედმიწევნით ასრულებენ დასახულ ამოცანებს. დაშვებული შეცდომებისათვის პასუხიმგებლობას პირადად მე ვიღებ ჩემს თავზე “- დასძინა პრეზიდენტმა ბუშმა.

მისივე თქმით ერაყს ეკონომიკური დახმარების სახით მილიარდ დოლარს გამოუყოფენ, ხოლო ერაყში გადაისვრიან ოცდაერთი ათას ხუთას სამხედრო მოსამსახურეს. დღეს-დღეობით ერაყში მთლიანობაში ას ოცდაათი ათასი სამხედროა დისლოცირებული. ახალი კონტინგენტის უმეტესობა განლაგებული იქნება ბაღდადში. დანარჩენებს ანბარის პროვინციაში გადაისვრიან.

როგორც პრეზიდენტმა განაცხადა ერაყის პრემიერ-მინისტრმა ნური ალ მალიკიმ მას პირადად მისცა იმის პირობა, რომ ერაყი თავისი ძალებით შეეცდება შეაჩეროს პოლიტიკური და რელიგიოური ძალმომრეობა.

-”მე ხაზგასმით ვუთხარი ერაყის პრემიერ-მინისტრსა და ერაყის სხვა ლიდერებს, რომ ამ საქმეში ამერიკის ცალმხრივი მონაწილეობა მიუღებელია. თუ ერაყის მთავრობა არ შეასრულებს აღებულ ვალდებულებებს იგი დაკარგავს როგორც ამერიკელი, ასევე ერაყელი ხლხის მხარდაჭერას.”

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტი ბუში ამ მიმართვას აკეთებს მაშინ, როდესაც საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების თანახმად ამერიკელები სულ უფრო ნაკლებად უჭერენ მხარს ერაყში მიმდინარე ომს. გალოპის ორგანიზაციის მიერ ჩატარებული გამოკვლევის თანახმად გამოკითხულთა სამოცხათორმეტი პროცენტი უკმაყოფილოა იმით რაც ხდება ერაყში.

პრეზიდენტ ბუშის მიმართვაზე მკვეთრი რეაქცია გააკეთეს დემოკრატებმა. დემოკრატთა ოფიციალურ რეაქციაში სენატორმა რიჩარდ დურბინმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი უგულვებელყოფს სამხედრო ხელმძღვანელობის რჩევებს და ამერიკელი ხალხის ნებას.

-”ამ ომის ესკალაცია არ წარმოადგენს იმ ცვლილებას, რომელსაც ამერიკელი ხალხი ითხოვს. ერაყში ახალი მიმართულების ნაცვლად პრეზიდენტი. ამერიკელებს თავაზობს არასწორი მიმართულებით წარმართულ სტრატეგიას”- აღნიშნა სენატორმა დურბინმა.

აი რა განაცხადა დემოკრატმა კონგრესმენმა ჯიმ მაკგოვერნმა:

-”ეს ჯორჯ ბუშის ომია და მანვე უნდა დაასრულოს იგი და თუ იგი ყურს არ უგდებს მისივე გენერლებს, ბეიკერის ჯგუფის რჩევებს და ამერიკელ ხალხს, მაშინ კონგრესმა უნდა გადადგას შესაბამისი ნაბიჯები და უარი უნდა უთხრას იმ მხარდაჭერაზე, რომელიც მისთვის აუცილებელია ამ კატასტროფული პოლიტიკის გაგრძელებისათვის.”

XS
SM
MD
LG