ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნარკომანია საქართველოს გადაშენებით ემუქრება


საქრთველოში ნარკომანიამ ამ ბოლო დროს კატასტროფული მასშტაბები მიიღო. წამალი, რომელიც აკრძალული ხილი იყო, საყოველთაოდ ხელმისაწვდომი გახდა. გაქრა შიშის სინდრომი და ქართველთა მატრაკვეცული ბუნებიდან, მათი წამხედურობიდან გამომდინარე ვისაც არ ეზარება ყველა ნარკოტიკებით გამოთაყვანებული დაეთრევა აქეთ-იქით. ამ უბედურებამ იმდენად ღრმად მოიკიდა ფეხი ქართულ საზოგადოებაში რომ ახლა წამლის გაყიდვაც კი აღარ ითვლება სირცხვილად, რომელიც ე.წ. ქურდული სამყაროს დაუწერელი კანონითაც კი თავის დროზე დიდად სათაკილო საქმედ იყო მიჩნეული.

გლობალიზაციის სიომ როგორც ჩანს ამ სამყაროსაც შეურყია საფუძვლები, მოიხსნა ყოველგვარი ტაბუ, გაღორებული და განარკომანებული ქურდების ადგილი თანამედროვე დამნაშავეებმა დაიკავეს, რომლებიც ფულის გულისთვის წამალს კი არა საკუთარ დედასაც ადვილად გაყიდიან. და წამლავენ ქართველები ერთმანეთს. ვინ იცის, ან ვის აინტერესებს ყოველდღიურად რამდენი ახალგაზრდა იღუპება ნარკოტიკის გადაჭარბებული დოზის მიღების შედეგად. სამწუხაროდ ამ ბოლო დროს ეს სენი გოგოებშიც გავრცელდა და რაც ყველაზე უფრო საგანგაშოა, იოლად გამდიდრების სურვილმა და ელემენტარულმა უნამუსობამ არაერთ ცნობილ ადამიანს დაუბნელა გონება, გასაკუთრებით ე.წ. შოუბიზნესის სფეროში, რომლებმაც თავიანთი ნიჭით მიღებულ შემოსავალს ნარკოტიკების გაყიდვით ნაშოვნი ჭუჭყიანი ფული არჩიეს. შედეგიც სახეზეა-ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით საქრთველო პირველ ადგილზეა მსიოფლიოში ერთ სულ მოსახლეზე ნარკოტიკების მოხმარების რაოდენობით. ამ მონაცემებით 4 მილიონიან საქართველოში დღეისათვის 270 000 ნარკომანია. შედარებისთვის ავღანეთში, რომელიც მთელი მსოფლიოს ჰეროინის 95%-ს აწარმოებს მხოლოდ 170 000 ნარკომანია აღრიცხული. ამას დაუმატეთ რუსეთში, ევროპაში და ამერიკაში გახიზნული ათასობით ქართველი ნარკომანი, რომლებიც ამსტერდამის, პარიზის და ნიუ იორკის ქუჩებში წამალში ალპობენ თავიანთ ახლგაზრდა სიცოცხლეს. ყველაფერ ამას კი თითქმის ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ეგუება ქართული საზოგადოება. ქართველი ერი, მისი ახალგაზრდობა დიდი ხანია გადაშენების წინაშე დგას. ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო, რომელსაც ვერაფერი დააკლო უთვალავი მტრის შემოსევამ თვითგანადგურების ჟინით ატანილი ნარკომანიის ჯოჯოხეთისკენ მიექნება.

ამერიკაში ასე არ არის. მართალია ნარკომანია აქაც, ისევე როგორც დასავლური ცივილიზაციის ნებისმიერ ქვეყანაში თანამდროვეობის ერთ-ერთ ყველაზე უფრო მტკივნეულ პრობლემად რჩება, მაგრამ მას შეძლებისდაგვარად ებრძვიან. ყოველ შემთხვევაში საზოგადოებაში კარგ ტონად ნამდვილად აღარ ითვლება ნარკოტიკის მოხმარება. 70-იანი წლების მიწურულის ნარკოტიკული ბუმი დავიწყებას მიეცა. ამერიკულმა საზოგადოებამ დროზე შეძლო გამოფხიზლება და ახლა მთელი ძალებით იბრძვის ამ სენის წინააღმდეგ. 2001 წლის შემდეგ 23%-ით შემცირდა შეერთებულ შტატებში ნარკოტიკების მოხმარების შემთხვევები მოზარდებში. მიუხედავად ამისა შეერთებული შტატების ნარკოლოგიის ეროვნული ინსტიტუტი შეშფოთებას გამოხატავს იმ გარემოებით რომ სულ უფრო მეტი ახალგაზრდა იყენებს ტრანკვილიზატორებს და ექიმის რეცეპტით გამოწერილ წამლებს, მათ შორის ხველების საწინააღმდეგო სიროპს, როგორც ნარკოტიკულ საშუალებას. ამერიკელი ნარკოლოგის დან ფრანზის განცხადებით:” მოზარდები იმ რაოდენობით მოიხმარენ ამ პრეპარატს რომ კოკაინის და უფრო ძლიერი ნარკოტიკების ეფექტის მიღწევა შეუძლიათ.”

ეს კი ძალზე სახიფათოა მოზარდის ჯანმრთელობისათვის და ზოგჯერ შესაძლოა სიკვდილიც კი გამოიწვიოს. მოზარდებში ნარკომანიის გავრცელების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში აქტიურად არიან ჩართული ამერიკელი მშობლებიც, რადგან თუ მთელმა საზოგადოებამ არ გამოიჩინა დაინტერესება ამ პრობლემის მიმართ, მარტო სამართალდამცავების ძალისხმევით მისი გადაჭრა შეუძლებელია, თუ იმასაც გავითვალისწინებთ რომ ისინიც ხშირად სცოდავენ, როცა საქმე ფულს და ნარკოტიკებს ეხება.

XS
SM
MD
LG